ლომბარდებში ბინისა და ავტომანქანის გარანტიით დღიურად 10-მდე სესხი გაიცემა - რას შეცვლის ბაზარზე ფინანსთა მინისტრის ინიციატივა

ლომბარდებში ბინისა და ავტომანქანის გარანტიით დღიურად 10-მდე სესხი გაიცემა - რას შეცვლის ბაზარზე ფინანსთა მინისტრის ინიციატივა

სალომბარდე საქმიანობაში სახლისა და ავტომანქანის გარანტიის სახით მიღება შესაძლოა, აიკრძალოს. ინიციატივა ფინანსთა მინისტრმა უკვე გაახმოვანა. 

„მოვისმინე ექსპერტების მოსაზრება, რომ თუ ადამიანი ლომბარდში თავის სახლს გარანტიის სახით მიიტანს და ფულს მიიღებს, ამით შესაძლებელი იქნება ბიზნესი დაიწყოს. ვის გაქვთ იმის წარმოდგენა, რომ დალომბარდებული სახლიდან მიღებული თანხა შეიძლება სასტარტო კაპიტალად იქნას გამოყენებული. 

ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული იმ აქტივების ჩამონათვალი, რომლებიც სალომბარდე საქმიანობაში არ უნდა მონაწილეობდნენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, თუმცა იქვე დასძინა, რომ „ეს კონსულტაციის შედეგი უნდა იყოს“.

მართალია, სალომბარდე საქმიანობაში აღნიშნული ცვლილებების შეტანა მხოლოდ იდეის დონეზეა, თუმცა მისი განხორციელება ცხადია, რომ ბაზარზე გარკვეულ ძვრებს გამოიწვევს. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სალომბარდე საქმიანობით დაკავებული ბიზნეს-ოპერატორები აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ მათ სახლისა და ავტომანქანის გარანტიის სახით მიღება აეკრძალებათ, ეს სხვა პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას გამოიწვევს. შესაბამისად, შემცირდება საკრედიტო პორტფელიც.

თბილისში მდებარე ერთ-ერთი ლომბარდის წარმომადგენელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ინიციატივა მომხმარებლისთვის სასარგებლო იქნება, თუმცა ბიზნესისთვის - საზიანო.

„ბაზარს, საკრედიტო პორტფელს, დაბანდებებს შეამცირებს განსაკუთრებით მათთვის, ვინც მხოლოდ ავტოლომბარდზე ან უძრავი ქონების უზრუნველყოფაზე მუშაობენ. თვითონ ინიციატივა მისასალმებელია იმ მხრივ, რომ მომხმარებელთა უფლებები დაცული იქნება,მათთვის უსაფრთხო გარემო შეიქმნება, ბინიდან გამოსახლებისა და მანქანის დაკარგვის რისკი აღარ ექნებათ. ბიზნესზე კი უარყოფით გავლენას იქონიებს, თუმცა იმედია, რომ ინციატივა ისეთი ფორმით ამოქმედდება, რომ ბაზარი სერიოზულად არ დაზარალდება“, - აცხადებენ ლომბარდში.

კიდევ ერთი ლომბარდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი სერვისი ჩამოაკლდებათ და შესაბამისად, სხვა სერვისებზე პროცენტის აწევა მოუწევთ. 

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ოქროს სალომბარდე მომსახურებას უფრო აქტიურად ვახორციელებთ, დღეში საშუალოდ 4-5 ადამიანი მოდის, ვისაც ავტომანქანის ლომბარდში ჩადება უნდა. ასევე მოდიან უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნითაც. მსგავსი ინიციატივა, უარყოფითი შედეგის მომტანი მგონია. ლომბარდებში დიდი რაოდენობით უძრავი ქონების და ავტომობილების უზრუნველყოფა ხდება და დაბალი პროცენტიც იმიტომ არის. ლომბარდებს თუ ეს სერვისი მოაკლდებათ, სავარაუდოდ პროცენტს აწევენ“, - აცხადებენ ლომბარდში. 

ლომბარდების წარმომადგენლების თქმით, კლიენტების მხრიდან უძრავ-მოძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის მიღებაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანების გარანტიის სახით მიღება და სახლების იპოთეკით დატვირთვა შეეზღუდებათ, სხვა სერვისებს უფრო გაააქტიურებენ, მაგალითად, გარანტიის სახით, ოქროს მიღებას: „მოთხოვნა რომ არის ავტომანქანების ჩადებასა და სახლების იპოთეკით დატვირთვაზე, ამიტომაც ვახდენთ ფოკუსირებას ამ მიმართულებაზე. არის დღეები, რომ დღეში ასეთი 5 სესხი გაიცემა, ან 10, ან საერთოდ არა. ზუსტი პროგნოზირება რთულია, თუმცა მოგვიწევს სხვა სერვისებზე უფრო მეტად გადართვა“, - ამბობენ ლომბარდებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია (ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა) დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 96,4% ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 3,6% - იურიდიულ პირებზე მოდის. კერძოდ, ფიზიკურ პირებზე გაცემულია 391 მლნ ლარის სესხი. 

რაც შეეხება მსესხებელთა რაოდენობას, საქართველოში მოქმედ ლომბარდებში, 2017 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 609,4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა დაახლოებით,99,6% ანუ 606.9 ათასი ფიზიკური პირი იყო.

მათივე ცნობით, ლომბარდების 55,7% თბილისში მდებარეობს, 12,1% - იმერეთის რეგიონში, 9,9% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9,7% - აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ. 

ამასთან, „საქსტატის“ ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ, 2017 წლის ბოლოსთვის 23,8 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის 79,8% ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 20,2% - უცხოურ ვალუტაში იყო გამოსახული.

 

წყარო : bpn.ge