კრემლი სოხუმში

კრემლი სოხუმში "ბრიტანეთის ჯაშუშებს" ეძებს

"ყოფილი რუსი აგენტის - სკრიპალის საქმე რუსებსა და აფხაზებს შორისაც დიდი ბრალდებებისა და დაპირისპირების საგანი ხდება. ოკუპირებულ სოხუმში აღშფოთებას არ მალავენ რუსულ მედიაში მათ წინააღმდეგ აგორებული სკანდალის გამო, სადაც საუბარია, რომ თითქოს დე ფაქტო ხელისუფლების ნაწილი, მათ შორის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე აფხაზეთის სამოქალაქო სექტორიც ბრიტანულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. უფრო მეტიც, აფხაზები ამბობენ, რომ ეს "პროპაგანდისტული დეზინფორმაცია" ქართული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა, რათა აფხაზებსა და რუსებს შორის შუღლი ჩამოაგდონ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კრემლი სოხუმში "ბრიტანეთის ჯაშუშებს" ეძებს / რუსები აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ლამის ნახევარს ბრიტანულ სპეცსამსახურებთან კავშირში სდებენ ბრალს.

"ცნობისათვის, რამდენიმე რუსულმა ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლამის ნახევარი ბრიტანული სპეცსამსახურებისთვის მუშაობს. "ბრიტანეთის აგენტებს" შორის სახელდებიან რუსული დრამატული თეატრის დირექტორი ირაკლი ხინთბა, ტელეჟურნალისტი ანა გუნია, საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრი დაურ კოვე, თავდაცვის დე ფაქტო მინისტრის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ბესლან ცვიჟბა და სხვები. ცვიჟბას აგენტად მონათვლის ბრალდებას აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადებითაც კი უპასუხა - "საჭიროდ მივიჩნევთ, გავაფრთხილოთ სტატიის როგორც ავტორი, ისე დამკვეთი, სამომავლოდ თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციების გავრცელებისგან. ეს მათ კარგს არაფერს მოუტანს," - ასე სრულდება განცხადება", - აღნიშნავს გამოცემა. "ეხოკავკაზას" მიმომხილველი ვიტალი შარია წერს, რომ "საინტერესოა, რატომ აიტაცა ლამის მთელმა რუსულმა მედიამ უცნობი უკრაინული ინტერნეტ-გამოცემის ეს "სიახლე", რომელიც თავად აფხაზეთში ყველამ სრულ ბოდვად აღიქვა". მისი თქმით, ბრალდება ეფუძნება იმას, რომ ე.წ. ბრიტანეთის აფხაზი აგენტების სიის ფიგურანტების ნაწილი დაკავშირებულია ლონდონელ მეცნიერ ჯორჯ ჰიუიტთან", - აღნიშნავს გამოცემა.

"ასევე რიგი აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები 1990-იანი წლების შუა პერიოდში შექმნილია იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, რომლის შტაბბინა ლონდონში მდებარეობს. წყაროს მტკიცებით, ადამიანები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში თანამდებობებზე ბრიტანეთში "აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულ" ჯორჯ ჰიუიტის პროტექციით აჰყავდათ. სწორედ ამ კონტექსტში არიან მოხსენიებულები დაურ კოვე, მანამდე კი - სოკრატ ჯინჯოლია. ჯორჯ ჰიუიტს ცოლად აფხაზი ჰყავს. სწორედ ამის შემდეგ იქცა ის აფხაზური სეპარატიზმის ცნობილ ლობისტად და აფხაზეთში, ათეული წლებია, დიდ მეგობრად მიაჩნიათ. პოლიტოლოგ ლეილა ტანიას აზრით, რადგანაც ეს ბრიტანეთის "აფხაზი აგენტები" ჰიუიტს დაუკავშირდა, ამ დეზინფორმაციული პროპაგანდის უკან სწორედ ქართული სპეცსამსახურები დგანან - "ქართული კვალი თვალნათელია. სურთ, ჩვენი საზოგადოება ავტორიტეტების გარეშე დატოვონ და ერთმანეთი დავჭამოთ თვითგანადგურებამდე", - ამბობს "ეხოკავკაზასთან" ტანია. აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძე არ გამორიცხავს, რომ რუსულმა მედიამ ეს ინფორმაცია რუსული სპეცსამსახურების დავალებით გაავრცელა", - განაგრძობს გამოცემა.

"გამორიცხული არ არის, რომ აფხაზების ე.წ. კონსული დიდ ბრიტანეთში დაკავშირებული იყოს დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან. ჰიუიტი აფხაზების ლონდონელი სიძეა და შესაძლოა, არის კიდეც შუამავალი ბრიტანეთის სპეცსამსახურებსა და აფხაზეთის სეპარატისტებს შორის და რეზიდენტიც იყოს, რადგან ხშირად ჩადის სოხუმში. შესაძლებელია, რუსებმა გათვალეს და ლოგიკურად მივიდნენ ამ დასკვნამდე. შესაძლოა, ასევე, ჰქონდეთ დამამტკიცებელი საბუთი. უმეტესად ალბათ არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება იყვნენ დაკავშირებული ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან", - ამბობს კიკნაძე. კონფლიქტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის შეკვეთილი მასალა და რუსეთის პროპაგანდის ნაწილი, სამიზნე კი აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციებია", - დასძენს გამოცემა.

"ეს მთლიანად რუსული კრეატივია. აშკარაა, რომ შეკვეთილი მასალაა და მიზანია, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს დაერიონ. მეტსაც გეტყვით, ეს მასალა მეც გამომიგზავნეს ელექტრონული ფოსტით და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მისი გავრცელება მთხოვეს. ეს არის ძალიან დაბალი დონის შეკვეთილი მასალა. ალბათ მკითხავთ, ვისგანაა ეს დაკვეთა. ძალიან მიჭირს რაიმეს მტკიცება, შეიძლება ამის უკან სურკოვის ოფისიც კი იდგეს. არის გარკვეული მოსაზრება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სერიოზულ კონტროლზე უნდა აიყვანონ და საერთოდ დახურონ კიდევაც. ამ ორგანიზაციების ნაწილი სხვადასხვა ფორუმზე ქართულ მხარესთანაც ურთიერთობს და მთელი ეს პერიოდი მათზე ბრალდებები სულ ისმის. ახლა კი ასეთი სერიოზული ბრალდებები წამოვიდა. დაიწყო თავდასხმა არასამთავრობოებზე და ეს არის ალბათ ძირითადი სამიზნე, მაგრამ შემდეგ ყველას მიედ-მოედნენ", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ირაკლი ცქიტიშვილი.