"სომხეთის "ხავერდოვანი რევოლუციის" პირველი ეტაპი გამარჯვებით დასრულდა, სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრი აღარ არის და ახლა დიდი ინტერესია, რა იცვლება სომხეთში ამ რევოლუციით, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს მოვლენები ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილების საფუძველიც გახდეს, მით უფრო, რომ ამ საპროტესტო აქციების მთავარი ლიდერი ნიკოლ პაშინიანი სომხეთზე რუსეთის გაზრდილ გავლენებს ხშირად აპროტესტებდა. მაგალითად, პაშინიანის ოპოზიციურ ფრაქციას ეკუთვნის გასული წლის სექტემბერში პარლამენტში შეტანილი ინიციატივა, რომელიც ევრაზიული კავშირიდან სომხეთის გამოსვლას უკავშირდება. გარდა ამისა, პაშინიანი სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევდა 2013 წელს სომხეთსა და რუსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმებასაც, რითაც რუსეთს სომხეთის სამხედრო სფეროზე კონტროლი მიენიჭა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ნაკლებად სავარუდოა რევოლუციამ სომხეთის საგარეო ვექტორი შეცვალოს.
"ანალიტიკოსების აზრით, მარტო პრემიერ-მინისტრის გადაყენება არაფერს ცვლის, რადგან ხელისუფლებაში ისევ "რესპუბლიკური პარტიაა", ამიტომაც ოპოზიციის მოთხოვნა დროებითი მთავრობის შექმნასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ლოგიკურია, თუმცა რამდენად გაითვალისწინებს ამ მოთხოვნას ხელისუფლება, ასევე პროგნოზი რთულია. ასევე რთულია იმის თქმაც, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიცია. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, რაც არ უნდა მოხდეს, საგარეო ვექტორის გადახედვა სომხეთში თითქმის გამორიცხულია, რადგან რუსეთის გავლენა ძალიან დიდია და სანამ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი იარსებებს, სომხეთი რუსეთზე უარს ვერ იტყვის. საგულისხმოა, რომ დღეს სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრია. გიუმრიში არის დიდი რუსული სამხედრო ბაზა, სომხეთსა და რუსეთს ხელი მოწერილი აქვთ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე, მთელ სომხურ ეკონომიკას განაგებს რუსეთი", - განაგრძობს გამოცემა.
"ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა რუსეთმა ასე ადვილად დათმოს სომხეთში საკუთარ ინტერესები. ამდენად, სომხეთს გაუჭირდება, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან, ასევე ევრაზიული კავშირიდან გასვლა. მისი თქმით, რუსეთს სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით ჰყავს "დაჭერილი" - "ყარაბაღის კონფლიქტი რაიმე ფორმით რომ დარეგულირებული იყოს და მხარეები შეთანხმებულები იყვნენ, ნებისმიერი ასეთი რევოლუცია დააყენებს საფრთხის ქვეშ რუსეთ-სომხეთის სტრატეგიულ კავშირს და ნებისმიერ მომენტში გახდება შესაძლებელი კურსის შეცვლა. ამიტომაც, ამ კონფლიქტის მიმართულებით არაფერი შეიცვლება და რუსეთიც ყოველთვის შეეცდება ეს ფაქტორი გამოიყენოს იმისათვის, რომ სომხეთი თავისი გავლენის სფეროში ჰყავდეს", - ამბობს სალუქვაძე. მისი აზრით, სომხური რევოლუციის შემდეგ არა საგარეო კურსის, არამედ სოციალური და ეკონიმიკური კუთხით შეიძლება დაიწყოს ცვლილებები", - დასძენს გამოცემა.
"ბოლო წლების განმავლობაში სომხეთში ყველა სწორედ ამ მიმართულებებზე საუბრობს, რომ მოსახლეობა სოციალური მდგომარეობითაა უკმაყოფილო და ახალი ხელისუფლების აქტივობებიც უფრო ამ მიმართულებით იქნება. საგარეო კურსის ცვლილება კი, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, გაუჭირდებათ", - მიიჩნევს სალუქვაძე. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ სომხურ რევოლუციაში საგარეო პოლიტიკურ ფაქტორს არანაირი გავლენა არ ჰქონდა, მთავარი პრობლემა იყო სერჟ სარგსიანის გადაყენება, რადგან მოსახლეობას მისი მმართველობა "ყელში ჰქონდა ამოსული" და თან, სარგსიანმა ხალხი მოატყუა, რომელმაც არჩევნების წინ პირობა დადო თანამდებობაზე არ მოვიდოდა და ეს პირობა არ შეასრულა, რამაც გამოიწვია ხალხის მის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლა. მისი თქმით, სომხეთში საგარეო კუთხით არაფერი იცვლება და მოსკოვში კარგად იციან, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო სომხეთზე გავლენებს არ დაკარგავს. აქციის განმავლობაშიც არსად თქმულა საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ და ეს მიანიშნებს, რომ ცვლილება არ კუთხით მოსალოდნელი არ არის. უფრო მეტიც, - თვლის, რომ რუსეთი ამ პროცესებს ან თავად მართავდა, ან იცოდა რომ ეს მოხდებოდა. მაისაიას აზრით, კრემლი სარგსიანის მმართველობით კმაყოფილი არ იყო", - წერს სტატიის ავტორი.
"სარგსიანმა მოაწერა ხელი ევროკავშირთან გაფართოებულ ურთიერთობაზე ხელშეკრულებას ხელი, რომელიც ისეთი არ არის, როგორც საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებითაა გაფორმებული, მაგრამ ვნახეთ, რომ ამ ხელშეკრულებას რუსეთი მაინცდამაინც სიხარულით არ შეხვდა. ამდენად მოსკოვი სარგსიანით მთლად კმაყოფილი არ იყო. ასევე ვიცით, რომ რუსეთმა გიუმრიში სამხედრო პოლიცია გადმოისროლა და ესეც საინტერესო მომენტია. როგორც ჩანს, კრემლი ამ პროცესების განვითარებას ან თვითონ მართავდა, ან იცოდა, რომ ეს განვითარდებოდა. საინტერესოა ისიც, რომ კრემლში ამ რევოლუციას მშვიდად შეხვდნენ და დღეს პოზიციები ისევ მყარად აქვთ. კარენ კარაპეტიანი, ვინც პრემიერ-მინისტრობის მოვალეობას ასრულებს, საერთოდაც "გაზპრომის" მენეჯერია და შესაძლოა ის დარჩეს პრემიერად. თუ პაშინიანმა ვერ მოახერხა, რომ ვადამდელი არჩევნები ერთ თვეში ჩატარდეს, მაშინ მისი ეს ამბოხებული ლიდერის ფონიც დაიკარგება და მხოლოდ დეკორატიულ ცვლილებებს მივიღებთ. ჰიპოთეტურად ვამბობ, რომ შესაძლოა ეს პროცესები კრემლიდან მართულიც კი იყო", - დაასკვნის მაისაია.