საგურამოში მინი-ქალაქის პროექტი გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული

საგურამოში მინი-ქალაქის პროექტი გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული

საგურამოში მინი-ქალაქის პროექტი გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. 35 ჰექტარზე   Saguramo Gardens-ის პროექტს  Georgian Ventures & Investment Ltd (GVI), და არაბული Salim Ali Al Shamsi Real Estate- ი ერთობლივად ახორციელებენ.

Georgian Ventures & Investment Ltd (GVI)-ში აცხადებენ, რომ  ამ დროისთვის  უკვე დასრულებულია არქიტექტურულ პროექტზე მუშაობა. მათივე ინფორმაციით, სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადი ეკონომიკის სამინისტროში  უკვე შეტანილი აქვს.  კითხვაზე, როდის იგეგმება  სამშენებლო სამუშოების დაწყება, Georgian Ventures & Investment Ltd (GVI)-ში განმარტავენ, რომ ყველაფერი ეკონომიკის სამინისტროზეა დამოკიდებული.

არაბული უძრავი ქონების კომპანია Salim Ali Al Shamsi Real Estate -ის მენეჯერი აქბარ ქურაში 2017 წლის დასაწყისში „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ პროექტის მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო თუმცა, იქვე აღნიშნავდა, რომ  პროექტის განმახორციელებელი კომპანია ეკონომიკის სამინისტროში ვერ ახერხებდა საჭირო პროცედურების გავლას.

ეკონომიკის სამინისტროში  არც მაშინ და არც ახლა პროექტის შესახებ ვერ საუბრობენ.

საგურამოს მინი-ქალაქის პროექტი 450 საცხოვრებელ ვილას, საცხოვრებელ კორპუსებს, სამედიცინო ცენტრს, 4 ვარსკვლავიან სასტუმროს, გამაჯანსაღებელ კურორტს და დასასვენებელ პარკს, მინი გოლფ მოედანს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, აუზს, საბავშვო ზონას, სავაჭრო ცენტრებს, კაფეებს, რესტორნებს და თემატურ პარკს მოიცავს, რომელიც პატარა ტბებისგან, ქვაფენილით მოპირკეთებული ქუჩებისგან და ხილის ბაღებისგან შედგება.

გეგმის მიხედვით პროექტი მშენებლობიდან  4 წელიწადში უნდა დასრულდეს.

ინვესტიციის მოცულობა კონფიდენციალურია, თუმცა ინვესტორი კომპანია წერს, რომ ეს არის მეგა - პროექტი. მისი განხორციელება რამდენიმე ფაზად მოხდება. მინი ქალაქში სულ 5 ათასი მაცხოვრებელი იქნება . ამას ემატება, კომერციული და საოფისე ფართები.

რაც შეეხება თავად კომპანიებს - არაბული უძრავი ქონების კომპანია Salim Ali Al Shamsi Real Estate-1990 წელსაა დაფუძნებული, აქამდე კომპანიას პროექტები ძირითადად არაბეთში აქვს განხორციელებული. როგორც არაბული კომპანია საკუთარ ვებ-გვერდზე წერს, საქართველო პროგრესული ქვეყანაა. ბოლო 5 წელია ქვეყანა ნომერ პირველ რეფორმატორად ითვლება და აქ ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივი და უსაფრთხოა ევროპაში.

Georgian Ventures & Investment Ltd კი საინვესტიციო კომპანიაა.საგურამო გარდენსის გარდა, კომპანია რამდენიმე ეკო-გამაჯანსაღებელი კურორტის განვითარებაზე მუშაობს.