სომხეთის ოპოზიცია

სომხეთის ოპოზიცია "აზიურ-ტოტალიტარული მმართველობის" დამხობით იმუქრება

“ოპოზიციის დიდი პროტესტის მიუხედავად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გახდა. ერევანსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდება, სამთავრობო შენობები ისევ ბლოკირებულია. ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე 80-მდე მომიტინგეა დაკავებული. ოპოზიციამ დააანონსა, რომ "ხავერდოვან რევოლუციას" იწყებს, რომლის საბოლოო მიზანი არის სომხეთში "აზიურ-ტოტალიტარული მმართველობის" შეცვლა და სარგსიანის არჩევის შემდეგ კიდევ უფრო მასშტაბური მიტინგისთვის ემზადებიან. ასევე მოლოდინი აქვთ, რომ პროვოკაციები და დაკავებები იქნება. "აღარ გვინდა სერჟ სარგსიანი, გვინდა ცვლილებები!", "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს!", "ჩვენ ჩვენი ქვეყნის პატრონები ვართ!" - ორი დღეა ასე სკანდირებენ მომიტინგეები.# ოპოზიცია და ქუჩაში გამოსული ხალხი ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პრემიერად დამტკიცებას აპროტესტებენ. მომიტინგეები ამბობენ, რომ სარგსიანმა 10-წლიანი მმართველობის დროს არაერთი დაპირება ვერ შეასრულა და მისი გაპრემიერების შემდეგაც არაფერი შეიცვლება, რადგან ის და მისი გუნდი მხოლოდ საკუთარი ოჯახებისა და პირადი ინტერესებისთვის იბრძვიან. ხალხი აპროტესტებს იმასაც, რომ სარგსიანმა არჩევნების წინ პირობა დადო, არც ერთ თანამდებობაზე აღარ იქნებოდა და ესეც მოიტყუა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით სომხეთის ოპოზიცია "აზიურ-ტოტალიტარული მმართველობის" დამხობით იმუქრება

"უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, სომხეთში საინტერესო პროცესები დაიწყო, თუმცა გამოუვა თუ არა ოპოზიციას "ხავერდოვანი რევოლუცია", ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მაისაიას თქმით, რამდენიმე დღეს უნდა დაველოდოთ. ჯერჯერობით ნათელი არ არის სურათი, მოვლენები როგორ განვითარდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხეთში წინა არჩევნები სისხლის ღვრის ფონზე ჩატარდა და ამდენად, ეს გასათვალისწინებელია. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში თითქოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია მოხდა და ქვეყანა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, პოლიტიკური ვერტიკალი მაინც არ შეიცვალა და ქვეყანას ისევ ე. წ. ყარაბაღის კლანი აკონტროლებს, რომელთანაც გარკვეულწილად დაპირისპირება არსებობს საზოგადოებაში. ამიტომაც არის დიდი უკმაყოფილება საზოგადოების სოლიდურ ნაწილში. სიტუაცია ძალიან დაძაბულია. ალბათ მოსკოვი მიიღებს ზომებს, რომ ჩაერიოს და დააბალანსოს, როგორც ეს წინა არეულობის დროს მოხდა. სიტუაციის შემდგომი განვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, სხვა ოპოზიციური პარტიები რამდენად დაუჭერენ მხარს პაშანიანისა და მისი მომხრეების გამოსვლებს. ყველაფერს მომდევნო 2-3 დღე გადაწყვეტს. საქმე ისაა, რომ მომიტინგეების გეგმა იყო, სარგსიანის პრემიერად არჩევნებამდე საქმე არ მისულიყო და ქართული "ვარდების რევოლუციის" მსგავსი სცენარი განეხორციელებინათ. ახლა სარგსიანი არჩეულია და ალბათ, გადავლენ უკრაინული მაიდნის მსუბუქ ფორმაზე. არა 2014 წლის მაიდნის, არამედ 2004 წლის, როდესაც იუშჩენკოს მიეცა კარტ-ბლანში. ვნახოთ, რამდენად ეყოფა სომხეთის ოპოზიციას ამის ძალა," - აღნიშნავს გამოცემა.

