"არაფერი არ გვიშველის, სანამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მოპარვა სამარცხვინო საქციელი არ არის"

"რასაც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში ვხედავთ, ასეთი დაძაბულობის წარმოშობისა და კონფლიქტამდე მიყვანის მიზეზები აუცილებლად მართვის პრობლემაშია საძიებელი. სწორედ ის უშვებს შეცდომებს, ვინც მართავს პროცესებს, უფრო სწორად, ევალება, მაგრამ სწორად მართვას თავს ვერ ართმევს. იმდენად მრავალფეროვანი მენტალიტეტისა და მისწრაფებების ადამიანებმა მოიყარეს თავი "ქართულ ოცნებაში", მათი პოზიციების დაახლოება რთული იყო ადრეც და რთულია ახლაც, თუმცა მაინც მგონია, რომ ჯერ არ არის ისეთი პრობლემა შექმნილი, რომლის გადალახვაც შეუძლებელია. მთავარია, მონაწილე მხარეებმა, უპირველესად პარლამენტის ხელმძღვანელობამ, შეძლოს დათმობა და მართვაში რაღაც მნიშვნელოვნად შეცვალოს", - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მივიღეთ საკუთარ თავში ჩაკეტილი აუტისტური პოლიტიკური პროცესი" / "ირაკლი კობახიძემ, ფაქტობრივად, საჯაროდ დაყო "ქართული ოცნება" თავისიანებად და სხვისიანებად, აღიარა პარტიაში გარკვეული დაჯგუფებების არსებობა, რასაც მანამდე კატეგორიულად უარყოფდნენ / "სააკაშვილის დროს ციხე ჯოჯოხეთად იყო გადაქცეული. ამათ სცადეს ამ სისტემაში ჰუმანურობა დაებრუნებინათ, თუმცა ჰუმანურობასაც აქვს საზღვარი, რომ შემდგომ ბოროტმოქმედებად არ იქცეს. ამდენი ვეღარ გაითვალისწინეს და კრიმინალებმა როგორც კი თავისუფლება იგრძნეს, აქტიურად ამოქმედდნენ".

"როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მას ჰყავს თავისი დასაყრდენი საპარლამენტო უმრავლესობაში, ირაკლი კობახიძემ, ფაქტობრივად, საჯაროდ დაყო `ქართული ოცნება~ თავისიანებად და სხვისიანებად, აღიარა პარტიაში გარკვეული დაჯგუფებების არსებობა, რასაც მანამდე კატეგორიულად უარყოფდნენ. პრობლემა ის კი არ არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ზოგიერთ დეპუტატს დასაყრდენად განიხილავს, პრობლემა ამის საჯაროდ აღიარება და გადაწყვეტილების მიღებისას სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობაა. ყველა გადაწყვეტილებაში ვერ იქნება ყველას აზრი გათვალისწინებული, მაგრამ აუცილებელია განხილვაში მეტ-ნაკლებად ჩაერთოს ყველა დაინტერესებული დეპუტატი. ისე უნდა მოხერხდეს, რომ ადამიანი კმაყოფილი დარჩეს იმით, რომ მისი აზრიც მოისმინეს. ასეთ შემთხვევაში პროტესტი აღარ გაუჩნდება. ადამიანს პროტესტი უჩნდება მაშინ, როდესაც მას მხოლოდ ღილაკზე თითის მიმჭერად მიიჩნევენ და დირექტივებს აძლევენ, რაზეც "ქართული ოცნების" ზოგიერთი დეპუტატი დაუფარავად ამბობს კიდეც... ამ ყველაფერს სჭირდება ხელმძღვანელების პოლიტიკური გამოცდილება, კულტურა, ალღო. ვიმეორებ, ყველას აზრი ვერ იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ამ აზრის პატივისცემა უნდა იგრძნობოდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"წინა პარლამენტი გავიხსენოთ, სადაც გაცილებით დიდი იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ასეთი პრობლემები არ გაჩენილა - დავით უსუფაშვილი ახერხებდა ვითარების დაბალანსებას, ის ყველას პატივისცემით ექცეოდა და მის მიმართაც ასეთივე განწყობა იყო, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ირაკლი კობახიძის მიმართ. აშკარაა, რომ ის გუნდში ავტორიტეტად ვერ ჩამოყალიბდა. სანქციებისა და სადამსჯელო ღონისძიებების დაწესებაზე ფიქრს, მგონი, სჯობს, ურთიერთობის უმარტივესი ხერხები გამოიყენონ და ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის აზრის მოსმენა დაიწყონ. ეს უფრო მოიტანს შედეგს... სამწუხაროდ, ჩვენი პარლამენტი იშვიათად ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ის გრძნობს ქვეყანაში არსებული პრობლემების სიმწვავეს. შესაბამისად, საზოგადოებაში მისი აღქმა კარგა ხანია უმნიშვნელოა, რაც ძალიან სამწუხაროა. დღეს მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც მოქმედებენ არა მოსახლეობის, არამედ საკუთარი ინტერესების მიხედვით, თუმცა მმართველი გუნდი რეიტინგს მაინც ინარჩუნებს, ეს კი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ოპოზიციური ძალები წარსული ცოდვების გამო მასზე უარესად აღიქმება საზოგადოებაში. ოპოზიცია რომ ხედავდეს საზოგადოების პრობლემებს, ამაზე ლაპარაკობდეს, "ქართული ოცნებაც" იძულებული გახდებოდა სწორედ ამ პრობლემატიკისთვის მიეხედა, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ ხდება. შედეგად მივიღეთ საკუთარ თავში ჩაკეტილი აუტისტური პოლიტიკური პროცესი, სწორედ ამიტომ ხდება, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ამომრჩევლის რიცხვი იკლებს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ძალიანაც არ უნდა, მაგრამ უნდა ჩაერთოს - ეს აუცილებლად მოუწევს, თუ უნდა, რომ შეინარჩუნოს გუნდის მთლიანობა. მისი ჩარევა განმუხტავს სიტუაციას, თუმცა თუ მართვის სტილი არ შეიცვალა, სავარაუდოდ, პრობლემები არსად გაქრება და უფრო მძაფრად იჩენს თავს. ივანიშვილს ბოლო ხანს ასეთი პოზიცია უკავია - მე გავედი პოლიტიკიდან და თქვენ მოუარეთ ახლა ქვეყანასო. თუმცა აშკარაა, რომ ხშირად გადაწყვეტილების მიღება `ქართულ ოცნებაში~ ძალიან უჭირთ და ისევ ივანიშვილის მითითებას ელოდებიან. ვფიქრობ, ახლაც ასეა. ვიმეორებ, ჩემი აზრით, ივანიშვილი თუ არ ჩაერთო, მაშინ უმრავლესობა შეიძლება მართლაც დაიშალოს", - დასძენს ექსპერტი.

