"ფაროსანას გავრცელების საფრთხის მომიზეზებით ჯერ რუსეთმა დაუწესა ემბარგო ოკუპირებულ აფხაზეთს და, ამასთან, განაცხადა, რომ ეს შესაძლოა, "საქართველოდან აფხაზეთში გაშვებული ბიოლოგიური დივერსია იყოს", შემდეგ კი რუსეთიდან ემბარგოს გამო განაწყენებულმა სოხუმის რეჟიმმა დანარჩენი საქართველოდან აკრძალა ნებისმიერი მცენარეული პროდუქციის შეტანა, რუსეთიდან შეზღუდვას კი "ბლოკადა" უწოდა, რომელიც აფხაზებს კატასტროფულად დააზარალებს. აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის ამ ნაბიჯის გამო უკმაყოფილებას არ მალავს, აცხადებს, რომ ფაროსანა საქართველოდან გავრცელდა და ამის მიუხედავად, რუსეთი მაინც აგრძელებს საქართველოსთან ვაჭრობას, აფხაზები კი დასაჯა - 2 აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთში ხილ-ბოსტნეულსა და მწვანილს ვეღარ შეიტანს. გადაწყვეტილება რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო, მიზეზად კი აფხაზეთში ფაროსანას გავრცელების კრიტიკული მასშტაბი დაასახელა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პანიკა აფხაზეთში: "ეს კარანტინი ბლოკადის ტოლფასია..."
"გარდა ამისა, "როსსელხოზნადზორი" გამოთქვამს ვარაუდს, რომ ფაროსანა შეიძლება "საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ამერიკულ ლაბორატორიებში იყოს გამოყვანილი და შემდეგ განგებ შეტანილი აფხაზეთის ტერიტორიაზე", ისევე, როგორც თავის დროზე "შეიტანეს" ამ რეგიონიდან რუსეთის ტერიტორიაზე "ღორის ჭირის" ვირუსი. რუსეთიდან დაწესებულ ამ შეზღუდვას სოხუმში უკმაყოფილოდ შეხვდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ბესლან ცვინარია აცხადებს, რომ მათი შემოსავალი დამოკიდებულია ტვირთბრუნვაზე, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის ჩათვლით. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აფხაზეთიდან ტვირთის მთელი ექსპორტი დაიხურება. განცხადებით გამოვიდა დე ფაქტო ვიცე-პრემიერი ასლან კობახიაც - "ეს კარანტინი ბლოკადის ტოლფასია. მრავალი სათბურიდან ბევრი აშენებულია რუსული ინვესტიციებით, ხალხმა ბანკებიდან კრედიტები აიღო და ეს ყველაფერი გასკდება. ფაროსანა რომ მხოლოდ აფხაზეთის პრობლემა იყოს, მაშინ ეს გასაგები იქნებოდა. მწერმა საზღვრები არ იცის. საქართველო მშვენივრად ვაჭრობს რუსეთის ფედერაციასთან და არავის არაფერი დაუწესებია, ხოლო აფხაზეთთან დაწესდა. გამოდის, რომ "როსსელხოზნადზორის" მსხვერპლი მარტო ჩვენ ვართ", - ამბობს კობახია. ამ განცხადებების შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა და მცენარეული პროდუქციის შეტანა დანარჩენი საქართველოდან აკრძალა", - აღნიშნავს გამოცემა.
