"საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი" და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს. სპეცოპერაციის შედეგად საფრანგეთში სულ ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების 15 წევრი, მათ შორის საქართველოს 14 და სომხეთის 1 მოქალაქე, საბერძნეთში კი საქართველოს 23 მოქალაქეა დაკავებული. აღნიშნული ოპერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული ჟანდარმერიის მთავარი დეპარტამენტის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ასობით თანამშრომელმა ერთობლივად ჩაატარა. საქართველოს შსს ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლსა და ევროპოლთან. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - საჭიროა თუ არა ევროპაში დაწყებული მასშტაბური ანტიკრიმინალური ოპერაციის გაგრძელება საქართველოშიც?
"პასუხი ცხადია, კრიმინალს ჩვენს საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარმა ფაქტებმა მოიმატა. კრიმინალური სამყარო მთელი თავისი გავლენით საზოგადოებაზე, ახალგაზრდებზე უნდა მოისპოს. ძალიან კარგია, რომ ეს ოპერაცია აღნიშნულ ქვეყნებში ჩატარდა და იმედი მაქვს, რომ ანარეკლი აქაც მოხდება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.
"თუ მიზეზი არის, უნდა ჩატარდეს. კრიმინალთან ბრძოლა საჭირო და აუცილებელიც კია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ირგვლივ: თავაშვებულობა, დანაშაულის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება. შედეგი ყველასთვის ნათელია", - ამბობს მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი.
"ნიშნები იმისა, რომ დიდი ორგანიზებული ჯგუფები მოქმედებენ ჩვენს ტერიტორიაზე, ვფიქრობ, არ არის. თითქმის ყველა, ვინც ორგანიზებული კრიმინალისკენ არის მიდრეკილი, ჩვენს ტერიტორიაზე არ მოქმედებს. საბოლოო ჯამში, ჯობია, ის გაუხსნელი საქმეები გახსნან, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს. როდესაც იყო ორგანიზებული დანაშაულის საშიშროება, ჩვენ ამას კარგად ვგრძნობით და ვხედავდით. დღეს ასეთი საშიშროება, ვფიქრობ, არ არსებობს. არის წვრილმანი ხულიგნობა, ინდივიდუალური დანაშაულები, რომლებიც, რიგ შემთხვევაში, მძიმე შედეგით სრულდება და არის შეკვეთილი მკვლელობები. ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩასატარებელი ნიშნები არ არსებობს, რადგან თითქმის ყველა მათგანი ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფია. მე მომხრე ვარ, მათი ექსტრადირებაც არ ხდებოდეს და იქვე მოახდევინონ სასჯელი. საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდია, რომ ქართველები სხვა ქვეყნებში სწორედ ამ სახელით "იჩენენ თავს", - მიიჩნევს ისტორიკოსი თედო დონდუა.
"თუ ამის საჭიროება არ არის, რატომ უნდა ჩატარდეს? ეს შეკითხვა ძალოვან უწყებებს უნდა დავუსვათ, რომელთაც აქვთ ზუსტი ინფორმაცია. საბერძნეთსა და საფრანგეთში ანტიკრიმინალური ოპერაცია საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, არალეგალურად ჩასულების წინააღმდეგ ჩაატარეს. თუ ქართული მხარე თვლის, რომ აქაც არის ანტიკრიმინალური ოპერაციის საჭიროება, მაშინ უნდა ჩატარდეს, მაგრამ არა ქართველების, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ", - მიიჩნევს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.