ამორალურები და პოლიტიკურად შეცდომილნი - ასეთია უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ბოლო დროის ბესტსელერის, «კუბლაშვილის თამასუქის» ავტორის, პავლე კუბლაშვილის შეფასება ქართული ოპოზიციისადმი. მისი მტკიცებით, ყველაფერი, რაც ხელისუფლებისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში არ მოგწონთ, სწორედ «რვიანის» იდეა და მოთხოვნა ყოფილა. თუნდაც, პარტიების საარჩევნო კამპანიის გულუხვად დაფინანსების თემა და მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვის 40 კაცით გაზრდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ქამრები შემოიჭირეთ - უმრავლესობაც აღიარებს, რომ მომავალი არჩევნები წინაზე გაცილებით ძვირი დაჯდება. «ვერსია» პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, პავლე კუბლაშვილს, ფაქტობრივად, გაუარესებულ საარჩევნო გარემოზე ესაუბრება:
- შეთანხმება ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ პირთან, კომპრომისებს უკავშირდება. შესაძლოა, ჩვენც არ მოგვწონდეს ბევრი რამ, მაგრამ ეს შეთანხმება კომპრომისებისა და თვეების მანძილზე მუშაობის შედეგია. მალე იგი საკანონმდებლო დონეზე, ანუ კანონპროექტებში აისახება. მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა, ამუშავდება ჯგუფი, რომელიც იზრუნებს სიების დახვეწაზე და ა.შ.
და რას უპირებთ იმ ექვს პარტიას, რომელიც საკუთარ თავს «დემოკრატიულ ფრონტს» უწოდებს და თქვენთან ისევ კონკრეტული წინადადებები აქვს? ეს თემა ჩაკეტეთ და «ექვსიანს» დაემშვიდობეთ?
- საკითხების გარკვეული ნაწილი შეთანხმდა, შესაბამისად, არანაირი ალბათობა და რესურსი აღარაა საარჩევნო გარემოს თემაზე მსჯელობისა.
რატომ არა, ბიომეტრია, მაჟორიტარების არჩევის წესი, ბარიერი?
- სულაც არ ვფიქრობ, რომ ბიომეტრიაა ხსნა, რომელსაც ქართველი ერი ელის. ამ სისტემის შემოტანა ყველა უბანზე, მინიმუმ, 10-15 ისეთ ამომრჩეველს გააჩენდა, რომელთაც ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ამ ახალი, ბიომეტრიული პასპორტის უქონლობის გამო არ მიეცემოდა. არჩევნების დღეს დიდი ქაოსს მივიღებდით და ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით
მაშინ ხომ დაუშვით, როცა ბიომეტრული არჩევნების ჩატარებას დედაქალაქის მასშტაბით განიხილავდით?
- ესეც კომპრომისების საგანი იყო, თუმცა არჩევნების დღეს არეულობა მაინც ძალაში რჩებოდა, ამიტომაც ითქვა უარი ყოველგვარ ექსპერიმენტზე. თუ ვინმე ჯიუტად ითხოვს ბიომეტრიის შემოღებას, ეს მისი პოლიტიკური შეცდომაა.
ამ თემაზე თქვენი კიდევ ერთი არგუმენტი მახსოვს, ამბობდით, ძვირი ჯდებაო. არადა, მაჟორიტარები დაგვიმატეთ, პარტიებს დაფინანსება გაუორმაგეთ, მილიონებს ურიგებთ და კიდევ ბიომეტრია ჯდებოდა ძვირი?
- აქ მთავარი არაა, რამდენი მილიონი ჯდებოდა ბიომეტრია, მთავარი კვლავ ის ქაოსია, რაც შეიძლება ამ სისტემას გამოეწვია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, ეს არჩევნები მოსახლეობას წინანდელზე ძვირი დაუჯდება.
- გეთანხმებით, ეს გააძვირებს არჩევნებს. განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ გამარჯვებული პარტიები მილიონს მიიღებენ, მაგრამ ასეთი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არ იქნება, რომელიც, სავარაუდოდ, 5-%-იან ბარიერს გადალახავს. მილიონით, ალბათ, ჩვენთან ერთად, კიდევ 3-4 პარტია დაფინანსდება.
რაოდენობაც წინასწარ იცით? სწორედ ეს აჩენს იმის ეჭვს, რომ ამ 3-4 პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის გარანტიები აქვს.
- არ ვიცი, დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების მიზანი რა არის, მაგრამ, ვინც ბარიერს ვერ გადალახავს, ვერაფერსაც ვერ მიიღებს.
ბარიერგადალახულებს, ვინც ამ დოკუმენტზე ხელს არ აწერდა, არც აფინანსებდით. ამ დისკრიმინაციისგან ისინი «მემარჯვენე» კაციტაძეს გადაურჩენია. რატომ ჩადეთ ეს დისკრიმინაციული მუხლი დოკუმენტში?
