“პრეზიდენტის შეწყალების კონსტიტუციური უფლება, შესაძლოა, გადაიხედოს. ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უმრავლესობა ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა და პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას გარკვეული სტანდარტების თავიდან შემუშავებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით შეწყალებულთა რაოდენობა, შესაძლოა, მკვეთრად შემცირდეს
"არსებობს კონსტიტუციური დისკრეცია და პრეზიდენტს შეუძლია, შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი. ძალიან მძიმე დამნაშავეც შეიძლება შეიწყალოს მოქმედი კანონმდებლობით, თუ მას ამის სურვილი აქვს. თუ ეს რაღაც დონეზე არ დარეგულირდა, გარკვეული სარფთხის მატარებელია იმიტომ, რომ ბოროტად ამის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ძალიან ცუდი რამ მოხდეს. ელემენტარულად, ბოროტმოქმედი და საშიში ადამიანი გამოუშვას, თუ მას ასეთი სურვილი გაუჩნდება. ჩვენ ვერ შევუცვლით პრეზიდენტს ამ დისკრეციას, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაც ჩარჩოში ეს დისკრეცია თავად უნდა მოაქციოს და შეწყალების კომისიამაც გარკვეული სტანდარტებით უნდა იმოქმედოს. მათ ეს სტანდარტები უნდა დაადგინონ და გაასაჯაროონ. თუ ამას არ გააკეთებენ, ყოველთვის იქნება სუბიექტურობის და ხანდახან ამ უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაც", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ. საგულისხმოა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის კრიტიკა უმრავლესობის მხრიდან პირველი არ არის. უფრო მეტიც, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება, შეიწყალოს დამნაშავე პირი, არის შეუზღუდავი“, - აღნიშნავს გამოცემა.
"შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტი შეწყალების გამო სკანდალში კიდევ ერთხელ გაეხვია. როგორც გაირკვა, საკუთარი გერის მკვლელობაში ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ცოტა ხნის წინ საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა, რის გამოც 2 დღის განმავლობაში პრეზიდენტის მისამართით კრიტიკა არ შეწყვეტილა. პრეზიდენტმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემა დროებით შეწყვიტოს. კომისიამ მე მომმართა ამ ადამიანის სრულად გათავისუფლების თაობაზე, მე მხოლოდ გავანახევრე სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ მე რომც არ გამენახევრებინა და ის 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ გაგაცანით ყველა შემადგენელი ამ გადაწყვეტილებისა, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ როგორც ამ მოვლენას, ასევე, იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. მარგველაშვილის თქმით, ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რაც თავის თავში მოიცავს არამარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში", - განაგრძობს გამოცემა.
"იურისტ ამირან გიგუაშვილის თქმით, შეწყალებასთან დაკავშირებით ტექნიკური ნაწილი უნდა გადაიხედოს. ზოგადად კი, შეწყალება, როგორც პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, უნდა არსებობდეს. გიგუაშვილის თქმით, ყველა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, შეწყალების უფლება აქვთ როგორც პრეზიდენტს ფედერალურ დანაშაულებებთან დაკავშირებით, ისე კონკრეტული შტატის გუბერნატორებს იმ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რომელსაც ფედერალური ხასიათი არ აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს უფლება უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს. ეს უფლება გარკვეულწილად ემსახურება მართლმსაჯულების ხარვეზის აღმოფხვრას. სხვა საკითხია შესწავლის და უფლების გამოყენების ხარისხი. პრეზიდენტს ეს უფლება, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა ვიდავოთ იმაზე, რამდენად კვალიფიციურად და ხარისხიანად ხდება კონკრეტული საკითხების შესწავლა. შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის. შეიძლება შეწყალებული ადამიანი სამართლებრივად დასაბუთებულად იყოს გამოშვებული, მაგრამ მან მაინც ჩაიდინოს იმავე ტიპის დანაშაული. ამისგან დაზღვეული არავინაა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შეწყალების პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ობამამ 5 ათასზე მეტი განცხადებიდან, რომლებიც შეწყალებას ეხებოდა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიწყალა მაშინ, როდესაც ჩვენთან მიმართვის დაახლოებით 12-13%-ია პრეზიდენტის დადებითი გადაწყვეტილების მაჩვენებელი, არასრულწლოვნებთან მიმართებით კი 67%-ია. ასე რომ, ეს არის ექსკლუზიური უფლება და არა სტანდარტული. პროცედურები ტექნიკური ნაწილია და ალბათ ეს არის გადასახედი მეტი კონტროლისა და ბიუროკრატიული მექანიზმების გამკაცრების თვალსაზრისით", - დასძენს გამოცემა.
"შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის - ელენე თევდორაძის განცხადებით კი, არ არის აუცილებელი, შეწყალების კომისიამ იმ მუხლით გასამართლებული ყველა ადამიანი შეიწყალოს, ვისზეც რეკომენდაციას პრეზიდენტი იძლევა. შეწყალების შესახებ არანაირი კანონი არ არსებობს, ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება. ამ შემთხვევაში, რაც ახლახან მოხდა, ჩემი აზრით, შეცდომა იქნა დაშვებული. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები არ უნდა შეიწყალონ. ჩემი მუშაობის დროს ძალადობაზე დაკავებული პატიმრისთვის არც ერთხელ თანხმობა არ მიგვიცია - ეს იყო ჩვენი კომისიის მკაცრი პოზიცია. იყო რამდენიმე მუხლი დანაშაულისა და წინასწარი მოლაპარაკებით ამ ტიპის დანაშაულში მსჯავრდებულებს არ ვიწყალებდით. მათ შორის იყო ძალადობა, გაუპატიურება, დანაშაულში არასრულწლოვნის ჩართვა და სხვა. ამ მუხლების მიმართ ყოველთვის მკაცრები ვიყავით. არ არის აუცილებელი, რომ ყველა მუხლი, რაზედაც ამახვილებს პრეზიდენტი ყურადღებას, იყოს გაწერილი. შენ ხარ კომისიის წევრი და შენზეა დამოკიდებული, ვის მისცემ რეკომენდაციას. ვფიქრობ, კომისიაში უნდა იყოს საერთო მოლაპარაკება", - წერს სტატიის ავტორი