"ბრიტანეთიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებენ; ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლები არ დაესწრებიან წელს რუსეთში გასამართ საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს; ბრიტანულ ბანკებში გაიყინება რუსეთთან რამე კავშირის მქონე საბანკო ანგარიშები; ადგილობრივ ხელისუფლებას უფლება ეძლევა, ბრიტანეთის ტერიტორიაზე გაყინოს რუსეთის სახელმწიფო აქტივები იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება, რომ მათმა გამოყენებამ შესაძლოა, "საფრთხე შეუქმნას ბრიტანეთის მოქალაქეთა სიცოცხლეს ან მათ საკუთრებას". მნიშვნელოვნად გართულდება რუსეთის მოქალაქეებისათვის ბრიტანეთის ვიზების მიღებისა და ასევე საზღვარზე მათი შემოწმების პროცედურა. გულდასმით შემოწმდება და გაიჩხრიკება რუსული კერძო თვითმფრინავები. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გუშინ პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა და ეს მხოლოდ ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რომლებსაც ბრიტანეთი ქალაქ სოლსბერიში რუსული დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საპასუხოდ განახორციელებს. ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს იყო ბრიტანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული მიზანმიმართული ქიმიური შეტევა, რომლის შედეგადაც სერიოზულად დაშავდა ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქე", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ბრიტანეთიდან რუს დიპლომატთა 40%-ს აძევებენ.
"გარდა ამისა, ტერეზა მეის განცხადებით, დაგეგმილია კიდევ სხვა საპასუხო ღონისძიებებიც, რომელთა საჯაროდ გაჟღერება, მათი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დაუშვებელია. "ჩვენ განვახორციელებთ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების კომპეტენციაშია. ისინი მიმართულია მტრული სახელმწიფოს მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად. დღეს მე მხოლოდ რამდენიმე ასეთ ნაბიჯზე ვისაუბრე. პარლამენტარებს კარგად ესმით, რომ არსებობს რაღაც, რაზეც, ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, საჯაროდ საუბარი არ შეიძლება", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა. "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრიტანელების მფარველობაში მყოფი რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნებისა და აგენტების მკვლელობა ხდება და სანქციების დაწესება ახლა ლონდონის პრესტიჟისა და საერთაშორისო რეპუტაციის საკითხია. მისი თქმით, რუსეთში უკვე მოლოდინია და შეგუებულიც არიან, რომ რუს პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებსა და მათი ოჯახის წევრებს ბრიტანეთში ჩასვლა და ცხოვრება აეკრძალებათ, რაც რუსულ ელიტაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა, მისი განცხადებით, მთელ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ის, ლონდონის ამ გადაწყვეტილებას შეურთდებიან თუ არა ევროპის ქვეყნები და აშშ", - აღნიშნავს გამოცემა.
"ბრიტანეთის ეკონომიკაში დიდი წვლილი მიუძღვით რუს ბიზნესმენებს, იმავე "ჩელსის" მფლობელ აბრამოვიჩისგან დაწყებული და ამდენად, დიდი ფინანსური ურთიერთობებია მოსკოვსა და ლონდონს შორის. თუ ბრიტანეთმა რადიკალური ზომები მიიღო, ეს შეეხებათ რიგით რუსებსაც და იმ ოლიგარქებსაც, რომელთაც საკმაოდ დიდი თანხები აქვთ დაბანდებული ბრიტანეთში. ასევე სანქციები შეეხება რუსულ პოლიტიკურ ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. თუმცა, ეს ყველაფერი ასევე დამოკიდებულია მნიშვნელოვან ფაქტორზე - ამ გადაწყვეტილებას შეუერთდებიან თუ არა და რა სახით ევროკავშირის ქვეყნები და აშშ და თუკი შეუერთდებიან, ეფექტი ბევრად უფრო დიდი იქნება", - დასძენს კაკაჩია. რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს მოწამლეს საბჭოთა პერიოდში შექმნილი ქიმიური იარაღით - "ნოვიჩოკით". ლონდონში დარწმუნებული არიან, რომ ამ მკვლელობის ორგანიზება კრემლში მოხდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ამ ინციდენტს "ბრიტანეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის აქტი" უწოდა და რუსეთს სამშაბათამდე, 14 მარტამდე მისცა ვადა, რომ სკრიპალის მკვლელობასთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია გამოეთქვა", - განაგრძობს გამოცემა.