- ამაში დისკრიმინაციული არაფერი იყო
მაშინ რატომ შეცვალეთ?
- ჯერ ერთი, ლეიბორისტების სახით ისეთი პარტიაც გვყავს, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, მაგრამ დაფინანსებასაც იღებს, ხელფასებსაც, თან სხვებს მოსყიდულებს ეძახის, ოღონდ თვითონ არ არის. ეს თითის გაშვერა აბსოლუტურად ამორალურია, ამიტომაც შევცვალეთ მიდგომა და აღარავის მივცემთ ინსინუაციების უფლებას.
თქვენს მიერ მომზადებულ ანტიინსინუაციურ დოკუმენტს მაშინვე კუბლაშვილის თამასუქი ეწოდა. თავისი არსით, რა ძალა აქვს ამ ქაღალდს, თუ პარტიებს მართლა «თქვენიანებად» და «სხვისიანებად» ჰყოფს და სხვა არაფერი?
- დოკუმენტს აქვს ის ძალა, რომელსაც პარტიების პოლიტიკური ნება ჰქვია.ვისაც სურს, ხელმომწერთა მიმართ განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, კი ბატონო, რა პრობლემაა. რაც შეეხება თამასუქობას, ბურჯანაძის პარტიის შეფასებები, განსაკუთრებით უკანასკნელი მოვლენებიდან გამომდინარე, ნაკლებად მაინტერესებს. არც მათ კომენტარებზე გამოხმაურებას ვაპირებ. თუ ამ დოკუმენტს «ექვსიანიც» ასე აფასებს, მაშინ შევახსენებ, რომ პარტიების საარჩევნო კამპანიის დაფინანსება «რვიანის» შეთავაზება იყო. რვა პარტიის წინადადებაში არჩევნების დაფინანსების შესახებ გარკვევით წერია, დაფინანსდეს არჩევნებისას გაწეული ხარჯებიო, ამიტომ დღეს ამ მიმართულებით მათი ქილიკი ცოტა არასწორია.
მაშინ რატომ აღშფოთდა ექვსეული და განსაკუთრებით დავით უსუფაშვილი, როცა ფინანსების თემაზე ხაზგასმა გააკეთეთ? ესეც არ იყოს, ბრძანეთ, რომ მათ მხოლოდ გარკვეული ხარჯების ანაზღაურებაზე ისაუბრეს, საერთოდ საიდან მოვიდა ეს მილიონი?
- აჩვენეთ ეს დოკუმენტი უსუფაშვილს და მერე გააკეთოს კომენტარები! დაფინანსების თემა მათი შემოტანილია და ეს ერთი მილიონით მოხდებოდა თუ 300 000-ით, შეთანხმების საგანი იყო. შეიძლება, კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ თანხის შესახებაც იცოდნენ, აბა, ჩემი მოგონილი ხომ არ არის? ჩვენ, უბრალოდ, ნაბიჯი გადავდგით მათი წინადადების მიმართულებით. აქვე, მნიშვნელოვანია 300 000 ლარის თემაც სატელევიზიო რეკლამისთვის, რაც მხოლოდ იმ პარტიებს მიეცემა, ვინც 5%-იან ბარიერს გადალახავს.
ასე დანარჩენებს არათანაბარ მდგომარეობასა და არაკონკურენტულ გარემოში რომ აყენებთ?
- რა ვქნათ, არაკვალიფიციური სუბიექტი სხვებთან ყოველთვის არათანაბარ მდგომარეობაშია. ეს განსხვავება კანონში მანამდეც იდო. სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ 4%-ს გადაცდენილი პარტია იღებდა. საბიუჯეტო დაფინანსებაზე პირველად 4 წლის წინ წავედით, ახლა კი საარჩევნო კამპანიასაც დავაფინანსებთ.
მაჟორიტარების 40 კაცით გაზრდაზე რაღას იტყვით, მაშინ, როცა გამუდმებით გვესმოდა, პარლამენტში დეპუტატების რიცხვი უნდა შემცირდესო. მათმა დამატებამ, იმის გარდა, რომ ახლა მეტი ხალხი გვყავს სარჩენი, საარჩევნო გარემო რით შეცვალა?
- ჩვენი არჩევანი და თვითმიზანი არ ყოფილა მაჟორიტარების რაოდენობა გაგვეზარდა. ესეც ჩვენი ოპონენტებისგან მოდის, თუმცა მათი მოთხოვნა ბოლომდე რომ გაგვეთვალისწინებინა, 190-ის ნაცვლად 225-ს ვიღებდით.
ამ პუნქტში არჩევის წესი მშრალ რიცხვებზე მნიშვნელოვანია, რაც ასევე არ გაითვალისწინეთ. მაჟორიტარი ოლქის 50%-ს პლუს ერთი ხმით უნდა არჩეულიყო და არა - ოლქის ხმათა 30%-ით.
