“რუსეთი საქართველოს უშუალო სიახლოვეს, ჩრდილოეთ ოსეთსა და დაღესტანში "უპრეცედენტო მოცულობის" არმიის შეყვანას იწყებს, საუბარია დამატებით 2 დივიზიაზე, რომლებიც თანამედროვე სამხედრო ტექნიკით აღჭურვილი იქნება, ასევე იგეგმება სამხედრო ქალაქების აშენება და ეს ყველაფერი მზად 2018 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ძალების დანიშნულება "რეგიონში ნატო-ს მხრიდან საფრთხეების შეკავება იქნება", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით რუსეთი საქართველოსთან "უპრეცედენტო მოცულობის" არმიის შეყვანას იწყებს / "დამატებით 2 დივიზია საქართველოსთან იქნება განლაგებული, საიდანაც ისინი განახორციელებენ შეტევით ოპერაციებს"
"ქართულ სამხედრო წრეებში აცხადებენ, რომ, ვლადიმირ პუტინის მეოთხე გაპრეზიდენტების შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ ახალი პროვოკაციებისა და სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობა უფრო და უფრო იზრდება. საფრთხე რეალურია და ეს აშკარად ბევრ რამეში ჩანს. არა მარტო იმით, რომ მოსკოვმა უკვე საკმაოდ მოუხშირა რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე მუქარანარევი განცხადებების გაკეთებას თუ არმიის გაძლიერებას, არამედ კონკრეტულად იმით, რომ არმიის უპრეცედენტო მოცულობის ფორმირება ხდება უშუალოდ საქართველოს სიახლოვეს. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, პუტინმა პრეზიდენტობის ახალი ვადის მეორე დღესვე პირველი, რაც გააკეთა იყო, რომ რეზერვისტთა ორთვიანი მობილიზაცია გამოაცხადა და ეს - "სამხედრო მობილიზაცია" არის მისი მესიჯი მსოფლიოსთვის, რომ ის მზადაა სამხედრო თავდასხმებისთვის“, - აღნიშნავს გამოცემა.
"მაისაიას თქმით, რეზერვისტების გაწვევით, ფაქტობრივად, ფარული მობილიზაცია გამოაცხადა. ასევე, მან დაიწყო დამატებითი დივიზიების, ოპერატიულ-სტრატეგიული ტიპის შენაერთების შექმნა. ის უბრუნდება საბჭოთა შეტევითი ტიპის დოქტრინალურ პრინციპს. რუსეთი დამატებით 2 დივიზიას ქმნის კავკასიის რეგიონში, სამხრეთის ფედერალურ სამხედრო ოლქში და ორივე დივიზია საქართველოს უშუალო სიახლოვეს იქნება განლაგებული, საიდანაც ისინი განახორციელებენ შეტევით ოპერაციებს. დივიზიაში 10 000 სამხედროა. ორი დივიზია ნიშნავს 20 000 დამატებით სამხედროს ჩვენი ქვეყნის სიახლოვეს. პლუს, კიდევ აქვეა 58-ე არმია, რომელშიც 2 დივიზია შედის. ეს საკმაოდ სერიოზული გააქტიურებაა და საქართველოს წინააღმდეგ საფრთხე რეალურია. თუ საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის დროს, მედვედევის ბრძანების შემდეგ, რუსეთს ძალების მობილიზაციისა და შეტევისთვის რამდენიმე დღე დასჭირდა, ახლა ამ შენაერთების შექმნით პუტინს თავდასხმაზე ბრძანების გაცემის შემდეგ მხოლოდ 2-3 საათი დასჭირდება შეტევისთვის", - განაგრძობს გამოცემა.
"რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კავკასიაში უპრეცედენტო მოცულობის არმია შეჰყავს და აძლიერებს ქვეყნის სამხრეთში მთავარ დამრტყმელ ძალას - 58-ე არმიას. იქმნება 2 მოტომსროლელი დივიზია, რომელიც უახლესი სამხედრო ტექნიკით აღიჭურვება. მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ბმპ-3-ისა და ტ-72ბ3-ის ტიპის უახლესი ტექნოლოგიის ტანკებიც იქნება, რომლებიც წინა ვერსიებისგან გაძლიერებული ჯავშანდაფარვითა და უფრო მძლავრი ძრავათი განსხვავდება. არმის ნაწილი შეყვანილია კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში, იგეგმება ახალი სამხედრო ქალაქის აშენება მოზდოკსა და ვლადიკავკაზში. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ახალი დივიზიები 58-ე არმიის შემადგენლობაში მე-19 და 131-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადების ბაზაზე ჩამოყალიბდება, შემდგომში კი მათ დამატებით ბატალიონებსა და პოლკებს შემატებენ. რუსული მედიის ცნობით, ეს ყველაფერი 2018 წლის ბოლოსთვის უკვე მზად იქნება და რუსეთი ამგვარად აყალიბებს ძალებს, რომელთა დანიშნულება "რეგიონში ნატო-ს მხრიდან საფრთხეების შეკავება იქნება". ასევე, აღსანიშნავია ის, რომ 2 დღის წინ "რუსთავი-2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც საუბარია ჰაკერების მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან გამოტანილ საიდუმლო სამხედრო გეგმაზე, თუ როგორ აპირებს კრემლი საქართველოს დაპყრობას“, - დასძენს გამოცემა.
"ტელეკომპანიის ცნობით, ინფორმაცია ერთ-ერთ დახურულ ჯგუფშია გავრცელებული და საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტებში დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა მოხდეს აშშ-ისთვის, თურქეთისა და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნებისთვის საქართველოსკენ მომავალი გზების ჩაკეტვა, სტრატეგიული წერტილების დაბომბვა და ტერიტორიების მთლიანად დაკავება. დოკუმენტი 2012 წელს არის შედგენილი და, ექსპერტების ნაწილის თქმით, ფაქტები ან გარემოებები შეიძლებოდა, შეცვლილიყო, თუმცა, მათივე განცხადებით, უცვლელია რუსეთის გეგმა, საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციები გააგრძელოს. ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ეს "ჰაკერული ინფორმაცია", დიდი ალბათობით, რუსეთის გენშტაბმა სპეციალურად შემოაგდო ორი მიზნისთვის, პირველი - ამით გააფრთხილა საქართველო, რომ შეტევას რეალურად აპირებს და მეორე, საგანგებოდ შეცვალა ის ადგილმდებარეობა, საიდანაც შეტევის განხორციელება აქვს დაგეგმილი, რომ ამით დააბნიოს საქართველო. მაისაიას თქმით, კავკასიაში რუსები 2 დივიზიის შექმნას იწყებენ და ამით სულ სხვაგვარად იგეგმება საქართველოში შემოჭრა, ეს ჰაკერული ინფორმაცია კი სხვა მიმართულებიდან შემოჭრაზეა და ყურადღების გადატანას ემსახურება იმიტომ, რომ ამით იგულისხმება არა დასავლეთიდან, არამედ აღმოსავლეთიდან გრავიტაციული ცენტრის შექმნა. აღმოსავლეთის მიმართულებიდან მოხდება ძალის დემონსტრირება. ამას ჰქვია სიგნალური დიპლომატია და ეს შემთხვევით არ გაუვრცელებიათ. ერთი, ეს ინფორმაცია იყო გაფრთხილება, ჩვენ (რუსები) გაფრთხილებთ, რომ მზად ვართ ასეთი ქმედებისთვის, უბრალოდ, შეგნებულად არასწორად გაავრცელეს გრავიტაციის ცენტრი, რომ ჩვენ გაურკვევლობაში ვყოფილიყავით. გრავიტაციის ცენტრი - ასეთი ტერმინი არსებობს სამხედრო სტრატეგიაში და ეს არის ის გეოგრაფიული თუ გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, რომლიდანაც მოწინააღმდეგე აპირებს კონცენტრაციის გაკეთებას შეტევისათვის. ჩრდილოეთ ოსეთსა და დაღესტანში 2 დივიზიის დამატება მოასწავებს ამ ყველაფერს", - წერს სტატიის ავტორი.