თუ თბილისის რომელიმე ცენტრალურ გამზირზე მუშაობთ ან ცხოვრობთ და ამავდროულად, საკუთარი ავტომობილიც გყავთ, შეამჩნევდით, რომ ფინანსურად სხვებზე მეტად ზარალდებით. იმისათვის, რომ სამსახურში მისულს ხასიათი დილიდანვე არ გაგიფუჭდეთ, საჭიროა თავისუფალ საპარკინგე ადგილთან ერთად საფულეში, სულ ცოტა, 50 თეთრიც იპოვოთ. იმ შემთხვევაში, თუ არ გაგიმართლათ და უფრო დიდი მოთხოვნების მქონე „სტაიანშიკი“ შეგხვდათ, შესაძლოა, საერთოდ არ მოგცეთ კონკრეტულ ადგილზე გაჩერების უფლება იმ მიზეზით, რომ მას თქვენი მანქანის დიდხანს იქ დგომა "არ აწყობს".
წლებია, თბილისში აღარავის აკვირვებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ზოლიანი ჯოხითა და შუქამრეკლი ჟილეტით მდგარი ე.წ. „სტაიანშიკები“, რომლებიც გაწეული მომსახურების სანაცვლოდ (რასაც ხშირ შემთხვევაში არავინ სთხოვთ), მძღოლებს თანხას ართმევენ. ქალაქში სულ უფრო იზრდება იმ ადგილების რაოდენობა, სადაც გაჩერების საფასური 1 ლარიდან 5 ლარამდეც კი მერყეობს. უკვე, თითქმის, არცერთ „სტაიანშიკს“ აღარ ჰყოფნის 20-40 თეთრი, რასაც რიგ შემთხვევებში უცენზუროდაც აპროტესტებენ. რამდენად აქტიურად გამოხატავენ უკმაყოფილებას ხშირად, იმაზეა დამოკიდებული, ავტომობილის მძღოლი ქალია თუ კაცი.
“ვითომ მანქანას მაყენებინებდა. სინამდვილეში თითიც არ გაუნძრევია და 20 თეთრი რომ მივეცი, ეს რა არის, 1 ლარი მომეციო“ - გვეუბნება თათია კაკიაშვილი.
„მანქანის დაყენების დროს არ მოდიან ხოლმე და არც გასვლის დროს. მხოლოდ მაშინ მოდიან, როდესაც უკვე გასული ვარ და ფული მომეციო, ითხოვენ. ერთხელ იყო, რომ დავაყენე მანქანა და არც კი ვაპირებდი გადასვლას. მაშინვე მოვიდა - „ფული მომეცი აქ რომ დგახარო“. სადაც დგომა ფასიანია, იქ ვიცი, რომ უნდა გადავიხადო, მაგრამ როცა არ არის კერძო პარკირება, ჩვეულებრივი ფულის გამოძალვაა. თან ყოველთვის მთვრალები არიან“ - ამბობს ლანა ოსიშვილი.
AMBEBI.GE-სთან საუბარში, ერთ-ერთი რესპონდენტი იმასაც ამბობს, რომ მანქანის გაჩერების დროს ე.წ სტაიანშიკთან ჩხუბი მოუხდა, რის გამოც პატრულიც კი გამოიძახა:
„ვაჟასა და ყაზბეგზე ხომ ვერსად ვერ ვაჩერებთ მანქანას და წრეების დარტყმის შემდეგ, უცებ ბანკ „პროკრედიტთან“ დავინახე ადგილი. გავაჩერე ჩვეულებრივად და რომ გადმოვედი, მოვიდა „სტაიანშიკი“: „დროზე გაიყვანე მანქანა! ეს კერძო ადგილია, არ შეიძლება აქ გაჩერება, მე ბანკში ვმუშაობო და ა.შ... წადი თუ გინდა, მე მაინც გამოვიძახებ ევაკუატორს და გადაიყვანენ შენს მანქანასო“. მერე უკვე პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა, რომ, თითქოს, მე ოფისში ვიჯდები, ყავას დავლევ, მას კი ოჯახი ჰყავს შესანახი და როგორ არ მრცხვენია ახალგაზრდა გოგოს. მოკლედ, გამოვიძახე პატრული. რა თქმა უნდა, მასაც დაელაპარაკნენ და უთხრეს, რომ მქონდა იქ გაჩერების უფლება, მაგრამ წასვლის წინ მითხრეს, რომ მოვერიდო მსგავს სიტუაციებს“ - იხსენებს თავის ისტორიას თეო მურაკაშვილი.
„სტაიანშიკებთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც რესპონდენტებთან საუბრისას გამოიკვეთა, საჯარიმო ქვითრებს უკავშირდება. მძღოლების ნაწილი AMBEBI.GE-სთან საუბრისას ყვება, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა „სტაიანშიკს“ „სითი–პარკის“ მიერ მათთვის დაწერილი ჯარიმა ჩუმად გადაუგდია.
„გავაჩერე მანქანა სააკაძეზე ძლივსძლივობით. „სტაიანშიკი“ დამპირდა: არ დავაწერინებ ჯარიმასო, ჯარიმაც არ დამხვედრია საქარე მინაზე. რამდენიმე დღის მერე სითი-პარკის საიტზე ვნახე, რომ დაუწერიათ და ეტყობა იმან გადააგდო“ - თორნიკე რაზმაძე.