- ვთქვათ, ერთ ოლქში კენჭს 5 კანდიდატი იყრის და ერთმა მათგანმა 31% აიღო, რაც ყველაზე მაღალი შედეგი აღმოჩნდა. რატომ უნდა გადავუყაროთ ამ კაცს წყალში აღებული ხმები და ჩავუტაროთ მეორე ტური, პრინციპით - იქნებ, ვინმემ მოუგოსო?!
ახლა ეს პროცენტები ასე გადავანაწილოთ - 31%, პირობითად, 100 ხმა თუა და მეორე ადგილზე გასულმა 99 ხმა აიღო, თქვენივე ლოგიკით, რატომ უნდა გადავუყაროთ წყალში აღებული ხმები?
- ზოგადად, ამაში გეთანხმებით. ბარიერი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ვინც სხვაზე თუნდაც ერთი ხმით მეტს აიღებს, ის უნდა იყოს გამარჯვებულიც. ოპოზიციას კი სურს, ვიღაცების ხმები ერთად დააგროვოს, რომ როგორმე ყველაზე ძლიერ კანდიდატს აჯობოს. ჩვენ არ შევქმნით ისეთ კანონს, რომელიც სუსტ კანდიდატს უფრო ძლიერზე გაამარჯვებინებს!
ეს უკვე საკითხის უტრირებაა. გამოდის, არც ამჯერად გვეყოლება წარმომადგენლობითი პარლამენტი.
- არაა უტრირება. მეორე ტური ყველა შემთხვევაში იმას გულისხმობს, როგორმე ძლიერს ერთიანი ძალებით მოუგონ.
კობა დავითაშვილი იმაზეც გედავებათ, სამუშაო ჯგუფები და კომისია პარიტეტულ საწყისებზე არაა დაკომპლექტებულიო. რატომ არ უნდა ჰყავდეს ამ ორგანოებში ყველა პარტიას თანაბარი წარმომადგენლობა?
- რა ყველა ჩვენ გვედავება, რა არის?! საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი არ შეცვლილა. რაც შეეხება მონიტორინგის ჯგუფებს, იმ პარტიების წარმომადგენლები, ვინც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ამ ჯგუფში ვერ შევლენ.
რა აუცილებელია, პარტიამ დოკუმენტზე ხელი მოაწეროს, რომ სიების მონიტორინგში ჩაებას?
- მორალურად გაუმართლებელია, დოკუმენტი არ გინდოდეს, მაგრამ გინდოდეს ის შედეგი, რასაც ეს შეთანხმება იძლევა. ვინც ამაზე ხელი არ მოაწერა, ე.ი. არც მუშაობა სურს და პროცესში ძალით ხომ არ ჩავრთავთ, ამას განსაკუთრებით დავითაშვილის შემთხვევაში ვამბობ. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ვაიძულოთ დავითაშვილს მუშაობა?! მოლაპარაკებები დასრულებულია და ამ საკითხს გადასინჯვა არ ემუქრება. საქართველოში ყოველთვის იყო და იქნება გამოხატვის თავისუფლება. მთავარია, კანონი არ დაირღვეს, თორემ ყველას შეუძლია შეკრება ნებისმიერ ადგილას.
დაბოლოს, ოქრუაშვილს მართლა იჭერთ, თუ ისე, როგორც ბიწაძეს?
გაუგზავნეთ თუ არა საფრანგეთს მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოსახსნელად შესაბამის მტკიცებულებები, ცხადია, ტელევიზიაში გაშვებულ სერიალებს არ ვგულისხმობ.
როგორც კი ხელისუფლებას ამის შესაძლებლობა ექნება, ოქრუაშვილი მაშინვე ციხეში აღმოჩნდება.
- ახლა, ფაქტობრივად, აღირეთ, რომ მის წინააღმდეგ სერიოზული ხელჩასაჭიდი არ გაქვთ. არა, არა, რატომ გინდათ, ასე გაიგოთ? მტკიცებულებები არსებობს, რა თქმა უნდა, საფრანგეთისთვის მათ მისაწოდებლად შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, ოღონდ, რა ფორმით და როდის, ამას გამოძიება გადაწყვეტს. როგორც კი ოქრუაშვილი იმ ტერიტორიაზე აღმოჩნდება, სადაც ქართველ სამართალდამცავებს ხელი მიუწვდებათ, მას მაშინვე ციხეში მივაბრძანებთ. რაც შეეხება ბიწაძეს, მასაც მაშინვე დავიჭერთ, როგორც კი მისი ადგილსამყოფელი გვეცოდინება ისე, როგორც ვხედავ, მისი ამბებით ოჯახის წევრებიც აღარ ინტერესდებიან.