"ფინანსურ ბაზარზე, ფაქტობრივად, "შუა გაიკრიფა" - მალე დარჩებიან მხოლოდ ბანკები და მევახშეები"

არასაბანკო სექტორისთვის, შესაძლოა, ახალი რეგულაციები ამოქმედდეს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, არასაბანკო სექტორი ფიზიკურ პირებს სესხს შემოსავლების დაუდასტურებლად ვეღარ მისცემს. დოკუმენტზე ეროვნული ბანკი მუშაობს. ამგვარ რეგულაციას აუცილებელს უწოდებს არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი, თუმცა ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა გათვალოს თანამდევი რისკებიც - როგორ მოიქცევიან ის ადამიანები, ვისაც დადასტურებული შემოსავალი არ აქვს და სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციისგან სესხს ხშირად იღებენ? არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი ბერძენაძის თქმით, რეგულაციების გამკაცრებას თან ბევრი რისკიც ახლავს", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "მალე დარჩებიან მხოლოდ ბანკები და მევახშეები" / ახალი რეგულაციები ე.წ. შავ ფინანსურ ბაზარს წაახალისებს?!

"ერთი შეხედვით კარგი ინიციატივაა, რადგან შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა არ შეიძლება. კომპანიებიც დაინტერესებული უნდა იყვნენ, რომ სესხის აღების შემდეგ მოქალაქე გადახდისუუნარო არ გახდეს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, მზად იქნება თუ არა მოსახლეობა ამ ცვლილებისთვის. როგორ მოიქცევიან ის ადამიანები, ვისაც არ აქვთ დადასტურებული შემოსავალი და ყოველდღიურად იღებენ სხვადასხვა სესხს? არსებობს დიდი რისკი, რომ ამ ტიპის მომხმარებელმა ე.წ. შავ ფინანსურ ბაზარს მიაკითხოს ფულის სასესხებლად. მოდი, ვნახოთ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებისთვის რეგულაციები გაამკაცრა და საპროცენტო სარგებელზე 100%-იანი ზღვარი დააწესა - ბოლო ერთ წელიწადში ამ ორგანიზაციების დაახლოებით 60% ბაზრიდან გავიდა, რამდენიმემ კი სტატუსი შეიცვალა და მიკროსაფინანსო გახდა. სამაგიეროდ, ეს სეგმენტი წარმატებით აითვისეს კომერციულმა ბანკებმა. მათ დაიწყეს ონლაინკრედიტების გაცემა მაღალი საპროცენტო განაკვეთით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ბერძენაძე.

"კრედიტინფო საქართველოს" ინფორმაციით, 2016 წელს 46 ონლაინსასესხო კომპანია იყენებდა მათ სერვისს კონკრეტულ მსესხებლებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, 2017 წელს კი მათი რიცხვი 22-მდე შემცირდა. საგულისხმოა ამ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების გაფორმებული სასესხო კონტრაქტებიც. 2016 წელს 4 მილიონი ერთეული ონლაინსესხის ჩანაწერი აიტვირთა "კრედიტინფოს" ბაზაში, რაც 100%-იანი ზრდა იყო 2015 წელთან შედარებით. 2017 წელს უკვე 5 მილიონი ასეთი სესხი გაიცა. როგორც ვხედავთ, ონლაინსაკრედიტო კომპანიების განახევრების მიუხედავად, მათი გაცემული სესხების რაოდენობა 1 მილიონით მაინც გაიზარდა, ანუ ამ ტიპის სესხებზე მოთხოვნა იზრდება და თუ ეს კომპანიები ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მომსახურებას ვეღარ შეძლებენ, გამოჩნდება ვიღაც სხვა, ვინც მოთხოვნას დააკმაყოფილებს. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ბაზრიდან გასვლა დარჩენილ­ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებსაც მოუწევთ, რადგან ისინი, ძირითადად, შემოსავლის დადასტურების გარეშე გასცემენ სესხებს და სწორედ ამ ტიპის მომხმარებელი ჰყავთ. ამდენად, კომერციული ბანკების მოქმედების არეალი უფრო გაფართოვდება", - განმარტავს არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი.

