სომხური ოპოზიცია ხელისუფლებასთან ძალაუფლების გადაცემაზე იწყებს მოლაპარაკებას

სომხური ოპოზიცია ხელისუფლებასთან ძალაუფლების გადაცემაზე იწყებს მოლაპარაკებას

“10-დღიანი დიდი საპროტესტო აქციისა და პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან მე-6 დღეს სერჟ სარგსიანი გადადგა, რაც იყო ერევანში დაწყებული საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა და ერევნის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები ამ გამარჯვებას ზეიმობენ. "ნიკოლ პაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი... ქუჩის მოძრაობა ჩემი პრემიერობის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სომხეთის უკვე ყოფილმა პრემიერმა სერჟ სარგსიანმა გაავრცელა. პრემიერის მოვალეობას პირველი ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი შეასრულებს, ვინც სარგსიანის არჩევამდე იკავებდა პრემიერის პოსტს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სომხური ოპოზიცია ხელისუფლებასთან ძალაუფლების გადაცემაზე იწყებს მოლაპარაკებას / პროტესტის მონაწილეთა 3 ახალი მოთხოვნა და ზეიმი ერევნის ქუჩებში

"ახლა სომხურ ოპოზიციას ახალი მოთხოვნები აქვს, რომლებიც გუშინ საღამოს გამოსვლების ორგანიზატორმა ნიკოლ პაშინიანმა გაახმოვანა: - პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად ხალხის რჩეული უნდა დანიშნოს, რაც ერთ კვირაში უნდა მოხდეს; - უნდა დაინიშნოს და ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები; - უნდა შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ქვეყანას არჩევნებამდე უხელმძღვანელებს. პაშინიანი ასევე აცხადებს, რომ იგი ოთხშაბათს, დილის 11 საათზე პრემიერის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანთან გეგმავს შეხვედრას და ამ მოლაპარაკების მთავარი თემა ძალაუფლების გადაცემა იქნება. პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, სარგსიანი გადადგა და ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ის ტყუილის თქმისთვის დაისაჯა. ნოდიას თქმით, პარადოქსული ვითარებაა - ერთი მხრივ, ხალხის მოთხოვნა შესრულდა, მეორე მხრივ, არსებითად ამ ეტაპზე არაფერი შეცვლილა, სათავეში ისევ "რესპუბლიკური პარტიაა", რომლის ლიდერად კვლავ სარგსიანი რჩება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგ რა მოხდება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ნოდიას თქმით, სარგსიანი ტყუილის თქმისთვის დაისაჯა. ის ხალხს დაჰპირდა, რომ პრეზიდენტის სავარძლიდან პრემიერის სავარძელში არ გადაჯდებოდა, მაგრამ ეს დაპირება არ შეასრულა. ეს აშკარა ტყუილი იყო ფაქტორი, რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. ამით შეიქმნა იმის პრეცედენტი, რომ ხელისუფლებამ შეასრულა ქუჩაში გამოსული ხალხის მოთხოვნა და ეს არის პირველი ასეთი პრეცედენტი დამოუკიდებელ სომხეთში. მაგრამ ამის შემდეგ სერიოზული გაურკვევლობა იქმნება იმიტომ, რომ სარგსიანის წასვლა ხელისუფლების შეცვლას არ ნიშნავს. დროებით პრემიერად დაინიშნა კარაპეტიანი, ვინც არჩევნებამდე ერთი წელი იყო პრემიერი. ასევე იგივე "რესპუბლიკური პარტია" არის მმართველი ძალა, რომელიც ყველაფერს წყვეტს და მის ლიდერად ისევ სარგსიანი რჩება. პარადოქსული ვითარებაა. ერთი მხრივ, ხალხის მოთხოვნა შესრულდა, მეორე მხრივ, არსებითად ამ ეტაპზე არაფერი არ შეიცვალა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგ რა მოხდება. ოპოზიცია გააგრძელებს პროტესტს და ახალ მოთხოვნებს დააყენებს და თუ დააყენებს, იმის შესრულებასაც მიაღწევს, თუ ამით დაკმაყოფილდება. თუ ამით დაკმაყოფილდება, მაშინ ცვლილებები მინიმალური იქნება", - განაგრძობს გამოცემა.