"მოსკოვის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთი არ პასუხობს ლონდონის ულტიმატუმს, სანამ არ მიიღებს შხამის ქიმიურ ნიმუშს. სამშაბათს, ვადის ამოწურვის შემდეგ, ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ "უფრო მასშტაბური" ზომები იქნება მიღებული. რუს პოლიტოლოგებში უკვე არის მოლოდინი, რომ ამ სკანდალის გამო შესაძლოა, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან დიპლომატური ურთიერთობა შეწყვიტოს და რუსული მედია უკვე აქტიურად წერს, თუ რა ელის რიგით რუსს დიდი ბრიტანეთიდან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემთხვევაში. რუსი პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას შესაძლოა, მოჰყვეს სხვა პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციებიც. ასე მოხდა დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის 1927 წელსაც, როდესაც 2 წლით დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა და ასევე შეწყდა ყველა სავაჭრო შეთანხმება. რუსული მედია წერს, რომ შესაძლო დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა აუცილებლად დააზარალებს ორივე ქვეყანას. მათ შორის დიდწილად ეკონომიკას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მხრიდან ყირიმის საკითხზე დაწესებული სანქციებზე დიდი ბრიტანეთის შეერთების გამო სავაჭრო ბრუნვა დიდი არ არის, ის წელიწადში 10 მილიარდ დოლარზე ცოტა მეტია. "გაზეტა.რუ"-სთან საუბარში საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ალექსანდრე დომრინი ამბობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს ტურისტულ ნაკადსაც. ასევე აქტიურად იზრდება იმ რუსების რიცხვი, რომლებიც განათლების მისაღებად ბრიტანეთში მიდიან და თუ ურთიერთობები გაწყდება, სტუდენტური და ტურისტული ვიზების მიღება ერთმანეთში სერიოზულად გართულდება, ასევე გართულდება მეცნიერების სფეროში თანამშრომლობა, ბრიტანეთში მიწვევები მინიმუმამდე დაეცემა, ისევე როგორც ბიზნეს კონტაქტები", - დასძენს გამოცემა.
"ექსპერტის თქმით, ბრიტანეთის კანონმდებლობის თავისებურება ისაა, რომ შეუძლია ყველა ასეთ ადამიანს ზუსტად ერთ დღეში ჩამოართვას გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრების ნებართვა ან გაუუქმოს ვიზა. "რასაკვირველია, ისინი ყველას ერთიანად არ გამოაძევებენ, მაგალითად, გავლენიან ბიზნესმენებს, რომლებიც ბრიტანეთის ტერიტორიაზე საქმიანობენ, რადგან მათი რუსეთში გამოშვება წამგებიანია ბრიტანეთისთვის. მათ ნათლად გააგებინებენ, რომ თუ მათგან ვინმე ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან არ ითანამშრომლებს, მაშინ მომენტალურად მოსკოვში აღმოჩნდება", - ამბობს დომრინი, თუმცა, ექსპერტის პროგნოზით, ბრიტანეთი ასეთ რადიკალურ სანქციებზე ალბათ არ წავა. მისი ვარაუდია, რომ ბრიტანეთის მთავრობა შეაგროვებს რუსი პოლიტიკოსებისა და მეწარმეების პერსონალურ სიას, დაახლოებით "მაგნიტსკის სიის" მსგავსად და სანქციები მათზე და მათი ოჯახის წევრებზე დაწესდება. ცნობისათვის, ბრიტანეთში ამჟამად სულ 58 რუსი დიპლომატი მოღვაწეობს და აქედან 23-ს ქვეყნის დასატოვებლად ერთკვირიანი ვადა მისცეს, რაც ნიშნავს, რომ ბრიტანეთში რუს დიპლომატთა კონტინგენტი 40%-ით შემცირდება. ბოლოს ასეთი მასშტაბური რამ ბრიტანეთში 1971 წელს მოხდა, როდესაც ბრიტანეთიდან 105 საბჭოთა დიპლომატი გააძევეს", - წერს სტატიის ავტორი.