"ონლაინსაკრედიტო კომპანიების მსგავსად, სწრაფ, მოკლევადიან და ძვირად ღირებულ სესხებს შემოსავლის დადასტურების გარეშე გასცემენ შპს-ები, რომლებიც, ძირითადად, ბაზრებისა და ბაზრობების მოვაჭრეებისთვის მუშაობენ. ახალი რეგულაციის ამოქმედებით, საქმიანობა მათაც შეეზღუდებათ. და სად წავა, ვის მიადგება ეს ხალხი ფულის სასესხებლად? ალბათ, იმ კატეგორიას, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს - კერძო მევახშეებს. მათ ეს რეგულაცია, ფაქტობრივად, არ და ვერ შეეხებათ, რადგან არსად არიან რეგისტრირებული და სახელმწიფოს არც მათი აღრიცხვის მექანიზმი აქვს. რეგულაციების გამკაცრებამდე კარგი იქნებოდა სახელმწიფოს მიერ კერძო მევახშეების იდენტიფიცირება, ვინც, ფაქტობრივად, იატაკქვეშეთში საქმიანობს, - თვლის რესპონდენტი.

"კიდევ ერთი მაგალითი, რომ მხოლოდ რეგულაციების გამკაცრებით სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ: 2017 წელს მეწარმე სუბიექტებს აეკრძალათ ფიზიკური პირისგან ნებისმიერი ფორმით ფულადი სახსრების სესხება, თუ მოზიდული სახსრების ოდენობა არ აღემატება 100 000 ლარს. ეს 100 000-ლარიანი შეზღუდვა არ ვრცელდება მეწარმე სუბიექტის მიერ 20-ზე ნაკლები ფიზიკური პირისგან მოზიდულ სახსრებზე. შეზღუდვა ასევე არ ეხება კომერციულ ბანკებს, საკრედიტო კავშირებს, საბროკერო კომპანიებსა და საჯარო შეთავაზების გზით ფასიანი ქაღალდების ემისიას. მესმის, რომ უნდა იყოს მკაცრი რეგულირება, მით უფრო, რომ უამრავი ადამიანი დაზარალდა, როცა საკუთარი დანაზოგი ე.წ. ფინანსურ კომპანიებს ანდო, თუმცა, სად წავიდა ის თანხა, რომელსაც რეგულაციების გამო ეს კომპანიები ფიზიკური პირებისგან ვეღარ იღებენ? ბანკებში დეპოზიტებზე განაკვეთები ძალიან დაბალია და იმ ხალხს, ვისაც თავისუფალი ფულადი სახსრები აქვს და მათი გასესხებით შოულობს ფულს, ბანკში ამ თანხის შეტანა ხელს არ აძლევს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს თანხა კერძო მევახშეების ხელში გადავიდა. ანუ ამ ხალხმა ფული ასესხა კერძო მევახშეებს, რომლებიც შემდეგ მას უფრო ძვირად გაასესხებენ", - დაასკვნის ბერძენაძე. 

"ანუ რეგულაციის გამკაცრებით კი გადავწყვიტეთ ე.წ. ფინანსური პირამიდების პრობლემა, მაგრამ მივიღეთ სხვა პრობლემა, რადგან ამ ფულმა უკონტროლო სივრცეში გადაინაცვლა. ეს დასაფიქრებელია, რადგან ამ სფეროში ხშირად ფულის ამოღების კრიმინალური მეთოდები მოქმედებს. მოკლედ, ფინანსურ ბაზარზე, ფაქტობრივად, "შუა გაიკრიფა". მალე დარჩებიან მხოლოდ ბანკები და კერძო მევახშეები. ის, ვისაც შემოსავალი ოფიციალურად ერიცხება, სესხისთვის ბანკს მიმართავს, ვისაც არა - კერძო მევახშეებს. გამოვა, რომ რეგულაციების ამოქმედებით ფინანსური ბაზრის მოთამაშეების ნაწილი გაქრა, თუმცა მათი ადგილი სხვამ დაიკავა, საქართველოს მოსახლეობა კი ჭარბი ვალებით მსოფლიო რეკორდებს ხსნის", - დასძენს რესპონდენტი.