"11-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. "შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი, თუმცა მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობასა და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - წერს სარგსიანი განცხადებაში.
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე დაამტკიცა. საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სარგსიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. სარგსიანს ასევე მიულოცეს რუსეთის პერზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა. დასავლური ქვეყნების ლიდერების უმრავლესობამ ერევანში მიმდინარე აქციების ფონზე მილოცვისაგან თავი შეიკავა. "ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარს, სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ურთიერთობის გაღრმავებასა და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის გამტკიცებას ველით", - დაწერა კვირიკაშვილმა "ტვიტერის" გვერდზე. ოპოზიცია და ქართული საზოგადოების ნაწილი კვირიკაშვილს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს პრემიერის მილოცვა გაუმართლებელი და ნაჩქარევი იყო", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, ხომ არ იჩქარა კვირიკაშვილმა სარგსიანისთვის პრემიერ-მინისტრობის მილოცვა?
"არ ვთვლი, რომ მილოცვა ნაჩქარევი იყო. პრემიერ-მინისტრად ვინ დაინიშნებოდა, სომხეთის პარლამენტის შიდა საქმე იყო, როდესაც უკვე ხალხი გამოვიდა და მოითხოვა პრემიერის გადადგომა, თვითონ სარგსიანის გადაწყვეტილება, იძულებითი იყო თუ ნებაყოფლობთი, ვთვლი, რომ მაინც ვაჟკაცური იყო. მან საკუთარ ამბიციებს არ ამსხვერპლა მთელი სომხეთი და სახელმწიფო ინტერესები", - აღნიშნავს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე
"პირველ რიგში, მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ იმ სიტუაციაზე, რაც სომხეთში მოხდა. ეს არის ძალაუფლების სიყვარული, ადამიანები გონებას კარგავენ, მოსვლა იციან და წასვლა - აღარ. მე ერთადერთი, რაც თვალში მომხვდა, 90% ახალგაზრდობაა. ისინი გამოსული იყვნენ იმისთვის, რომ მოვლენები შეეცვალათ. მათ ერთსულოვნებით გაუშვეს ადამიანი, ვინც კიდევ 10 წელი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება მილოცვას, მეზობელი ქვეყანაა და ალბათ, დაასწრო სხვას და მიულოცა. ამით, ვფიქრობ, გამოამჟღავნა თანხმობა ამ ფაქტთან დაკავშირებით", - აცხადებს კინორეჟისორი გოგი თორაძე
"რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. ცალსახად შეცდომა იყო, რადგან ამ შემთხვევაში საქართველოს ეს დადებითი პოზიცია სასურველი არ იყო. შედეგი ყველამ კარგად ვნახეთ - სარგსიანმა თანამდებობა დატოვა", - ამბობს მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი
"ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური ჟესტი იყო. ვინც არ უნდა ყოფილიყო, მიულოცავდა. კვირიკაშვილს რომ ცოდნოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. ასეც რომ არ ყოფილიყო, ის, როგორც სახელმწიფო მეთაური, ვალდებული იყო, მიელოცა ახალი თანამდებობა მეზობელი სახელმწიფოს მეთაურისთვის", - დასძენს დემოგრაფი ავთო სულაბერიძე