ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქვეყნის პოლიტიკაში არსებულ სიტუაციას დაეტყობა თუ არა?

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქვეყნის პოლიტიკაში არსებულ სიტუაციას დაეტყობა თუ არა?

"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. მისი დაბრუნების შემდეგ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოდან პოლიტიკური ლიდერების დიდ ნაწილს წასვლა მოუწევს. ვინ შევა საბჭოში და ვინ დარჩება მის მიღმა, ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ცნობილია, რომ "ოცნება" 16-კაციანი საბჭოს შემადგენლობას ამცირებს. არაოფიციალური ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის დანიშვნის შემდეგ პარტიული თანამდებობა, შესაძლოა, დატოვოს ირაკლი კობახიძემ. ასევე, შემცირებულ შემადგენლობაში ალბათ ვეღარ მოხვდებიან აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი და მერაბიშვილ-უგულავაზე სკანდალური განცხადების ავტორი დავით კოღუაშვილი, თემურ ჭკუასელი და ე.წ. ახლების გუნდის წევრი დეპუტატები - მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, სოფო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე. საბჭოს დატოვებს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც", - გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს კითხვით - ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქვეყნის პოლიტიკაში არსებულ სიტუაციას დაეტყობა თუ არა? 

"ჩემთვის დაუჯერებელი და საწყენი იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა. მაშინ მე ვერაფრით ვერ ავხსენი მისი დემარში. რამდენადაც მაშინ მეწყინა მისი წასვლა იმიტომ, რომ მისი ერთგული მხარდამჭერი ვიყავი და ახლაც ვარ, იმდენად სასიხარულოა ჩემთვის ივანიშვილის დაბრუნება. ერთადერთი რამის მეშინია, გვიან ხომ არ დაბრუნდა ბატონი ბიძინა? ქართულ პოლიტიკაში წყალი ისე აიმღვრა, ისეთი უცოდინარობა გამოიჩინეს მის კვალზე მოსულმა ყმაწვილებმა, ივანიშვილს ახლა დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ საქმე საწარმართოდ წაიყვანოს. მაგრამ მისი მჯერა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მწერალი რეზო მიშველაძე.

"რა თქმა უნდა, დაეტყობა. ბოლომდე იმას ვერ ვიტყვი, რომ გადავკეთდებით, მაგრამ რაღაც ნაბიჯები გადაიდგმება, სიტუაცია გამოსწორებისკენ წავა. ეს გამოსწორება როდის დამთავრდება, არ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ ასე მოხდება. ძალიან დიდ მოლოდინში ვარ", თვლის მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე.

"რა თქმა უნდა, დაეტყობა. სახელმწიფოს მმართველობა იმ დონეზე არ არის, რაშიც მე პირადად ვმონაწილეობდი 2012 წლის არჩევნების წინ. მაშინ "ქართული ოცნების" მოსვლას მხარს ვუჭერდი და რასაც ხალხს ვპირდებოდით, ის უნდა გაკეთდეს. მიზანი ეს უნდა იყოს. ზოგიერთ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს, რა დაპირებებს ვაძლევდით ხალხს", - ამბობს ფიზიოლოგი თემურ ნანეიშვილი. 

"შეცვლის ამ თავზეხელაღებულ ადამიანებს მინისტრთა კაბინეტში? შეცვლის პროკურატურაში არსებულ სიტუაციას? მანანა ბერიკაშვილის ფენომენთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს სიტუაციას შეცვლის? ჩვენ სააკაშვილთან პრეტენზია იმ აღვირახსნილ სიტუაციაზე გვქონდა, რაც ძალოვან სტრუქტურებში იყო. მაშინ გარდამტეხი გახდა სანდრო გირგვლიანის ამბავი, საიდანაც ყოფილი ხელისუფლების რღვევა დაიწყო. ვფიქრობ, ამას "ნაციონალური მოძრაობის" ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები აღიარებენ. 2012 წლის მერე პროკურორის მოადგილედ მივიღეთ ლაშა ნაცვლიშვილი, რომელსაც "პირველ არხზე" იწვევენ, როგორც "კომპეტენტურს"... იმ შემთხვევაში, თუ ამ სიტუაციას გამოცვლის და რაიმე სიახლეს შემოიტანს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება. თუ არადა, უკვე პასუხისმგებლობა, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, მას დაეკისრება. ადრე თუ ვინმე ამბობდა, არაფორმალური მმართველიაო, ახლა ხელაღებით დაადებენ ხელს. ოპოზიციისთვის ეს ძალიან კარგია იმ თვალსაზრისით, რომ მისკენ უფრო იოლად გაიშვერენ ხელს. ალბათ მას ეს პასუხისმგებლობა გათვალისწინებული ექნება", - დასძენს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.