"ერევანში პროტესტი 13 აპრილს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია "ელქის" ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ორგანიზებით დაიწყო, თავიდან - მცირე მასშტაბით. "ჩვენ აზიურ ტოტალიტარულ სახელმწიფოებრიობას ვაპროტესტებთ. ეს არის მშვიდობიანი პროტესტი სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ", - აცხადებს პაშინიანი. ოპოზიციური მასშტაბური დაუმორჩილებლობის აქცია კი ორშაბათიდან დაიწყო, რომელიც გუშინ "ხავერდოვანი რევოლუციის" დაწყების მოწოდებითა და სახელმწიფო შენობების ბლოკირებით გაგრძელდა. პაშინიანის განცხადებით, პოლიციამ მას მიტიგის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დემონსტრანტების დაშლით დაემუქრა. თუმცა ჩვენ სხვაგვარად მოვიქცევით. მსვლელობას გავმართავთ და სხვა სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირების პარალიზებას მოვახდენთ. იქ, სადაც შესვლას შევძლებთ, შევალთ და მჯდომარე საპროტესტო ქაციებს გავმართავთ… სომხეთში რევოლუციური სიტუაცია შეიქმნა და აქ ვაცხადებ "ხავერდოვანი რევოლუციის" დაწყების შესახებ", - განაცხადა პაშინიანმა. მომიტინგეებს რესპუბლიკის მთავარი მოედანი და ცენტრალური ქუჩები რკინის კონსტრუქციებითა და სკამებით აქვთ გადაკეტილი. ასევე ბლოკირებულია მთავარი პროკურატურა და რამდენიმე სამინისტროს შენობა. მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი. სომხეთის პარლამენტის (ეროვნული კრება) შენობასთან უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრებულია. სამართალდამცველები ჟურნალისტებს მოუწოდებენ, მომიტინგეებთან დისტანცია დაიცვან“, - განაგრძობს გამოცემა.

"ერევნის პარალელურად, აქციები მიმდინარეობს სომხეთის სხვა დიდ ქალაქებში. საპროტესტო აქციები გიუმრში, ვანაძორსა და კაპანში იმართება. ბოლო 2 დღეში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის რამდენიმე შეტაკებაც მოხდა. პირველი დაპირისპირება ერევანში ორშაბათს მოხდა. დაშავდა 46 ადამიანი, მათ შორის - 6 პოლიციელი. დააკავეს 29 მონაწილე. პოლიციამ მთავარ მოედანზე მავთულხლართები დაამონტაჟა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენა. ბოლო ორი დღის მონაცემებით, სომხეთის პოლიცია 59 ადამიანის დაკავების შესახებ იუწყება, ოპოზიცია კი 80-მდე დაკავებულზე საუბრობს. სიტუაცია გუშინ მას შემდეგ უფრო დაიძაბა, რაც პარლამენტმა სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. სარგსიანს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა მხოლოდ 17. პრეზიდენტის სავარძლიდან პრემიერის სავარძელში გადამჯდარი სარგსიანი ხუთდღიან ვადაში მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს. სარგსიანის კანდიდატურა სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიისა და მისი კოალიციური პარტნიორის, "დაშნაკცუტუნის" საპარლამენტო ფრაქციებმა წარადგინეს“, - დასძენს გამოცემა.

"პარლამენტის სხდომაზე სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი გააგრძელებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთთან და ასევე მეგობრობას - დასავლეთთან. 2015 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. 9 აპრილს სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანის ინაუგურაცია ჩატარდა. არმენ სარგსიანი სომხეთის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც არა მოსახლეობამ, არამედ ქვეყნის პარლამენტმა - ეროვნულმა კრებამ აირჩია ინაუგურაციის შემდეგ მალევე, სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ექსპრეზიდენტ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინა. ის სომხეთის პრეზიდენტი 2008-2018 წლებში იყო. მანმადე, ის ერთი წლის განმავლობაში სომხეთის მთავრობის მეთაური იყო, ასევე იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს 2000-2007 წლებში. სარგსიანის გაპრემიერების შემდეგ მომიტიგეების რაოდენობამ იმატა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ლიდერებმა დაამონტაჟეს სცენა და მომავალი მასშტაბური აქცია დააანონსეს. აქციის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი იბრძოლებენ მშვიდობიანად, ცარიელი ხელებით და სერჟ სარგსიანმა უნდა დაინახოს, რომ მას არ ჰყავს ხალხი, რომელსაც მართავს. მოედანზე ასევე გაზრდილია სამართალდამცველების რაოდენობაც. აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ ინფორმაციას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, სამართალდამცველები სამოქალაქო სამოსით აქციის მონაწილეებს შორის არიან შეგზავნილი“, - წერს სტატიის ავტორი.