"დამიჯერეთ, ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს"

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე მითქმა-მოთქმა არ წყდება. ჯერ კიდევ პრობლემაა ორგანიზებული დანაშაულისა და თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის ზრდა. გერმანიის შს მინისტრის შეშფოთება არ დამცხრალიყო, როდესაც შვედეთის შს მინისტრმა განაცხადა, ჩვენი ციხეები ჩვენი არამზადებისთვის გვჭირდებაო. გვემუქრება თუ არა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება და რა წვლილი შეაქვს ამ ყველაფერში პოლიტიკურ ინტერესებს, "კვირის პალიტრა" ევროპარლამენტის მომხსენებელს, ლატვიელ ევროპარლამენტარ ანდრეის მამიკინსს ექსკლუზიურად ესაუბრა", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "დამიჯერეთ, ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს" / "მე ვერ ვიტყვი ევროპარლამენტის ან ევროკავშირის სახელით, ქართველებო, 2020 წელს ევროკავშირის წევრები გახდებით-მეთქი, მაგრამ ეს რეალური მიზანია მომავალი 10-15 წლისთვის".

"ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო როგორც ქართველებისთვის, ასევე ევროპარლამენტის, ევროკავშირისა და ზოგადად, ევროპელებისთვის. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ასიოდე ქართველს უთხრეს ევროკავშირში შესვლაზე უარი. ვფიქრობ, უვიზო რეჟიმმა გაამართლა, იმიტომ, რომ ქართველებსა და ევროპელებს შორის არსებობს როგორც კულტურული სიახლოვე, ასევე ეკონომიკური კავშირები. უამრავმა ქართველმა მოიარა ევროპული ქვეყნები, მათ შორის, ჩემი ქვეყანა, ლატვია. ასე რომ, უვიზო რეჟიმი კარგად მუშაობს... ის რამდენიმე ქვეყანა გერმანია, შვედეთი და საფრანგეთია, რომელთა უკმაყოფილება ქართველებით ძველი ისტორიაა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროკავშირის საბჭოში ვიზალიბერალიზაციის საკითხს განვიხილავდით, საფრანგეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია ასეთი იყო - ევროკავშირში უამრავი ქართული კრიმინალური დაჯგუფებაა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ტყუილია და შემიძლია გითხრათ, რატომ..." - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრეის მამიკინსი.

"პირველ რიგში, ისინი ძველ სტატისტიკას იყენებენ და მეორე, ამ სტატისტიკას ქართული გვარების მიხედვით თვლიან. ანუ ძალიან დიდი ნაწილი იმ პირებისა, რომლებსაც ქართული გვარი აქვთ და ფრანგები ქართველ კრიმინალებად თვლიან, რუსეთის მოქალაქეები არიან. უვიზო რეჟიმი ჩვენ საქართველოს მოქალაქეებთან შემოვიღეთ და არა რუსეთის მოქალაქეებთან. ამას დაუმატეთ გვარის შეცვლის პრაქტიკა და მიხვდებით, რამდენად "გაბუქებულია" ისტორია ევროკავშირში ქართული კრიმინალური ბანდების თარეშის შესახებ. იგივე ხდება შვედეთშიც. ამ საკითხის აქტუალურობა თვითონ შვედეთში მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიებით არის განპირობებული. დამიჯერეთ, ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს. ყველაფერი სპეკულაციაა და იმ მიმდინარე პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი, რომელსაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მინისტრი ან ევროკომისიის წარმომადგენელი მიმართავს ხოლმე. თუ რატომ - სიმართლე გითხრათ, ცალსახა პასუხი არა მაქვს. ის, რომ საფრანგეთის შს მინისტრმა მცდარი განცხადება გააკეთა შარშან, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ევროკომისიაში დღემდე ძველ სტატისტიკებზე, სტერეოტიპებსა და საგაზეთო მასალებზე დაყრდნობით აკეთებენ დასკვნებს. ვიმეორებ, ევროკავშირში ქართული კრიმინალური ბანდები არ თარეშობენ", - განაგრძობს , ლატვიელ ევროპარლამენტარი.

"საქართველო უდავოდ უსაფრთხო ქვეყანაა. ჩემი ქვეყნის, ლატვიის მაგალითს მოვიყვან - ოცამდე თავშესაფრის მაძიებელი გვყავს საქართველოდან, მაგრამ მათი უმრავლესობა ოკუპირებული ტერიტორიებიდანაა. ამ ხალხმა დაკარგა სახლი, ლტოლვილები არიან. ამიტომ ვაძლევთ თავშესაფარს. ცდილობენ, ლატვიელი საზოგადოების ნაწილი გახდნენ, ჩემი ქვეყანა კი მათ ეხმარება. გვაქვს ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმა, რომელიც ყოველი სამი წლის განმავლობაში განახლდება. ნოემბერში ევროპარლამენტში განვიხილავთ ანგარიშს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ. მომზადება მე მევალება. დაგასწრებთ პასუხს კითხვაზე, როდის გახდება თქვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი და გეტყვით, რომ ინტეგრაცია ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება. ჩვენ ვიცით ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის პოზიცია - სანამ მისი ვადა არ ამოიწურება, გაფართოება არ იქნება. 2019 წელს ახალი კომისია გვეყოლება და ვიცით, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული პერსპექტივა რეალურია", - დასძენს ევროპარლამენტის მომხსენებელი და შეკითხვაზე - "შემდეგი რიგში ჩვენ ვიქნებით?" - პასუხობს:

"მე ვერ ვიტყვი ევროპარლამენტის ან ევროკავშირის სახელით, ქართველებო, 2020 წელს ევროკავშირის წევრები გახდებით-მეთქი, მაგრამ ეს რეალური მიზანია მომავალი 10-15 წლისთვის. ჩემი მიზანი და ოცნებაა საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისითაც ევროკავშირის ოფიციალურ შემადგენელ ნაწილად იქცეს".