"სომხეთში მოვლენების ასე განვითარებასა და დემონსტრანტების მოთხოვნის შესრულებას არ ელოდა ექსპერტების დიდი ნაწილი. თუმცა, გუშინ ერევანში ვითარება ელვის სისწრაფით განვითარდა. დილით განახლებულ აქციაზე გაცხადდა, რომ "ხავერდოვანი რევოლუციის" შედეგამდე აქციები ყოველდღე, დილის 10-დან ღამის 19 საათამდე არ შეწყდებოდა. აქციის მთავარ მოთხოვნას, სერჟ სარგსიანის გადადგომას, გუშინ დაემატა აქციის მთავარი ორგანიზატორის, ნიკოლ პაშინიანის გათავისუფლების მოთხოვნა. პაშინიანი სპეცრაზმმა კვირას სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ დააკავა. პოლიციამ ასევე დაადასტურა 228 აქტივისტის დაკავებაც. მათ შორის იყვნენ ოპოზიციის ლიდერი პაშინიანი და კიდევ ორი დეპუტატი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არაკანონიერი აქციის დაშლისა და დაკავების უფლება მათ ჰქონდათ, ქუჩებში მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა. ამ ყველაფერმა პროტესტი ერთიორად გაზარდა. საუბარია, რომ კვირას სომხეთის დედაქალაქის ქუჩებში 150 ათასზე მეტი ადამიანი იყო გასული. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ვითარებამ საშიშ ზღვარს მიაღწია და შეუქცევად შედეგამდე შეიძლება, მივიდეს. ორშაბათს დილით აქციას შეუერთდა სამხედროების ერთი ჯგუფი. როგორც ითქვა, ისინი მშვიდობისმყოფელთა ბრიგადის ჯარისკაცები იყვნენ. თავდაცვის უწყებამ ჯერ ეს ფაქტი უარყო, შემდეგ დაადასტურა და თქვა, რომ მათ მიმართ კანონის შესაბამისი ყველაზე მკაცრი ზომები გატარდება, რადგან შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებს უფლება არ აქვთ, უკანონო აქციებში მონაწილეობა მიიღონ. აქციას შეუერთდნენ სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორებსაც მოუწოდეს, აქციას შეერთებოდნენ“, - დასძენს გამოცემა.

"განცხადება გაკეთდა ევროკავშირიდან. ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაია კოციანჩიჩმა სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაკავებულები და რესპუბლიკაში შიდაპოლიტიკური კრიზისის დასარეგულირებლად პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს. დაკავებული ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი გუშინ შუადღისთვის გაათავისუფლეს. ის აქციას ერევნის რესპუბლიკის მოედანზე შეურთდა. მას დემონსტრანტები დიდი ოვაციებით შეხვდნენ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ გაათავისუფლეს, აქციის ლიდერმა უპასუხა, რომ "მთავრობა შეიცვალა და ძალაუფლება გადავიდა ხალხის ხელში". გათავისუფლებამდე პაშინიანს ქვეყნის ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი შეხვდა. პაშინიანმა საღამოს 19 საათზე დიდი შეკრებაც დააანონსა. თუმცა მანამდე სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით პაშინიანთან შეხვედრისას გადადგომა კატეგორიულად გამორიცხა და ამ მოთხოვნის გამო ოპოზიციის ლიდერი შანტაჟში დაადანაშაულა. ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურა დაასახელეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ პაშინიანმა კი განაცხადა, რომ "ხავერდოვან რევოლუციას" იწყებს. გია ნოდიას შეფასებით, პაშინიანის დაპატიმრება იყო სომხეთის ხელისუფლების სტრატეგიული შეცდომა, რადგან ამ დაპატიმრებამ პროტესტის მასშტაბები გაზარდა და ამას შეეწირა კიდეც სარგსიანი. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ არის რევოლუცია. "მეთოდი იყო რევოლუციური, ანუ ქუჩის აქციებით აიძულეს სარგსიანი, გადამდგარიყო და ეს რევოლუციას ჰგავს, მაგრამ შედეგი არანაირად არ არის რევოლუციური, ჯერჯერობით. "ლოგიკურია, რომ ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს აქციები და ვადამდელი არჩევნები ან ხელისუფლების მიერ ვალდებულებების აღება მოითხოვოს. ეჭვი მაქვს, რომ ოპოზიციაში ახლა განიხილავენ, რა უნდა ქნან. "ჩემი აზრით, ამ საპროტესტო მოძრაობის ფუნდამენტური სისუსტე იყო მხოლოდ და მხოლოდ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნა, რადგან ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ველი, რომ ოპოზიცია ეცდება, თავისი წარმატება რაღაცნაირად განავითაროს. ინიციატივა მათ ხელშია, ხალხი ქუჩაშია, არის აღფრთოვანებული და გამარჯვებით გაბრუებული და შეიძლება, სხვა მოთხოვნებიც წამოაყენონ," - წერს სტატიის ავტორი.