"რუსეთში თუ წავედი სამუშაოდ, მეტყვიან, მოღალატე ხარო, არადა, აქ უსაქმურად ვზივარ..."

"მე საქართველოში წამშალეს!"

"მართალია, რუსეთმა თავის დროზე დაგვიპყრო, მაგრამ დიდი ამაგიც აქვს საქართველოზე"

შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ მთაწმინდის პარკის - ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათის მთავარი პერსონაჟი "ბომბორას" ავტორი მხატვარი მურაზ მურვანიძეა. სწორედ მას ეკუთვნის ბადრი პატარკაციშვილის მიერ განახლებული პარკის ესკიზები. ბატონ მურაზს მსოფლიოს წამყვან სცენებზე არაერეთი სპექტაკლი აქვს გაფორმებული, დღეს გულისტკივილით ამბობს, რომ სამშობლოში მის შესაძლებლობებს ვერ ვიყენებთ და იძულებულია სამოღვაწეოდ ისევ უცხოეთში წასვლაზე იფიქროს.

- ბატონო მურაზ, მსოფლიო რანგის ხელოვანი ბრძანდებით, დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რუსეთშიც წახვიდოდით სამოღვაწეოდ?

- დიახ, რუსეთშიც წავალ! ამ რამდენიმე წლის წინ, მქონდა შემოთავაზება მოსკოვის დიდი თეატრიდან, მაგრამ უარი ვთქვი. უფრო ადრე ორჯერ იყო ლაპარაკი მთავარი მხატვრის თანამდებობა იმ თეატრში, რომელიც მსოფლიო ხუთეულში შედის...

მაშინ უარი ვთქვი, რადგან პეტერბურგის მარინის თეატრში ვმუშაობდი და ის თეატრი ძალიან მიყვარდა... როდესაც თბილისის ოპერიდან გამომაგდეს, მოსკოვში ატყდა ერთი ამბავი და მიწვევდნენ. მეუბნებოდნენ დირექციას უნდა შეგახვედროთო. მე მოვერიდე ამ პროცესს, ჩავთვალე, აქ ისეთ დღეში ჩამაგდებდნენ, ინსულტს დამმართებდნენ. მაინც დამმართეს... შარშან ოპერაცია გავიკეთე. მე საქართველოში წამშალეს! ახლა ვნანობ, უარი რომ ვთქვი შემოთავაზებებზე, თან ბევრჯერ...

... არავინ არ დააფასა, ფეხებზე ჰკიდიათ! როცა უარს არ ვიტყვი და წავალ, მაშინ ატყდება აქ გნიასი, თორემ რაზეც არ უნდა თქვა უარი და რა გმირობაც არ უნდა ჩაიდინო, ამას არავინ ხედავს... ვინც წასულია და რუსეთში მოღვაწეობს, სამშობლოს მოღალატეები არიან? - თუ სამშობლოს მოღალატეები არიან, მაშინ ამაზე დახვრეტის მუხლია! სამშობლოს ისინი ღალატობენ, ვინც აქ უსაქმურად სხედან და არაფერს ქმნიან! მხოლოდ მიზეზს ეძებენ თავი გამოიჩინონ და არავითარი პატრიოტული გრძნობა არ აქვთ... მე მიმაჩნია, რომ სწორედ პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი!

როდესაც რუსეთში მუშაობა დავიწყე, თეატრიდან სამი მხატვარი წავიდა. ყველაფერს მე მაძლევდნენ გასაფორმებლად გარშემო რაც იყო. მიუზიკჰოლსაც კი... მე ვარ პროფესიონალი და მორჩა! როდესაც ინტელიგენტი ხარ, მარტო თავს არ ეკუთვნი. როდესაც ამდენი ცოდნა და გამოცდილება დააგროვე, როგორ უნდა გამოიყენო მხოლოდ შენთვის სახლში მჯდომმა?

- რუსეთის გარდა კიდევ ხომ არის უამრავი ქვეყანა?

- კი, ბატონო! თუ არ გინდივარ აქ, მაშინ სხვაგან უნდა წავიდე! ერთი სიცოცხლე მაქვს... საქართველოში რუსეთიდან ჩამოჰყავთ მხატვრები, რომლებიც მურვანიძე რომ ჩავიდა რუსეთის თეატრებში, იქედან გაუშვეს... მე ამ დროს აქ უსაქმურად ვზივარ! რუსები მეძახიან უკანასკნელ მოჰიკანს იმ კულტურისას, რომელიც სამწუხაროდ ქრება... მე ჩემმა ქვეყანამ მიღალატა! სამაგიეროს კი არ ვუხდი, პირიქით წავალ და კიდევ ერთხელ ვასახელებ ჩემს უვარგის ერს და ქვეყანას!

ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომ ვთვლი ადამიანი ვალდებული ხარ ერის, ქვეყნის, ღმერთის წინაშე! თუ წავედი, მეტყვიან, მოღალატე ხარო და რით დამიმტკიცებენ ამ ღალატს?! იმდენი ცოდნა არ აქვთ რომ ორ სიტყვას ვერ აბამენ ერთმანეთზე, გარდა გინებისა...

საერთოდ ქართველი ყველაზე კარგია მსოფლიოში. მთელი მსოფლიო მოვიარე და ამაში დავრწმუნდი. უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს, მაგრამ არ ვიყენებთ ამ ღვთით ბოძებულ სიკეთეს! შეგვიძლია ყველაზე უფრო საინტერესოები ვიყოთ მსოფლიოში!

ამ დროს არაპროფესიონალიზმი, უვიცობაა გამეფებული. რაც ყველაზე ცუდია, ნეპოტიზმი ყვავის. ამან დაღუპა ქვეყანა! გავნადგურდით! უკვე პატრიარქი ამბობს, აღარაფერი გვეშველებაო... მე ნომერ პირველი ვარ და ყურადღებას არავინ მაქცევს! არავინ მეკითხება როგორი უნდა იყოს ჩვენი ქალაქი, თბილისობა, დღესასწაულები, მეჯლისები, ზეიმები... რამდენი მერი მოვიდა, ყველას ვეხვეწები დავსხდეთ და ვისაუბროთ-მეთქი, ჩემთვის არაფერი მინდა, ისედაც ყველაფერი მაქვს!

2003 წელს მთელი რუსთაველი, ნაძვის ხე მე გავაფორმე და მსოფლიოს ათეულში შედის უკვე მეშვიდე წელია! "მთაწმინდის პარკი" გავაფორმე და ჩეხები ჩამოვიდნენ, იქნებ ჩვენთანაც გააფორმოთ პარკი შუაგულ ევროპაშიო...

ასეთი მხატვარი უსაქმურად ვზივარ და თურმე რუსეთში რომ წავიდე, მოღალატე ვიქნები!

- მოგეხსენებათ, საქართველო-რუსეთს შორის რა დაძაბული ვითარებაა, რაც კიდევ უფრო გაამწვავა ყოფილი სამხედროს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობამ...

- არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი ერის დიდი ტრაგედიაა. ახალგაზრდა კაცი აწამეს. უკვე რამდენი ადამიანი შეეწირა ამ დაძაბულობას! შეიძლებოდა ეს ყველაფერი თავიდან აგვეცლებინა და წყნარად გამოვსულიყავით ამ დიდი ჭირიდან. ვიქნებოდით თავისუფლებიც და რუსეთთანაც კარგ დამოკიდებულებაში. ჩვენი უტვინობით დაგვემართა ყველაფერი და ახლა ძალიან რთულია...  კი ახალგაზრდა კაცი მოგვიკლეს და გაგვამწარეს, მაგრამ რა შეგვიძლია, რუსეთი უარესს დაგვმართებს, თუ მოინდომა... ჭკუა უნდა იხმაროს მთავრობამ! პოლიტიკა არ გვივარგა...

მართალია, რუსეთმა თავის დროზე დაგვიპყრო, მაგრამ დიდი ამაგიც აქვს საქართველოზე. გააერთიანა ჩვენი ქვეყანა და უამრავი რამ გაგვიკეთა. რუსეთი რომ არა, თბილისი ასეთი არ იქნებოდა... თეატრი, ოპერა არ გვექნებოდა... დავით აღმაშენებელმა შექმნა ბევრი რამ საქართველოში, მაგრამ ვარანცოვმაც შექმნა. ჩვენ ყველა ამაგი დავუკარგეთ, ძეგლი დავუნგრიეთ, გრიბოედოვის ამოთხრა გვინდოდა, პუშკინის სკვერის დანგრევა გვსურდა "ნაციონალების" დროს... რუსეთს უნდა დავანახოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვიტევთ, ჩვენ მაინც ტოლერანტული, პატარა, მოსიყვარულე ერი რომ ვართ. მე, ფაქტობრივად, რუსეთმა მომკლა, საქართველომაც მომკლა და უფუნქციოდ დამტოვა, მაგრამ კი არ ვომობ, არამედ მუშაობას ვაგრძელებ!