„იყო შემთხვევა, რომ დავუტოვე მანქანა და მითხრა, არ დავაჯარიმებინებო. რომ დავბრუნდი, დავინახე ქვითარი ამოიღო, გადააგდო და მითხრა - არავინ ყოფილაო. თან 50 თეთრი რომ მივეცი, ჩხუბი დამიწყო - 10 ლარს გადაგარჩინე და ასე ცოტას მაძლევო?“ – ნათია ოსანაძე.
თითქოს ერთი შეხედვით, 50 თეთრი ან 1 ლარი არ ღირს ჩხუბად და ხასიათის გაფუჭებად, მაგრამ თუკი ადამიანი სამსახურთან მანქანის გაჩერებაში ყოველ დილით ფულს იხდის, დღის განმავლობაში კი კაფეში, ბანკში, მაღაზიაში ან სხვა მსგავს დაწესებულებაშიც შეივლის, თვის ბოლოს „სტაიანშიკებისთვის“ გადახდილი თანხა საშუალოდ 30 ლარს მაინც უტოლდება. მაშინ როცა, საპარკინგე ადგილისთვის მძღოლები გადასახადს - წელიწადში 50 ლარს ისედაც იხდიან, „სტაიანშიკების“ ქმედებები პროტესტის გრძნობას ლოგიკურად იწვევს.
მოქალაქეთა პროტესტი კიდევ უფრო სამართლიანი ხდება „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე. ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ ე.წ. სტაიანშიკები თვეში, 1 800 000 ლარს ნაღდ ფულს გამოიმუშავებენ.
„მარტო ასეთი მოსაკრებლებით, ჩვენი გათვლებით, თვეში მილიონ 800 ათასამდე ლარი შედის ვიღაცის ჯიბეში. არ არის რეგისტრირებული, არც საგადასახადო რეგულაცია მოქმედებს და არც ბიუჯეტში შედის ეს ფული“ - აღნიშნავს მესხიშვილი.
იმაზე, რომ ამ უკონტროლო "ბიზნესს" ვიღაც მფარველობს დიდი ხანია საუბრობენ არასამთავრობო სექტორში. ეს ფაქტი რამდენჯერმე ჟურნალისტურმა გამოძიებამაც დაადასტურა. ჯერ კიდევ 8 წლის წინ, სტუდია „მონიტორმა“ ჟურნალისტური გამოძიებით დაადგინა, რომ არსებობს ე.წ. ფირმები, რომლებიც „სტაიანშიკებს“ ადგილებს უსაზღვრავენ და ე.წ. დღიური გეგმის გადახდასაც ავალდებულებენ. ვინ არიან ეს მეთვალყურეები და რატომ არ ინტერესდება საგამოძიებო უწყება ამ პრობლემით, უცნობია.
მაშინ როცა თბილისის მერი "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებას აანონსებს, დედაქალაქის ერთ-ერთი მწვავე პრობლემის მოგვარებას თბილისის მერია ვერ ახერხებს. როგორც AMBEBI.GE-ს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ეს საკითხი უწყებას არ ეხება.
„ჩვენ არ გვეხება ეს თემა. ისინი რა ქმედებებს ახორციელებენ, იქცევიან თუ არა უკანონოდ და ზოგადად რას აკეთებენ - ეს მერიის სფერო არ არის. ეს, ალბათ, შსს-ს უნდა ჰკითხოთ. ჩვენ ამაზე ვერ გიპასუხებთ“ - განაცხადა მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მანანა თოქმაჯიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კი ამ საკითხის გამოძიება არც წინა და არც ახლანდელი ხელისუფლების დროს არ დაუწყია. 10 წელზე მეტია იმავე პრინციპს მიჰყვებიან თბილისის სხვადასხვა მერებიც - არც გიგი უგულავას, არც დავით ნარმანიას და ჯერჯერობით, არც კახა კალაძეს ამ საკითხის მოგვარება არ უცდია. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ პოლიტიკურ წრეებში ამით სარგებელს ნახულობენ.
„ჩვენ არ გვახსოვს არანაირი გამოძიება, არანაირი საქმის წარმოება, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოფხვრილიყო. რადგან გამოძიება არ ტარდება, ე.ი. ეს სისტემა აწყობს ხელისუფლებას. კონკრეტული პარტია ასეთი შემთხვევებით შეიძლება მანიპულირებდეს, მაგრამ მერე როცა ხელისუფლებაში მოდის, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს საკითხი მათთვის მნიშვნელოვანი აღარ არის. სახელისუფლებო გუნდი დიდ კომფორტშია იმის გამო, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო და თვითონაც იყენებდა ამ სისტემას, არ აკრიტიკებს მათ და შესაბამისად შექმნილია ორმაგი კონფორტი.
თუ მძღოლი იხდის გადასახადს და ყიდულობს პარკირების აბონემენტს, მაშინ უნდა ქონდეს უფლება ავტომობილი ნებისმიერ ადგილას გააჩეროს, სადაც გამოყოფილი არის ადგილი პარკირებისთვის. ასეთ ადგილებში კი არ უნდა ხვდებოდეს მესადგომეების გაურკვეველი სერვისი, რომლებიც დაჟინებით ითხოვენ მძღოლისგან გადასახადს“ - განაცხადა ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „hub georgia”-ს დირექტორმა ვასო ურუშაძემ.
მისივე თქმით, ეს არის პრობლემა არამხოლოდ მოქალაქეებისთვის, არამედ ბიზნესსექტორისთვისაც, რომელსაც სურს თბილისში პარკირების სექტორში ჩადოს ინვესტიცია და შექმნას დამატებითი პარკირების ადგილები და უკეთესი სერვისი.