"რაც შეეხება პრეზიდენტის შეწყალებული პატიმრის მიერ ჩადენილი საზარელ მკვლელობას, ჩვენში ხშირად ჯოხი ტყდება ხოლმე ერთ პირზე - ახლაც იგივე მოხდა, ლამის პრეზიდენტი გამოიყვანეს დამნაშავე, არადა, სწორედ სისტემაა გასამართი. ვინ და რამდენი ადამიანი იქნება შეწყალების პროცესში ჩართული, ეს სისტემამ უნდა დაარეგულიროს. გადაწყვეტილებას იღებენ ძალიან კარგი ადამიანები, მაგრამ ისინი, ძირითადად, ძალიან შორს არიან იმ პრობლემებისგან, რასაც პენიტენციარული სისტემა წარმოშობს. ფსიქოლოგიის მთელი დარგია პენიტენციარული ფსიქოლოგია, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ იმას, როგორ უნდა მოექცე სასჯელმისჯილებს ციხეში, არამედ იმასაც, ვინ უნდა გაათავისუფლო დროზე ადრე და ვინ - არა. ვფიქრობ, არაკომპეტენტურად არის აწყობილი სისტემა და სწორედ ეს უნდა გადაიხედოს. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ჩემი აზრით, პირველი რეაქცია, რაც ჰქონდა პრეზიდენტს, და გადაწყვეტილება მძიმე დანაშაულში გასამართლებულების შეწყალების დროებით შეჩერების თაობაზე, იყო სრულიად სწორი, სამართლიანი და დეპოლიტიზებული გადაწყვეტილება, რაც საქმის კეთებისკენ უბიძგებს პროცესში ჩართულ პირებს. როგორც ვიცი, ის შეხვდა მინისტრ კახი კახიშვილსაც და დაიწყო შეწყალების კომისიის რეფორმირებაზეც ლაპარაკი", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

"თუმცა განსხვავებულად მოიქცნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელთა განცხადებებიც აშკარად შეუსაბამო იყო. ის, რომ "ქართული ოცნება" მუდმივად უტევს პრეზიდენტს, ვიცით. ამჯერადაც ეს მოხდა, ოღონდ აბაშიშვილმა და ჩიხრაძემ თავიანთი კომენტარებით აშკარად გადააჭარბეს. პრეზიდენტს ეს არ სჭირდებოდა. რა შუაში იყო პარლამენტში ახალ საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბებაზე თითიდან გამოწოვილი ლაპარაკი, რამაც საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა. ჩიხრაძემ და აბაშიშვილმა პრეზიდენტს მხოლოდ ცუდი სამსახური გაუწიეს, ისე გამოვიდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" თანამშრომლობის თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" ვერსიას იზიარებს. ისე გამოიყვანეს, რომ შეწყალების პრობლემა არ არსებობდა და ამას ვინმე იგონებდა, რაც ძალიან არასწორია", - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "ბოლო დროს ქვეყანაში კრიმინალური ვითარება აშკარად გაუარესდა, რასაც ხელისუფლებაც აღიარებს..." - პასუხობს:

