უნდა ჩავიდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი პანკისში?

უნდა ჩავიდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი პანკისში?

"პანკისის ხეობის მოსახლეობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ პარასკევს თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში შეკრებილმა პანკისელებმა განაცხადეს. ისინი კვირიკაშვილს ხეობაში ჩასვლას სთავაზობენ და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. ოჯახისა და პანკისის ხეობის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარება, ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და დამნაშავეების დასჯაა. "ჩვენ ვითხოვდით გენერალურ პროკურორთან შეხვედრას, თუმცა ეს არ მოხდა. ახლა კი ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალებით დაინტერესებას. პრემიერს ვთავაზობთ აქ, ხეობაში ჩამოსვლას. თუ სხვა თემებზე მარტივად ჩამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები, დროა ჩვენი მოთხოვნაც გაითვალისწინონ და შეხვედრა ხეობაში შედგეს. ასევე, ჩვენ ვითხოვთ, რომ თემირლანის ოჯახს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, თემირლანს მიენიჭოს უდანაშაულოს სტატუსი და დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი", - განაცხადა სალაფიტური თემის წარმომადგენელმა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი ხელისუფლებას მისცემენ დროს, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისში გადმონაცვლებას და ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას აპირებენ", - გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს კითხვით - უნდა ჩავიდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი პანკისში? 

"ვერ გეტყვით ამ სიტუაციაში როგორი ფორმატი უნდა იყოს დაცული, ბატონი პრემიერი ჩავა პანკისში თუ პანკისელები ჩამოვლენ აქ. მაგრამ შეხვედრა უნდა შედგეს. პანკისის მოსახლობა ანგარიშგასაწევი ძალაა და ამ ხალხის აზრი მთავრობის პირველმა პირებმა უნდა მოისმინონ. კითხვები აქვთ, რომელზეც პასუხს ითხოვენ და პასუხი, რა თქმა უნდა, უნდა გაეცეთ. ახლანდელი ხელისუფლება წინასგან იმით განსხვავდება, რომ რაც კითხვები არსებობს, პასუხის გაცემა არ ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იურისტი ქეთი ბექაური.

"ჩემი აზრით, ჩასვლა აუცილებელი არ არის. შესაბამისი ზომები თბილისშია მისაღები. რატომ უნდა წავიდეს პრემიერი პანკისში, როდესაც შეუძლია აქ ტელეფონი აიღოს, დარეკოს სადაც საჭიროა და გამოავლინოს ვინმე თუ არის დამნაშავე?! საბოლოოდ უნდა გაირკვეს ეს საქმე - როგორ მოხდა გასროლა, ეს შემთხვევითი იყო, თუ შეგნებულად გაკეთებული; დროებით ამ ოპერაციის ხელმძღვანელი ხალხი გადადგეს, სანამ კვლევა არ ჩატარდება. თუ არიან კონკრეტული შემსრულებლები, ვინც გაისროლა, გამოძების დამთავრებამდე თანამდებობას უნდა ჩამოცილდნენ. ეს ადრე რომ გაკეთებულიყო, პანკისის ხეობის მოსახლება კვირიკაშვილის იქ ჩასვლას არ მოითხოვდა. აუცილებელია პროაქტიური რეაგირება. არ უნდა დაველოდოთ ყოველთვის ურემი რომ გადაბრუნდეს, არამედ გზა უნდა გავმართოთ, რომელზედაც ურემი კი არა, ჩვენი საზოგადოება ასე მძიმედ მოძრაობს", - აღნიშნავს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.

"პრემიერი ძალიან კარგი ადამიანია და მის ადამიანობას და ღირსებას იქ ჩასვლით არაფერი დააკლდება. უმჯობესია პანკისში ჩავიდეს და იმ ადამიანებს დაელაპარაკოს, რადგან სერიოზული ტკივილი მიადგათ. იმიტომ კი არა, რომ თემირლანი აბსოლუტურად მართალი იყო, უბრალოდ ის ბავშვი ვიღაცეებმა გააბრიყვეს. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, მათ თემირლანი შემოაკვდათ. ისინი იქ თემირლანის მოსაკლავად ხომ არ იყვნენ, არამედ მის დასაჭერად. ჩვენ ხომ ზუსტად ყველაფერი არ ვიცით, პრემიერ-მინისტრს ჩვენზე ბევრად მეტი ცნობები ექნება. ამიტომ ჩავიდეს და დაელაპარაკოს, ისინი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან, ჩვენი ძალიან კარგი თანამოძმეები", - მიიჩნევს ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა.

"ამ ეტაპზე მოთხოვნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, პრემიერ-მინისტრის იქ ჩავიდეს, სწორად და გამართლებულად არ მიმაჩნია. მაგრამ იმ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, მხედველობაში მყავს სუს-ი, შსს და სხვა, შესაძლებელია მათი ჩასვლა. გარკვეული ჯგუფის იქ ჩასვლა და ერთმანეთის აზრების ურთიერთგაზიარება. პრემიერ-მინისტრი იქ უკიდურეს შემთხვევაში უნდა ჩავიდეს, როდესაც ქვემდებარე სტრუქტურებთან შეხვედრა უშედეგო იქნება. ეს საკითხი მისი გადასაწყვეტია. მის გუნდში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომლებიც გადაწყვეტენ არის თუ არა პრემიერის იქ ჩასვლა საჭირო", - დასძენს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.