"ტყუილად ჰგონია ვინმეს თუ რუსეთს ჩავეხუტებით, უცებ იტყვის უარს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე"

"ჟენევის მოლაპარაკებებზე კრემლი მუდმივად ცდილობს წარმოადგინოს თითქოს რუსეთი არაფერ შუაშია და საქართველო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს უნდა ელაპარაკოს... რუსეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორი - იმპერიალისტური მიდგომებით აღადგინოს იმპერია საბჭოთა კავშირის საზღვრებში - კვლავაც ძალაშია. შესაბამისად, ჯერჯერობით ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ამ ფორმატის ან დახურვა, ან ჩაშლა არაფრით არ შეიძლება. უნდა არსებობდეს პრობლემატურ საკითხებზე საუბრისთვის სივრცე, რადგან როცა დადგება პროცესის დარეგულირების დრო და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება, არ უნდა მოგვიხდეს რუსეთთან საუბრის ნულიდან დაწყება, რაღაც ეტაპები მაინც უნდა გვქონდეს გავლილი. მოკლედ, ამ ფორმატში ქმედითი ნაბიჯის გადადგმისთვის პირობები არც დღეს არის და, დიდი ალბათობით, არც ექვსი თვის შემდეგ იქნება, მაგრამ დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თუ რუსეთი იმპერიის სამხედრო ძალით აღდგენას გადაწყვეტს, მაშინ..." / "რუსეთისთვის უმთავრესი პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტია" / "ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ნება და სათანადოდ უპასუხოს იმ რუსულ პროპაგანდას, რომელიც სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება" / "ტყუილად ჰგონია ვინმეს, თუ ჩვენს დასავლურ კურსზე უარს ვიტყვით და რუსეთს ჩავეხუტებით, უცებ იტყვის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე უარს".

"თუ ვინმე მოინდომებს ჟენევის ფორმატის ჩაშლას, ეს არამც და არამც არ უნდა იყოს საქართველო, ჩვენ ამის ფუფუნება არა გვაქვს. თუ რუსეთი ამას გააკეთებს, რა თქმა უნდა, ძალით მაგიდასთან ვერავის დავსვამთ, მაგრამ არც რუსეთს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ირიბად, აფხაზებისა და ოსების გამოყენებით ჩაშალოს ეს პროცესი.... რაც შეეხება კარასინის განცხადებას ძალის გამოუყენებლობის დეკლარაციის ხელმოწერის თაობაზე - ვეჭვობ, ეს ინფორმაცია ასეთი ფორმით საგანგებოდ გაახმაურეს, რათა ენახათ, რა რეაქცია ექნებოდა ჩვენს საზოგადოებას ამ დეკლარაციის მიღების შემთხვევაში. მოგეხსენებათ, წერილობით დოკუმენტზე არც ყოფილა ლაპარაკი, ამბობდნენ, რომ ზეპირი შეთანხმება იქნებოდა, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის გარდა, აფხაზები და ოსებიც შეუერთდებოდნენ. ამ ინფორმაციამ ქართველი საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამან საშუალება მისცა საქართველოს ხელისუფლებას დარწმუნებულიყო, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ქართველი საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი იქნებოდა - პრობლემა ის იყო, რომ თუნდაც ზეპირი დეკლარაციის მონაწილედ აფხაზებისა და ოსების აღიარება პირდაპირ იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მათი სტატუსი იცვლებოდა, ისინი დიალოგის სრულფასოვან მხარეებად წარმოჩნდებოდნენ, რაც ასე ძალიან სურს რუსეთს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"ამგვარი დეკლარაციის მიღება იმის ირიბი ნიშანი იქნებოდა, რომ ჟენევის ფორმატი შეიცვალა. ჯერ ამ ტერიტორიების დეოკუპაციაა საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა ფორმატში აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგი. მოკლედ, ამგვარ დეკლარაციას რუსეთი სათავისოდ გამოიყენებდა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რუსეთისთვის - თუ მოახერხებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც მონაწილე მხარეების, ლეგიტიმაციას, მაშინ ფორმატიც შეიცვლება და მოლაპარაკებაში მონაწილე სუბიექტებიც. რუსეთი დამკვირვებლის ფუნქციას შეიძენს, ისე, როგორც დასავლელი თანათავმჯდომარეები, საბოლოოდ კი აზრს დაკარგავს ის შეთანხმება, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს დოკუმენტით არის ცნობილი, სარკოზის ძალისხმევით გაფორმდა საქართველოსა და რუსეთს შორის და ამ უკანასკნელს ავალდებულებს 2008 წლის 7 აგვისტოს სტატუს-კვოს აღდგენას. დარწმუნებული ვარ, პრემიერის წერილში, სადაც ლაპარაკი იყო ფორმატის გააქტიურებასა და ცვლილებაზე, სულ სხვა რამე იგულისხმებოდა - ეს შეეხებოდა ამ ფორმატში უფრო მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების ჩართვას და არა მონაწილეთა სტატუსის შეცვლას" - განაგრძობს რესპონდენტი.