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, სააკაშვილის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ემოქმედა და ის რეპრესიული კანონმდებლობა, რაც არსებობდა, მეტ-ნაკლებად ლოიალური გაეხადა. შეიცვალა ნორმები, რომელთა ნაწილის ისევ გამკაცრების აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში. როგორც ჩანს, ზედმეტი მოუვიდა "ქართულ ოცნებასაც". მოგეხსენებათ, სააკაშვილის დროს ციხე ჯოჯოხეთად იყო გადაქცეული. ამათ სცადეს ამ სისტემაში ჰუმანურობა დაებრუნებინათ, თუმცა ჰუმანურობასაც აქვს საზღვარი, რომ შემდგომ ბოროტმოქმედებად არ იქცეს. ამდენი ვეღარ გაითვალისწინეს და კრიმინალებმა როგორც კი თავისუფლება იგრძნეს, აქტიურად ამოქმედდნენ. ერთიც არის, ყველა ქვეყანა თავისი ხასიათის, სტერეოტიპების მიხედვით ადგენს კანონებს, ხშირად ამ კანონების სხვისგან გადმოწერა არ ამართლებს. კრიმინალებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება ევროპის რიგ პატარა ქვეყნებში ნამდვილად არის ადამიანის ჰუმანიზაციის საფუძველი, თუმცა აშშ-ში ეს სულაც არ არის გარანტია, რომ მკვლელს ჰუმანურად თუ მოექცევიან, ის მეორედ დანაშაულს არ ჩაიდენს. მოკლედ, ჩვენთან პრობლემაა ისიც, რომ ჯერ კიდევ ვერ მოვარგეთ ჩვენს მენტალიტეტსა და ხასიათს კანონები. ვფიქრობ, კანონის ამა თუ იმ ნორმის შექმნასა თუ შეცვლაში უფრო ფართო სპექტრით უნდა მონაწილეობდნენ ფსიქოლოგები".

"გარდა ამისა, ბოლო წლებში ქართველი კრიმინალები ქვეყნის გარეთ გააქტიურდნენ. ამ რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციები ჩატარდა საფრანგეთსა და საბერძნეთში, სადაც კრიმინალთა დაჯგუფებები დააკავეს. კარგია, რომ ჩვენი სამართალდამცავები ასე კარგად თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ჩვენს მენტალიტეტშიც არის პრობლემა. არანაირი ციხე არ გვიშველის, სანამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მოპარვა სამარცხვინო საქციელი არ არის. ამის შეცვლას, კანონების გამკაცრებასთან ერთად, სჭირდება სწორად დაგეგმილი საგანმანათლებლო პოლიტიკა. მოკლედ, ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელსაც მიდგომაც კომპლექსური სჭირდება, მარტო კანონის ერთი ნორმის გამკაცრება არ უშველის საქმეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. თუ დამნაშავე ადეკვატურად არ ისჯება, ეს დანაშაულს უფრო ახალისებს. კიდევ ერთი პრობლემაა კრიმინალის გაშუქების საკითხი. არ ვიცი, სად უნდა გაევლოს კრიმინალის გაშუქების შეზღუდვასა და სიტყვის თავისუფლებას შორის საზღვარი. ჩვენი საინფორმაციო სივრცე კრიმინალურ ქრონიკად არის გადაქცეული. ასე პედალირებული დანაშაული შეიძლება კრიმინალური მისწრაფების ადამიანისთვის ბიძგის მიმცემად იქცეს. ამას რამენაირად უნდა მოევლოს, ოღონდ ისე, რომ სიტყვის თავისუფლებას არაფერი დაემუქროს. კრიმინალის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ უნდა წახალისდეს თუ არა ეს ინტერესი უფრო მეტად?! ძალადობის ტირაჟირება საზოგადოებაზე ცუდ გავლენას რომ ახდენს, ამაზე არაერთი კვლევის შედეგი მეტყველებს. ინფორმაციის გავრცელება არ უნდა შეიზღუდოს, მაგრამ ასეთი შემთხვევების გაშუქების მასშტაბი ცოტათი მაინც უნდა შემცირდეს", - დაასკვნის ექსპერტი.