"ქართული ოცნებაში" საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერჯერობით შერჩეული არ არის და ახლა დიდი შიდა ბრძოლა მიმდინარეობს იმაზე, "ახლები" შეძლებენ საკუთარი ფავორიტი კანდიდატის გაყვანს, თუ "ძველები" და ამით გაირკვევა ისიც, ვის უფრო მეტი გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილის კარზე, რადგან კანდიდატურაზე საბოლოო ვერდიქტი სწორედ ექსპრემიერმა უნდა გამოიტანოს. მოლოდინია, რომ სავარაუდო კანდიდატების განხილვა-შეფასება დაიწყება უმრავლესობის სხდომაზე, რომლის ჩატარებას დიდი ხანია მოუთმენლად ელიან "ოცნების" დეპუტატები. ამ შეკრებაზე კანდიდატების საკითხის გარდა გუნდის შიგნით არსებული დიდი დაპირისპირებაც უნდა განიხილონ, თანაც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. ახალ და ძველ სახეებს შორის ბოლოდროინდელი ურთიერთ-ლანძღვა-გინების მიზეზი სწორედ საპრეზიდენტო კანდიდატზე დაწყებული დაპირისპირებაა. ბოლო დღეებია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატების ორი სავარაუდო გვარი განიხილება - უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ახალი" თუ "ძველი" "მეოცნებეები" პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატის გაყვანაზე იბრძვიან / ამით გაირკვევა ისიც, ვის უფრო მეტი გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილის კარზე.
"პოლიტიკურ კულუარებში საუბარია, რომ ბახტაძე უშუალოდ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტია და დიდია ალბათობაა, დაპირისპირებულ მხარეებს სწორედ მისი ფავორიტი შესთავაზოს და ამით არც ერთი ჯგუფუს გაძლიერება არ დაუშვას. ასევე ითქვა, რომ ივანიშვილმა კანდიდატობა შესთავაზა პოეტ დავით მაღრაძესაც, მაგრამ მისგან უარი მიიღო. რაც შეეხება თალაკვაძეს, ის ე.წ. ახალი სახეების ჯგუფის და თბილისის მერის, კახა კალაძის ფავორიტია. მის წინააღმდეგ გამოდიან "ოცნების" ძველი სახეები. საუბარია იმაზე, რომ სწორედ მისი კანდიდატურა გახდა "ოცნების" მწვავე შიდა დაპირისპირების მთავარი მიზეზიც. "ძველებს" კანდიდატად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სურთ, თუმცა მათ პრობლემა აქვთ, რადგან კვირიკაშვილი თავად უარზეა და ახლა ძველი სახეები, ერთის მხრივ, კვირიკაშვილის როგორმე დაყოლიებისთვის იბრძვიან, მეორეს მხრივ კი სხვა სავარაუდო შემცვლელს ეძებენ, რომ "ახლების" ფავორიტის დასახელება არ მოხდეს და ამით მათი გავლენა არ გაიზარდოს. ამ შიდა დაპირისპირებამდე მედიაში ითქვა, რომ "ოცნებაში" განიხილებოდა ქალი კანდიდატების შერჩევაც, როგორც მომგებიანი პოლიტიკური აქტი. კერძოდ საუბარი იყო ორ პიროვნებაზე - თეა წულუკიანსა და სალომე ზურაბიშვილზე. თუმცა ზურაბიშვილის დასახელება "ოცნებაში" ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ის პარტიის წევრი არ არის, ხოლო წულუკიანი, მისი სიხისტის გამო, ბევრმა მიიჩნია, რომ ის პრეზიდენტის, როგორც დამაბალანსებელი პოლიტიკური ფიგურის იმიჯს ვერ შეითავსებდა. თანაც, არც ერთი ეს ფიგურა არც ერთი ჯგუფის ფავორიტად არ მიიჩნეოდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"პრეზიდენტობის კანდიდატების პარალელურად "ქართულ ოცნებაში" პრემიერ-მინისტრის შემცვლელზეც არის საუბარი. ითქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად ინფრასტრუქტურის მინისტრად ახლად დანიშნული მაია ცქიტიშვილიც განიხილება. მომავალ პრემიერად ასევე მოიაზრებენ შს მინისტრ გიორგი გახარიას და ფინანსთა მინისტრს მამუკა ბახტაძეს, თუ, რა თქმა უნდა, ბახტაძე პრეზიდენტის კანდიდატად არ დასახელდება. სამივე ეს ფიგურა ექსპრემიერ ივანიშვილის უშუალო კადრად მიიჩნევა. მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის გამო დაწყებულ დიდ დაპირისპირებაზე საჯაროდ საუბრობს კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ანი მიროტაძე. ის ამბობს, რომ ინფორმაცია "ოცნების" ამჟამინდელი წევრებისგან აქვს და "ახლებისა" და "ძველი" სახეების ჯგუფები საკუთარი ფავორიტების ლობირებისთვის იბრძვიან. პარალელურად კი, ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი თავადაც აქვს დაწყებული", განაგრძობს გამოცემა.
"კონკრეტულად რომელი გვარი იქნება, ამაზე არ არის საქმე, არამედ საუბარია იმაზე, რომელი გუნდის წარმომადგენელი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, ე.წ. ახლების თუ ე.წ. ძველების. დაპირისპირების ძირითადი საფუძველი არის ეს", - ამბობს მიროტაძე. მისივე თქმით, საბოლოოდ კანდიდატად ვინმეს დასახელებას როცა გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი, უმთავრესი გარანტია უნდა იყოს ის, რომ მას "არ მოუშალოს ნერვები", განსხვავებით გიორგი მარგველაშვილისგან. თავად "ქართულ ოცნებაში" არ ადასტურებენ დასახელებული კანდიდატების განხილვას და არც იმას, რომ კანდიდატების გამო არსებობს შიდა დაპირისპირება. არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ მისი კანდიდატურაზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა და ინფორმაცია ტყუილია. გიორგი კვირიკაშვილმა ერთი თვის წინ თქვა, რომ ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას არ აპირებს. დავით მაღრაძემაც უარყო, რომ შეთავაზება ჰქონდა. მამუკა ბახტაძეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დიდი ალბათობით არც ის დაადასტურებს ამ საკითხზე კონსულტაციებს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად ამბობს, რომ "ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატს აგვისტომდე არ დაასახელებს და ამიტომ სიჩქარე არ სჭირდებათ", - წერს სტატიის ავტორი.
"კანდიდატი ჯერჯერობით შერჩეული არ არის, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. რაც შეეხება დასახელებას, მე ვვარაუდობ, რომ ზაფხულის ბოლოსკენ დასახელდება ჩვენი კანდიდატი და მანამდე ბუნებრივია, ჩვენ არ გვმართებს სიჩქარე", - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ვინც არ უნდა დაასახელოს "ოცნებამ" კანდიდატად, ის აუცილებლად გაიმარჯვებს. "რაც შეეხება შანსებს, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში", - დასძენს პარლამენტის სპიკერი. გარდა ამისა, კობახიძემ ილაპარაკა უმრავლესობის სხდომის გამართვაზეც. თქვა, რომ შეხვედრის თარიღი შესაძლოა ხვალ, ხუთშაბათს გახდეს ცნობილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაგეგმილია კონსულტაციები, რის შემდეგაც უმრავლესობის შეხვედრა ჩაინიშნება და ამ სხდომაზე განიხილება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის როგორც შიდა დაპირისპირების თემა, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხიც", - დასძენს სტატიის ავტორი.