"საქართველოში რუსული პროპაგანდა ფეხს თანდათანობით აქტიურად იკიდებს - რადიოსადგურ "სპუტნიკის" შემდეგ მაუწყებლობას "გაზპრომის" მიერ დაფინანსებული ტელევიზია "ენ-ტე-ვე პლუსი" იწყებს. ანალიტიკოსების აზრით, ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან საქართველოში რბილი ძალის გააქტიურება სხვადასხვა მედიასაშუალებითა და არასამთავრობო ორგანიზაციებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიმჩნევა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსული მედიაჰოლდინგი "გაზპრომმედია", რომელსაც "ენ-ტე-ვე პლუსის" ბრენდი ეკუთვნის, საქართველოს ფასიან სატელევიზიო ბაზარზე შემოდის. რუსულმა ტელემაუწყებელმა ლიცენზია უკვე მიიღო, წლის ბოლომდე კი კომპანია 30 ათასი აბონენტის მოზიდვას ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსული მედიაშეტევა - "მიზანია ქართულ ოჯახებზე გავლენის მოხდენა" / "გაზპრომმედია" საქართველოში "ენ-ტე-ვე პლუსის" ბრენდით შემოდის.
"გაზპრომმედიას" უკვე აქვს თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება ქართულ კომპანია "მედია ჯგუფთან", რომელიც ჰოლდინგის 20-ზე მეტი ტელეარხის ექსკლუზიური დისტრიბუტორია. საზღვარგარეთ ჩვენს მედიაკონტენტზე არსებული დიდი მოთხოვნა ამ პარტნიორობის პოტენციალზე მიუთითებს", - განაცხადა "გაზპრომმედიის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჩერნიშენკომ. კომპანია "მედია ჯგუფის" გენერალური დირექტორის - დავით ნაკაშიძის განცხადებით, "ენ-ტე-ვე პლუსი" ძლიერი და ცნობილი ბრენდია, რომელიც ხარისხიან სატელევიზიო პროდუქტს ქმნის. საქართველოში რუსულ არხებსა და ლეგალურ რუსულენოვან კონტენტზე მოთხოვნა არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წინადადება საქართველოში აბონენტებს დააინტერესებს", - განაცხადა დავით ნაკაშიძემ. ანალიტიკოსებმა რუსული არხის შემოსვლა ქართულ ბაზარზე რუსეთის პროპაგანდის ნაწილად უკვე აღიქვეს, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ეს მოსახლეობაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, საქართველოში "გაზპრომის" გააქტიურება კარგი ცხოვრების გამო არ ხდება, თუმცა "ენ-ტე-ვე პლუსი" დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან რუსეთს ჩვენში მეხუთე კოლონა არ ჰყავს. ანალოგიურად ფიქრობს ანალიტიკოსი ნოდარ ტანგიაშვილიც", - აღნიშნავს გამოცემა.
"რასაკვირველია, ეს პროპაგანდაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს კარგი ცხოვრების გამო ხომ არ ხდება. მით უმეტეს ენერგეტიკის სფერო გაცილებით გაუმჭვირვალეა ჩვენთან, ვიდრე მთლიანად საგარეო პოლიტიკა. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, რა ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან, ვიცით მხოლოდ ის, რომ სააკაშვილის დროსთან შედარებით ცოტა გაგრილდა ეს ურთიერთობა, ლიდერების ხშირი მისვლა-მოსვლა აღარ არის. "გაზპრომი" რუსეთის ყველაზე ქმედითი იარაღია, უფრო ქმედითი, ვიდრე მისი რაკეტები ან ბირთვული წყალქვეშა ნავები. თუმცა არა მგონია, "ენ-ტე-ვე პლუსმა" რაღაც გადამწყვეტი გავლენა იქონიოს, ვინაიდან ჩვენთან რუსეთს ე.წ მოძმე რესპუბლიკებისგან განსხვავებით საქართველოში მეხუთე კოლონა არასოდეს არ ჰყოლია. მაგალითად, ბალტიისპირეთში ჰყავს. რუსული მოსახლეობა ანტიქართული განწყობილებით არასოდეს გამოირჩეოდა. დღეს საზოგადოება ნიგერიელებისადმი უფრო აგრესიულად არის განწყობილი, ვიდრე აქ მცხოვრები რუსებისადმი. ამიტომ არა მგონია, ამან რაღაც დიდი გავლენა იქონიოს, თუმცა, რასაკვირველია, ჯობია, რომ "გაზპრომთან" არანაირი ურთიერთობა არ გვქონდეს", - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
"ნებისმიერი რუსული არხი, მით უმეტეს კრემლის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიის შემოსვლა საქართველოში არის დამატებითი საშუალება რუსეთის რბილი ძალისა. რამდენადაც ვიცი, სამიზნე ჯგუფი იქნება საკმაოდ დიდი - მიზანია ქართულ ოჯახებზე გავლენის მოხდენა და ცხადია, რომ ეს არის პროპაგანდის საშუალება. რუსეთში არ არსებობს დამოუკიდებელი მედია. ყველა არხი, მით უმეტეს "გაზპრომის" მიერ დაფინანსებული, ატარებს მხოლოდ კრემლისტურ პოლიტიკას. მსოფლიო პოლიტიკაზე, საქართველოზე ისე გააშუქებენ მოვლენებს, როგორც კრემლს სურს. თუ მხოლოდ რუსულ ენაზე აპირებენ მაუწყებლობას, იმდენად დიდი გავლენა ვერ ექნება, რამდენადაც აქვს ქართულენოვან მედიას. საქართველოში არ გვყავს მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მოსახლეობა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. ამიტომ ქართულ მედიასთან შედარებით დიდი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ მაინც ექნება, ცხადია", - დასძენს ნოდარ ტანგიაშვილი.