აღმოსავლეთი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ იარაღდება -

აღმოსავლეთი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ იარაღდება - "ეს იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება"

"დასავლეთის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების პარალელურად, ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის საზღვართან, შეიარაღებას აძლიერებს. პოლონეთმა ქვეყანაში ამერიკული სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემების - "პატრიოტის" განთავსების შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა. გარიგება ყურადსაღებია მისი მასშტაბითაც - ამერიკული სარაკეტო სისტემები ვარშავას თითქმის 5 მილიარდი დოლარი დაუჯდება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს რუსეთისთვის იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება, რადგან ამას ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ახლა უკვე მოსკოვი შეეცდება, გადავიდეს გავლენის იმ ზონებში, სადაც აშშ-ს გარკვეული პოზიცია აქვს. პოლონეთის თავდაცვის უწყებაში კი აცხადებენ, რომ ეს სისტემები უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და პოლონეთის ჯარის ინტეგრაციას აშშ-ის არმიასთან.", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით აღმოსავლეთი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ იარაღდება - "ეს იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება".

"რუსეთის წინააღმდეგ განცხადებები არ წყდება აშშ-დანაც. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა რუსეთი "ზღვის სიღრმეების ბინადარ ცხოველს" შეადარა, რომელსაც გრძელი საცეცები აქვს და სხვა ქვეყნების მიმართ ინტერესს ინარჩუნებს. მისივე თქმით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად საჭიროა, რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს სერგეი სკრიპალის საქმეზე - "რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მიმავალი გზა ღია რჩება, მაგრამ თუ რუსეთს ურთიერთობის გაუმჯობესება სურს, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და შეწყვიტოს აგრესიული საქმიანობა", - დასძინა მან. ამას ემატება ისიც, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო რუსეთს სანქციები კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა. თავად რუსეთში აცხადებენ, რომ სერგეი სკრიპალის საქმეში რუსეთის კვალის დამადასტურებელი ადეკვატური და დამაჯერებელი მტკიცებულებები მოსკოვისთვის არ წარუდგენიათ და "ის, რაც მედიაში ვრცელდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს". სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ახლა უკვე რუსეთი აშშ-ის გავლენის ზონებში გადასვლას შეეცდება. ანალიტიკოსი არც ომის ახალი კერების გაჩენას გამორიცხავს - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსეთი ალბათ შეეცდება, რომ ახლა უკვე გადავიდეს გავლენის იმ ზონებში, სადაც აშშ-ს აქვს გარკველი პოზიციები. ეს არის შავი ზღვისპირეთი, რატომღაც ახლა ვითარება იძაბება კოსოვოში. ზოგიერთები საუბრობენ ახალი ომის პერსექტივაზე კოსოვოსა და სერბეთს შორის. როგორც ჩანს, რუსები ამერიკის გავლენის ზონაში პოზიციების აღებას შეეცდებიან. ალბათ ასევე სირიაში თავის ბაზას გააფართოებენ. ხელს შეუწყობენ იმასაც, რომ თურქეთი შევიდეს ერაყში და თუ ასე მოხდა, ეს ნიშნავს, რომ თურქეთი აშშ-ის უცხადებს არაფორმალურ ომს. რუსეთი შეეცდება, სტრატეგიულ მოკავშირეებზე იქონიოს ამ მხრივ გავლენა. ვგულისხმობ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი რუსი დიპლომატების გაძევებას. რაც შეეხება პოლონეთში აშშ-ის სარაკეტო და საჰაერო სისტემების განთავსებას, ეს პირდაპირ უკავშირდება რუსეთს, რადგან ამას თავიდანვე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მოსკოვი, სწორედ ამის გამო დაიწყო ახალ ცივ ომში ჩაბმა და ახალი შეიარაღებული რბოლის გაჩაღება. ეს იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.