"სოხუმის ე.წ. "სახელმწიფი ინსპექციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მდინარე ენგურის გამშვებ პუნქტზე მიმდინარე საკარანტინო ფიტოსანიტარიული შემოწმებისას საქართველოდან მომავალი მგზავრების ხელბარგში არაერთხელ აღმოჩნდა ფაროსანა, რომელიც საშიში პოლიფაგია სუბტროპიკული რეგიონებისთვის, რადგან წელიწადში რამდენჯერმე შეუძლია გამრავლება და აკლიმატიზაციის გავლის შემთხვევაში სწრაფად იკავებს პოტენციურ არეალს - "წინასწარი გათვლით, მისი გავრცელების შემთხვევაში აფხაზეთს 1 მლრდ რუბლის ოდენობის ზარალი მიადგება. ამდენად, მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, 31 მარტიდან მოსაზღვრე ტერიტორიიდან შემომავალ პირთა მიერ ხელბარგითა და ბარგით ყველა სახის მცენარეული პროდუქციის შემოტანა დროებით შეიზღუდოს", - ნათქვამია განცხადებაში. "ექსპერტთა კლუბის" წევრ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, მთელი ამ ემბრაგოს ისტორია არის რუსული პოლიტიკა, რომ კიდევ ერთხელ რაღაც დააბრალოს საქართველოს და დივერსიის მოწყობაში საქართველო და აშშ "ამხილოს", - დასძენს გამოცემა.
"ადრე იყო ნათქვამი, რომ ფაროსანა საქართველოში სწორედ რუსეთიდან გაჩნდა - როდესაც სოჭის ოლიმპიადის დროს ჩამოიტანეს ხის სამშენებლო მასალა ჩინეთიდან, მას მოჰყვა ეს მწერი. ვერ გეტყვით, ეს რამდენად მართალია, მაგრამ ვერსია ასეთია. რუსეთი კი ცდილობს, საქართველო გარკვეულ დივერსიაში დაადანაშაულოს. ამიტომ ბოლო ერთი კვირაა, რუსულ მედიაში ჯერ თითქოს ნეიტრალური ინფორმაციები გაჩნდა ფაროსანაზე, თუმცა მინიშნებით საქართველოზე, ბოლოს კი რუსეთის ხელისუფლებამ დააგვირგვინა თავისი განცხადებით და თავისი ჭკუით დაარტყა ლუგარის ლაბორატორიას. ალოგიკური განცხადებაა. რუსეთი ცდილობს, თავისი მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ სწორედ საქართველოა დამნაშავე, ფაროსანა რომ რუსეთის ტერიტორიაზე გაჩნდა. ამ განცხადების ნაწილია აფხაზებისთვის ემბარგოს დაწესებაც. ახლა ისეთი პერიოდია, რომ აფხაზეთიდან რუსეთში არაფერი არ გადის ისეთი, რაზეც ემბარგოა დაწესებული. ამიტომ ეს აკრძალვა აფხაზებს ძალიან დიდ ზიანს ვერ მოუტანს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლის ცქიტიშვილი.
"მით უმეტეს, სოჭის საბაჟოზე პერიოდულად მაინც არ უშვებდნენ აფხაზეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას სხვადასხვა მიზეზით, რადგან ხან რას პოულობენ, ხან - რას. ამიტომ ის, რომ ამ ემბარგოთი ძალიან დიდი ზიანი მიადგება აფხაზებს, სასაცილოა. ეს ემბარგო უნდა განვიხილოთ იმ განცხადების გაგრძელებად, რომ თითქოს საქართველო უწყობს დივერსიას რუსეთს. რუსეთს ანერვიულებს ლუგარის ლაბორატორიის არსებობა, ამიტომ ცდილობენ, რაღაც დივერსიები დააბრალონ და ამით თითქოს აშშ-ის იმიჯს დაარტყან. ამ მიზნისთვის კი ახლა აფხაზეთიც გამოიყენეს. აფხაზები უნდა შეეგუონ, რომ ისინი არაფერს წარმოადგენენ, არიან მხოლოდ პაიკები საჭადრაკო დაფაზე და რუსეთი მათ ყოველთვის გაუკეთებს იმას, რაც თავად დასჭირდება. ამ შემთხვევაში რუსეთს აფხაზეთზე ეს ბლოკადა სჭირდებოდა და სულ არ ანაღვლებს, აფხაზები ამას როგორ შეხედავენ," - დაასკვნის ექსპერტი.