"რუსეთთან 200-წლიანი ურთიერთობა რომ არ გავიხსენოთ, ბოლო 30 წლის განმავლობაშიც კი ვერა და ვერ ჩამოვაყალიბეთ პრინციპული პოზიცია რუსეთთან. სულ რაღაც ქიმერულ გზებს ვეძებთ. შესაბამისად, ყველა ხელისუფალი ფიქრობს, წინა ხელისუფლებას არ დაელაპარაკნენ, მაგრამ მე დამელაპარაკებიანო. ანუ ყველა ახალ ხელისუფლებას უჩნდება ილუზია, რომ ის შეძლებს რუსეთთან დიალოგის გზით პრობლემების მოგვარებას, შედეგად კი სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკა ვერა და ვერ ჩამოყალიბდა, დღემდე არ თუ ვერ ვაკეთებთ სწორ ანალიზს იმისას, თუ რა სურს რუსეთს ჩვენგან. ზოგიერთის აზრით, რუსეთის აგრესია და ოკუპაცია განაპირობა საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვამ, მაგრამ გაიხსენეთ გასული საუკუნის 90-იანი წლები, როდესაც ლაპარაკი არც ნატოზე იყო, არც ევროკავშირზე, არც გაზსადენსა და არც ნავთობსადენზე... ეს ვერ შეძლო იმ ადამიანმაც, ვინც საქართველოში ყველაზე უკეთესად ერკვეოდა რუსული პოლიტიკის ლაბირინთებში, არც ის ეშლებოდა, როდის საიდან ამოდიოდა მზე და არც მედლების ჩამოკიდება... შევარდნაძეს ვგულისხმობ. თუ ვინმეს შეეძლო საქართველოში პრობლემები რუსეთთან მოლაპარაკებით გადაეწყვიტა, მასზე უკეთესი კანდიდატი არც მანამდე არსებობდა და არც დღეს არსებობს, მაგრამ მანაც ვერაფერი მოახერხა", - თვლის ექსპერტი.

"ტყუილად ჰგონია ვინმეს, თუ ჩვენს დასავლურ კურსზე უარს ვიტყვით და რუსეთს ჩავეხუტებით, უცებ იტყვის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე უარს. ნატოს რაკეტები 400 კილომეტრით იქით იქნება თურქეთის ტერიტორიაზე თუ 400 კილომეტრით აქეთ, ეს რომ ბევრს არაფერს ცვლის დღევანდელი სტრატეგიისა და სამხედრო ტექნიკის პირობებში, ხომ ძალიან ელემენტარულია? არის სხვა მიზეზი, რისი აღიარებაც არაფრით არ გვინდა - საქმე ის არის, რომ რუსეთისთვის უმთავრესი პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტია. სანამ ამას არ მივხვდებით, ვაღიარებთ და სახელმწიფო დონეზე არ გავიაზრებთ, მანამდე არაფერი გამოვა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იცოდნენ კრემლში, რომ რამე თუ მოხდებოდა, ბალტიისპირა რესპუბლიკებს აუცილებლად დაკარგავდნენ, რადგან სახელმწიფო დონეზე კი არა, ყოფით დონეზე, ყველა ნაბიჯზე ბალტიისპირელები იგნორირებას უკეთებდნენ რუსეთს, რუსულ ენასაც, კულტურას, ტურისტებს და ა.შ. იქ ცალსახად იყო ჩამოყალიბებული აზრი ყველა დონესა და სფეროში, რომ უნდა ყოფილიყვნენ დამოუკიდებელნი და რუსეთთან უნდა ელაპარაკათ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ჩვენ ამას დღემდე ვერ მივაღწიეთ", - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

"როცა ქვეყანაში ვერ ვაღწევთ შეთანხმებას, თვითონ საზოგადოებაში არ არის ამის თაობაზე ერთიანობა, ეს ყოველთვის უტოვებს რუსეთს იმის განცდას, ჯერ კიდევ შეგვიძლია საქართველო დავიჭიროთ და დავტოვოთ ჩვენს ორბიტაზეო. როცა ამაზე ჩამოვყალიბდებით, მაშინ ის პოლიტიკა, რაც დღეს გვაქვს - ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა, შეუთანხმებლობა და ა.შ. - აღარ გვექნება. მაშინ მხოლოდ ტატუნაშვილის ტრაგედიის დროს არ გამოვფხიზლდებით და არ დავიწყებთ განხილვას, უნდა ატარებდნენ თუ არა ქართველი მომღერლები კონცერტებს მოსკოვში. ემოციურ ნიადაგზე პოლიტიკის ჩამოყალიბება არაფერს მოიტანს - დიდ პოლიტიკას სჭირდება ცივი გონება და ჩარჩოები, რომელთა დიაპაზონშიც უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო ნებისმიერ დონეზე. მათ შორის ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ნება და სათანადოდ უპასუხოს იმ რუსულ პროპაგანდას, რომელიც სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. ჩემი აზრით, ეს ჯერჯერობით ჩვენს საზოგადოებაზე მნიშვნელოვნად არ მოქმედებს, მაგრამ რა იქნება ხვალ და ზეგ?!" - ამბობს რესპონდენტი.

"რაც შეეხება ჩრდილო კავკასიაში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას, ეს უფრო ძალის დემონსტრირება მგონია და არა მისი გამოყენების რეალური გეგმა. საქართველოს სუვერენიტეტის საფრთხე სულ არსებობდა და არსებობს დღესაც, 90-იანი წლებიდან დღემდე ბევრი არაფერი შეცვლილა. სანამ რუსეთს ექნება განცდა, რომ უნდა აღადგინოს რუსული იმპერია საბჭოთა საზღვრებში, ეს საფრთხე მანამდე იარსებებს. დღეს მსოფლიო "ცივი ომის" მდგომარეობაშია. დარწმუნებული ვარ ვითარება უფრო დაიძაბება, შესაბამისად, რუსეთი კონტრზომებს იღებს და ცდილობს იქით დააშანტაჟოს დასავლეთი, თუმცა მეეჭვება გაბედოს სამხედრო მოქმედებების წამოწყება. თუმცა, თუ რუსეთი გადაწყვეტს, სამხედრო ძალით აღადგინოს იმპერია, ამის აღკვეთა, სამწუხაროდ, ნაკლებად იქნება ჩვენზე დამოკიდებული. ერთი კია, არ უნდა მივცეთ მას პროვოცირების საშუალება. დიდი სიფრთხილე გვმართებს. ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილი ვისხდეთ, პირიქით, უნდა ვიმოქმედოთ თავდაცვისუნარიანობის, საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და ა.შ.", - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - "ხელისუფლებამ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა და საქართველოს დატოვება 7 დღეში მოსთხოვა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა დაგვიანებულად შეაფასა..." - პასუხობს:

"არ ვეთანხმები ამ მოსაზრებებს. ვფიქრობ, ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება საჭირო დროს მიიღო. ჩვენ ვერ ვიქნებით ანტირუსული პოლიტიკის ავანგარდში, მაგრამ ვერც გულგრილი დავრჩებით. მას მერე, რაც ვნახეთ დასავლეთის ქვეყნების სოლიდარული მოქმედება, ჩვენც შევუერთდით პროტესტს, რომელიც რუსეთმა დაიმსახურა.