"პანკისის მოსახლეობის განწყობები ცნობილია - ტრაგედიის დღიდან, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახს ეხება, ხეობა ერთიანია და ერთიან პოზიციაზე დგას. ხეობის მოსახლეობის თხოვნა (ამ ეტაპზე, იმედია, მოთხოვნაში არ გადაიზრდება) არის ის, რომ მოხდეს ობიექტური გამოძიება და გამამართლებელი განაჩენი დადგეს ამ საქმეზე. ასევე, რაც მთავარია, ერთხელ და საბოლოოდ უნდა დასრულდეს პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის ტერორისტების იარლიყის მიკერება - ეს არის ხეობის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი. თემირლანს უნდა ჩამოშორდეს ტერორიზმის ბრალდება. ასევე იმ დაკავებულებსაც, რომლებიც ამავე ბრალდებით არიან, რადგან ჩვენი ინფორმაციით სახელმწიფოსაც კი არ ჰქონდა 2 თვის განმავლობაში ინფორმაცია, რომ ის ჩამოსულები ტერორისტები იყვნენ და ამ ადამიანებს საიდან ეცოდინებოდათ? ისინი მეგობრობდნენ იმ ადამიანებთან, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ჩვენთვის ამ ეტაპზე მთავარია რომ პანკისის მოსახლეობას არ დარჩეს ტერორისტის იარლიყი მიწებებული", - აცხადებს პანკისის ხეობის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი გაზეთ "ახალი თაობისათვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "25 წლის გოგონას მკვლელი უვნებლად აიყვანეს, უდანაშაულო თემირლანს კი შუბლში ესროლეს" / რა პრეტენზიები აქვს პანკისის მოსახლეობას".
"ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს, რა დასკვნას დადებს გამოძიება, ეს აინტერესებს მთელ პანკისის ხეობას. ამ ეტაპზე ჩვენ ვითხოვთ, რომ თემირლანის მიმართ დადგეს ობიექტურა განაჩენი - უკვე ნათელია, რომ არანაირო შემხებლობა ამ ახალგაზრდას ტერორიზმთან და ტეროროსტებთან არ ჰქონია. მალხან მაჩალიკაშვილისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია მისი შვილის სახელის გადარჩენა, რომ მოეხსნას ტერორიზმში თანამონაწოლეობის ბრალდება, თუმცა ბრალდება წაყენებული არც აქვს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. მაგრამ ხეობის მოსახლეობის ყველაზე მთავარი პრეტენზია მაინც სპეცოპერაციის ფორმებსა და მეთოდებს უკავშირდება. არავინ ამბობს, რომ თუ სახელმწიფოს აქვს რეალური ინფორმაცია, მან ამაზე რეაგირება არ მოახდინოს. საუბარია ფორმებსა და მეთოდებზე, დამოკიდებულებაზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მექა ხანგოშვილი.
"ხშირად ბრეივიკის მაგალითი მომყავს, რომელმაც 75 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. მას აქვს პრეტენზიები, უნივერსიტეტში სწავლა-განათლების მიღებას ითხოვს და სწავლობს კიდეც. თუნდაც ახლახან მომხდარი ფაქტი - 25 წლის გოგონას შვილების თვალწინ ყელი გამოჭრეს, ასეთი სისატიკის ჩამდენი პირი სრულიად უვნებელი აიყვანეს და უდანაშაულო 19 წლის ბავშვი, რომელიც საკუთარ ლოგინში იწვა, ასე როგორ გაიმეტეს, ასე როგორ გაუსწორდნენ, პირდაპირ შუბლში ესროლეს და დახვრიტეს. ამაზე გვაქვს პრეტენზიები, ამაზე გვაქვს მიუღებლობა. სპეცოპერაციის მეთოდები და ფორმები ჩვენთვის მიუღებელი იყო. სანამ არ მოხდება გამოძიება და გამოძიება არ დადებს ობიექტურ სურათს, მანამდე ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან პანკისელი ახალგაზრდების, ყველას ერთად ტერორიზმში დადანაშაულება და ტერორისტად მოხსენიება ჩვენთვის მიუღებელია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ოჯახი ამდენი ხანია ელოდება შედეგს. ასევე ცნობილია, რომ სამხილები განადგურდა. ამან ყველაფერმა ძალიან დიდი უნდობლობა და უიმედობის განცდა გამოიწვია, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს აქცია არანაირად არ არის არამშვიდობიანი და კანონიერ ზღვარს გადასული. უბრალოდ, ადამიანები ამ ფორმით ცდილობენ თავიანთი სატკივრისა და სათქმელის ხელისუფლებამდე მიტანას... ხელისუფლების მაღალჩინოსანთან შეხვედრა, რასაკვირველია, ცუდი არ იქნებოდა - გააცნოს ოჯახს გამოძიების მიმდინარეობა, შედეგი. ოჯახი თმცა შეხვდა მთავარ პროკურორს, მაგრამ იქიდან არაფერი დამაიმედებელი არ ყოფილა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგადად სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი - ძალოვანის სტრუქტურების წარმომადგენლებს ვგულისხმობ, ხეონბაში არ ჩამოსულა... ერთ-ერთი ახალგაზრდა ამბობდა, როგორც კი მათთვის საინტერესო თემა გახმოვანდა და როგორც კი ხეობის მოსახლეობამ ამაზა პროტესტი გამოთქვა, მაშინვე მაღალი თანამდებობის პირები ჩამოვიდნენ ხეობაში, - დასძენ მექს ხანგოშვილი და შეკითხვაზე - "რას გულისხმობთ?" - პასუხობს:
"ინვესტორის ინტერესს ვგულისხმობ, რომლის წინააღმდეგაც ხეობის მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა".