დასავლეთმა პუტინს ომი გამოუცხადა

დასავლეთმა პუტინს ომი გამოუცხადა

ლონდონსა და მოსკოვს შორის დაპირისპირება "სკრიპალის საქმის" გამო უფრო და უფრო მწვავდება. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქიმიური საწამლავით რუსეთის "გრუ"-ს ყოფილი ოფიცრის მოკვლის გადაწყვეტილების მიღებაში პირადად ვლადიმირ პუტინს ადებს ხელს. ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, თავად პუტინმა გასცა ბრძანება, რასაც კრემლში უმალვე მოჰყვა აღშფოთებული პასუხი, რომ "ეს ბრალდება შოკისმომგვრელი და უპატიებელი დიპლომატიური დარღვევაა". დიპლომატიური აკადემიის რექტორ სოსო ცინცაძის თქმით, უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის დადანაშაულება მკვლელობის შეკვეთაში რუსეთის სრულ იზოლაციას ნიშნავს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დასავლეთმა პუტინს ომი გამოუცხადა.

"საერთაშორისო პოლიტიკაში ხშირად არის მომენტები, როდესაც მთავარი ის კი არ არის, ბრალდება რამდენად სამართლიანია, მთავარი ისაა, ამ ბრალდების რამდენად სჯერა მოსახლეობას. რუსეთის მოთხოვნა, რომ დამამტკიცებელი საბუთები წარუდგინონ, ფუQი გასროლაა და არავისზე არ მოქმედებს. რუსეთმა მიაღწია იმას, რომ მისი უკვე აღარავის სჯერა. ავტომატურად ყველა იჯერებს რუსეთზე ყველაზე უფრო სასტიკ ბრალდებასაც. ამიტომ ყველას სჯერა, რომ რუსეთი ამის გამკეთებელი იქნებოდა, რომ პუტინი ასეთ ბრძანებას გასცემდა და პუტინი ამას ვერავის დააბრალებს. ეს არის რუსეთის სრული იზოლაცია. ჯონსონმა პირველ განცხადებაში პუტინი არა, მაგრამ რუსეთი დაადანაშაულა. მას ტრამპიც გამოეხმაურა და მანაც თქვა, კი, რუსეთის გაკეთებულია ესო. იზოლაციას თავის დროზე ნაპოლეონმა ვერ გაუძლო და ჰიტლერმა ვერ გაუძლო, მთელი ევროპა დაპყრობილი ჰყავდათ", ამბობს ცინცაძე და დასძენს, რომ ბრიტანეთმა პუტინი კრიმინალად გამოაცხადა.

"საქმე შეიძლება აღიძრას რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველამ იცის, რომ რუსეთში არაფერი ხდება პუტინის ნებართვის გარეშე. ყავას ვერ სვამს ჩინოვნიკი პუტინთან შეთანხმების გარეშე და ადამიანების მოწამვლა პუტინის ბრძანების გარეშე არ მოხდებოდა. მაგრამ უშუალოდ მის წინააღმდეგ საქმე არ აღიძრება. აქ მთავარი ისაა, რომ რუსეთი იზოლაციაში ვარდება. რუსეთს ძალიან უჭირს ტექნოლოგია, ამ დროს კი სულ ახალ-ახალ სანქციებს უწესებენ, რის გამოც ძალიან გაუჭირდება. მათ ეგონათ, რომ საქციები დასრულდებოდა. მაგრამ პირიქით, სასტიკი სანქციები წესდება, უფრო და უფრო ფართოვდება და უფრო გაუჭირდებათ. რამდენინიმე წელიწადში ტექნოლოგიები მოძველდება, სანქციები კი იმუშავებს და რუსეთი ახალ ტექნოლოგიებს ვერ მიიღებს. ამ იზოლაციას კი ვერ გაუძლებს", - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას სოსო ცინცაძე. 

"ცნობისთვის, გუშინ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება "დიდი ალბათობით" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით მოხდა. მან გაიმეორა მოსკოვის მისამართით წინა კვირის ბრალდებაც რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაზე და თქვა, რომ "რუსეთი არალეგალურად ავითარებს და ინახავს "ნოვიჩოკს". რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა პუტინის წინააღმდეგ ბრალდებას "შოკისმომგვრელი და დიპლომატიურიწესების სამარცხვინო და უპატიებელი დარღვევა" უწოდა... მანამდე ბრიტანეთის პრემიერმე ტერეზე მეიმ პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი, რომ ჩართული იყო სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში, რომ ქიმიური ნივთიერება "ნოვიჩოკი" რუსეთში მზადდება და ეს არის "ბრიტანეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის აქტი".