ყველა უბედურების სათავე გაუნათლებლობაა, მაგრამ გვინდა განათლება? გვინდა განვითარება? რაღაც არ ჩანს ის მისწრაფება, ყველა პატარა ერის გადარჩენის უალტერნატივო საშუალებად რომაა მიჩნეული.
განათლება, ისეთი გაგებით, როგორც მსოფლიოს პროგრესულ ნაწილს ესმის და არა ჩვენს "კარდონოფილურ" მოსახლეობას, ჯერ კიდევ შორსაა ჩვენგან. წინა პროვოკაციაში ვწერდი, რა მოხდა დედაუნივერსიტეტში! ადამიანი, რომელიც რამდენიმე წელი "პატრონობდა" საუნივერსიტეტო განათლების ხარისხს, სახლში დასვეს და ისეთი ვინმე მოიყვანეს საქმის გასაკეთებლად, გაფუჭების მეტი რომ ვერაფერი შეძლო და ეს ახალიც შინ
გაუშვეს მშვიდად! დაწუნებულმა თუ "რეორგანიზებულმა" ნატალია ბარათელმა ახლახან თქვა: "თსუ-მა 19 მოქმედი პროფესიული პროგრამიდან ერთზეც კი ვერ შეძლო მიღების გამოცხადება".
175.000 ლარი დახარჯა სახელმწიფომ მოდულური პროგრამებისათვის აღჭურვილობის შესაძენად. დადგება დრო და ვინმე მოიკითხავს შედეგებს. ვინ იღებს პასუხისმგებლობას აწ უკვე ყოფილი "ხარისხის დედა" თუ "კონსულტანტი", 2017 წლის სექტემბერში მიწოდებული მასალა და ინფორმაცია, უცოდინარობის გამო, რეაგირების გარეშე რომ დატოვეს და დაუმტკიცებელი პროგრამებით სწავლა გააგრძელეს.
თვითშეფასება ვერ დაწერეს, კონტინგენტი ვერ განსაზღვრეს, რა მოცულობის დოკუმენტიც გაგზავნეს, თითქმის ორი იმდენი ხარვეზით უკან დაუბრუნდათ. ვის ეცალა საქმისთვის, რა საქმე, რის პროფესიონალიზმი, მერე ვინ იცუნცულებდა კაბინეტიდან კაბინეტში ან ვინ გააკონტროლებდა მთავარ კორიდორს დაწყებული ადმინისტრაციის უფროსიდან, დამთავრებული რექტორამდე? თვალი და ყური პატარა ამბავია? თსუ-ს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება და ვის ხარჯზე? სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურიდან...
ახლა უნდა ველოდოთ, როდის მოვა ახალი ხელისუფლება, რომ მერე ჩამოაწეროს ცოდვები და დანაშაული უნივერსიტეტის "ინტელექტუალურ რესურსებს"? პროკურატურისა გამკვირვებია, სასამართლოსიც, პარლამენტისაც, პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტისაც, ოდესმე ავტონომიურობისა და თავისუფლების შეგრძნებით, კანონმორჩილების ფარგლებში არ უნდათ, რომ იმოქმედონ? წესით, არაფერი უნდა მიკვირდეს, მაგრამ ბოლშევიკური სულისკვეთებით რატომ უნდა ლაპარაკობდეს ნომერ პირველი კანონმდებელი ქვეყანაში, _ პარტიული დისციპლინაა გასატარებელიო?
გედევან ფოფხაძის მიერ გამოცხადებული პროტესტი ცხადად აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება" იდეოლოგიური გაერთიანება არაა. ამაზე ადრე ყოფილმა პარლამენტარმა, ნიშნიანიძემ მიგვანიშნა, ქოჩრიანებმა ძველი თაობის ხალხის მიჩოჩება დაიწყეს და ეს ბიჭბუჭობა კარგს არაფერს დამართებს საქართველოსო. კობახიძე მდინარაძესა და "ნეოქოცურ" ფრთას უსმენს მხოლოდ, ესეც "პალეოქოცური" და წყალშეყენებული 41-იანელებისგან გვესმის ჯერ მოკრძალებულად, მაგრამ სხვისი ჯერ სად ვართ, საპრეზიდენტო "ქოცკანდიდატის" შერჩევისას აუცილებლად გამოამჟღავნებენ თავს ამბიციური კანონშემოქმედები და გედევანივით განაწყენებულები ცალკე მკვდრადშობილ ოპოზიციას შექმნიან ან სულაც "პერსპექტიულ" პარტიებს შეეხიზნებიან. მე თქვენ გეტყვით და რენეგატიზმი გაგვიკვირდება ვინმესგან...
პ.ს. მინდოდა, ბელიაშვილის ქუჩის საფეხბურთო შეხვედრაზე დამეწერა, მაგრამ ისევ ნინია კაკაბაძის ხელით გადაწერილ ტექსტზე შევაჩერე ყურადღება. მინდა, რომ ნინიამ ისევ 41-გზის 5-ჯერ გადაწეროს ლურჯ ფურცელზე წითელი "პასტით" ასეთი ლოცვა და დაურიგოს პოლიტიკურ პარტიებს: ტრამპო ჩვენო, რომელი ხარ თეთრ სახლსა შინა, დონალდ იყავნ სახელი შენი, მოვედინ შეშფოთება შენი, იყავნ ნატო შენი, ვითარცა აშშ-სა შინა, ეგრეცა ევროკავშირსა ზედა, პოლიტიკა ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ გაურკვევლობა ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ "ნაციონალებსა" მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ ევრაზიულ კავშირში, არამედ მიხსენ ჩვენ პუტინისგან.
ასად!