"მთავარი, რამაც ბიძინა ივანიშვილს ეს ნაბიჯი გადაადგმევინა, მმართველობითი სისტემის კრიზისია. ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგი დარღვეულია, ძალისა და ინსტიტუციური ცენტრები აცდენილია ერთმანეთს. დღემდე ყველაფერი ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე იდგა. "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტა, ფაქტობრივად, ქმედუუნაროა - იმის შიშით, რომ რამე არ გაეფუჭებინათ, არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდნენ. ამ პოლიტიკურ გუნდს იდეოლოგია ან მსოფლმხედველობა კი არ აერთიანებს, არამედ ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი. ამ ყველაფერმა უკვე ისეთ სახიფათო ზღვარს მიაღწია, რომ შეიძლებოდა მალე პროცესი შეუქცევადი გამხდარიყო. ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ივანიშვილი ვიღაცას სკოლიდან "გარიცხავს", ვიღაცას კუთხეში დააყენებს" / "გველოდა არა მხოლოდ მმართველობითი სისტემის გარდაუვალი კრიზისი, არამედ ჩნდებოდა სახელმწიფოებრივი არასტაბილურობის საფრთხეც" / "საბოლოოდ ყველაფერი მაინც ყოფილ პრემიერს ჰბრალდებოდა, რითაც მშვენივრად ისარგებლა "ქართული ოცნების" ზოგიერთმა წარმომადგენელმა - გააჩაღეს სახლობანა და საკუთარი ბოსტნების შემოღობვა..."
"დარწმუნებული ვარ დაბრუნება ძალიან მძიმე გადასაწყვეტი იყო - არანაკლებ მძიმე, ვიდრე 2011 წელს, როცა ის პოლიტიკაში გამოჩნდა. მე ადრეც მიმაჩნდა და დღესაც ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილის მონაწილეობა მისთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგი იქნება. დიახ, ის დაალაგებს შიდაპარტიულ ქაოსს, მაგრამ აქ ვერ გაჩერდება - დაბრუნებით მან კიდევ ერთხელ აიღო პასუხისმგებლობა იმ გამოწვევების გადასალახავად, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა და სერიოზული რეფორმის ჩასატარებლად მას სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია. პირდაპირ ვთქვათ - ამ მიმართულებით ბევრი კითხვაა. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მას საზოგადოება ისე აღარ ენდობა, მაგრამ ამის გარკვევის ერთადერთი გზა არჩევნებია. თუ ის საარჩევნო გზით ლეგიტიმაციას მიიღებდა, ეს უფრო გააძლიერებდა და რეფორმების გატარების მეტ ბერკეტსაც მისცემდა, მაგრამ ვფიქრობ, არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა ალბათ შეარჩევს კანდიდატურას, რომელსაც გამარჯვება სწორედ ივანიშვილის ფაქტორით ექნება გარანტირებული - მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მისი პარტიის თავმჯდომარეობაც იკმარებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ასაღებად და არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკიც დასრულდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
"გეთანხმებით, რომ მას ჩრდილიდან ბევრი საკითხის გადაწყვეტაში უწევდა მონაწილეობა -ის აღმოჩნდა სიტუაციის მძევალი, რადგან ეს პოლიტიკური ელიტა ვერ გაიზარდა, ვერ განვითარდა, ვერ ისწავლა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება. ივანიშვილი გამუდმებით ცდილობდა ძალაუფლების დათმობას, მაგრამ პოლიტიკური ელიტა ამ ძალაუფლებას ისევ და ისევ უკან უგდებდა. ეს ჩრდილოვანი მართვა აზიანებდა ქვეყანასაც... საბოლოოდ ყველაფერი მაინც ყოფილ პრემიერს ჰბრალდებოდა, რითაც მშვენივრად ისარგებლა "ქართული ოცნების" ზოგიერთმა წარმომადგენელმა - გააჩაღეს სახლობანა და საკუთარი ბოსტნების შემოღობვა...", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ ე.წ. ახლების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებული იყო კობახიძე-კალაძესთან, უპირისპირდებოდა ე.წ. ძველების ჯგუფს, რომლის უკანაც პრემიერი კვირიკაშვილი მოიაზრებოდა..." - პასუხობს:
"ვიღაც შეიძლება ცდილობდა, ეს ვითარება წარმოეჩინა, როგორც "ბნელებისა" და "პროგრესულების" დაპირისპირება, თუმცა ასე არ არის - ეს ახალგაზრდებიც, ჩემი აზრით, პროგრესისგან კარგა შორს არიან... ეს ე.წ. ახლები განსაკუთრებით აგრესიული ავტორიტარული განწყობით გამოირჩეოდნენ და ეს პარლამენტის მართვასაც ეტყობოდა. უმრავლესობის ნაწილის პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მათ არაფერს ეკითხებოდნენ და ერთპიროვნულად ცდილობდნენ გადაწყვეტილებების მიღებას. ვერც იმას ვიტყვი, რომ ის ნაწილი, ვინც ბოლო ხანს პროტესტს გამოთქვამდა, მაინცდამაინც კვირიკაშვილთან ასოცირდებოდა. კვირიკაშვილი ხომ ლიდერი არ არის - ის პოლიტიკური ხალიჩის ქვეშ პოლიტიკურ თამაშებში ცდილობდა ეს დაპირისპირება საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოეყენებინა და ე.წ. ძველების ჯგუფს მიტმასნოდა. იგრძნობოდა, რომ მას შეიძლებოდა სამომავლოდ პრობლემები ჰქონოდა, ამიტომ შეეცადა, დეპუტატების ნაწილი საკუთარ მხარდამჭერად გაეფორმებინა. ჩვენ ვხედავდით ორივე დაპირისპირებული მხარის დაბალი დონის პოლიტიკურ თამაშებს, რაც საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილის მოსვლით, ტრაგიკომედიად გამოჩნდა".
"უკვე ვთქვი, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტა ვერა და ვერ ჩამოყალიბდა. ვერ გაიზარდნენ, ვერაფერი ისწავლეს და როგორც კი მასწავლებელი ცოტა ხანს კლასიდან გავიდა, სკოლა დაიმხვეს თავზე. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა ის იყო, რომ ეგონა, შეკრიბა ვუნდერკინდები, რომლებიც სწრაფად ისწავლიდნენ ყველაფერს და დაიწყებდნენ მუშაობას, მაგრამ სინამდვილეში ხელში ძნელად აღსაზრდელთა ჯგუფი შერჩა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობაა... ახლა ივანიშვილი ვიღაცას სკოლიდან "გარიცხავს", ვიღაცას კუთხეში დააყენებს, ზოგიერთს მკაცრად დასჯის, თუმცა შეიძლება ვიღაც შეაქოს კიდეც... ის დაალაგებს ვითარებას და კიდევ ერთხელ ეცდება, ამ ახალგაზრდებს სკოლა როგორმე დაამთავრებინოს", - ამბობს ექსპერტი.
"საჭიროა რეფორმატორთა გუნდი, რომელშიც ადამიანები ერთი მსოფლმხედველობის, ერთიანი გეგმისა და სტრატეგიის ირგვლივ იქნებიან გაერთიანებული... ვფიქრობ, ამისთვის რესურსი მცირეა, თუმცა ბოლო პერიოდში რეფორმატორული პოტენციალი გამოჩნდა. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ბოსტნის შემოღობვას არ ცდილობდნენ და ამ იწილო-ბიწილოში არ იყვნენ გარეული. ვფიქრობ, ივანიშვილს დასჭირდება შევსება გარედანაც. ბიძინა ივანიშვილს და ყველას კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ბევრი დრო არ აქვთ. საჭიროა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედება. საზოგადოების იმედგაცრუება დიდია, თანაც ივანიშვილს შეცდომის უფლება აღარ აქვს - პირველივე შეცდომის ფასი შეიძლება ძალიან მაღალი აღმოჩნდეს მისთვისაც და "ქართული ოცნებისთვისაც". ვფიქრობ, მთავრობაშიც არის რამდენიმე მინისტრი, რომლებიც ივანიშვილის საყრდენად შეიძლება მივიჩნიოთ... თუ ივანიშვილი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სწორად გადაალაგებს და იქ თავს მოიყრიან ქვეყნის მართვისთვის საჭირო ადამიანები, მმართველობის პრობლემაც გადაიჭრება... თუ ე.წ. ახლებს პარტიაში საკუთარი გავლენის დომინირების ილუზიები ჰქონდათ, ჩემი აზრით, ეს უნდა დაივიწყონ. მათ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი, რის შანსსაც, ვფიქრობ, ივანიშვილი მისცემს... ", - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
"გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციაც ძალიან უიმედოდ გამოიყურება. ეს დაკნინების პროცესი მთელ პოლიტიკურ ელიტას შეეხება, როგორც მმართველს, ისე ოპოზიციურს. "ქართული ოცნების" გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ თავიანთი ფავორიტების გამოკვეთას და მათ ლობირებას. ივანიშვილის პოლიტიკაში ხელახლა მოსვლა არის კოშმარი მთელი პოლიტიკური ელიტისთვის, ვგულისხმობ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც... ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს უხარიათ, მაგრამ სინამდვილეში მათთვის ეს კოშმარია, რადგან მათ პოლიტიკურ გეგმებს, ბოსტნებისა და გავლენების გაფართოების სურვილს ბოლო მოეღო... ოპოზიციაც ამ დღეშია - იმედი ჰქონდათ, რომ "ქართული ოცნების" დასუსტების ხარჯზე რაღაცას მოახერხებდნენ, მაგრამ მათი იმედიც დასამარდა. სამწუხაროდ, ვითარება ისეთია, რომ ისევ ორი პოლიტიკური ცენტრი შეგვრჩება ხელთ, არადა, საზოგადოებაში აშკარად ჩანს ახალი, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების სურვილი, ოპოზიცია კი ამ დაკვეთას ვერ ასრულებს. ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილს ჰქონდა ამის პოტენციალიც და შანსიც, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა", - დასძენს ხუხაშვილი.