რა დიდებულია ტივზე ცხოვრება! აგერ, ზემოდან ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაგვცქერის, ჩვენ კი ზურგზე ვწევართ და ვცდილობთ გამოვიცნოთ, ეს ვარსკვლავები ვინმემ შექმნა თუ თავისით გაჩნდა. ჯიმი ამბობდა, ვარსკვლავები შექმნილიაო. მე კი ვეუბნებოდი, თავისით გაჩნდა-მეთქი. ჩემი აზრით, ამდენი ვარსკვლავის შექმნას ძალზე დიდი დრო დაჭირდებოდა. ჯიმმა თქვა, ისინი შეიძლება მთვარემ გამოჩეკაო. ეს სიმართლეს ჰგავდა და საწინააღმდეგო არაფერი მითქვამს, რადგან ნანახი მქონდა, რამდენ ქვირითს ყრიდა ბაყაყი. ასე რომ, შეიძლება სწორედ ასეც იყო. ზოგჯერ, ვხედავდით, როგორ სერავდნენ ცას ვარსკვლავები. ჯიმის აზრით, ისინი იყვნენ გაფუჭებული ვარსკვლავები, რომლებსაც ბუდიდან ყრიან.
(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)
პოლიტიკაში ცოტა სხვაგვარად არის - გაფუჭებული ვარსკვლავები ბუდეს უბრუნდებიან. ისე, ვარსკვლავებსაც ძნელად თუ უწოდებ, უფრო - კვაზარები, შავი ხვრელები და კომეტები, ხანდახან რომ ჩაიქროლებენ და, ნიულავიმი ჯოსი არ იყოს, არავის არაფერში რომ არ ჭირდება და მხოლოდ ანეკდოტებში რომ არის მათი ადგილი. ერთ ანეკდოტში.
თითო შავ ხვრელს თითო ანეკდოტი. ამჯერად - სულ ორი. 1) გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატი. 2) დავით გამყრელიძე - მემარჯვენე. პირველი ანეკდოტი ადრევე ვიცოდი, მეორეც ვიცოდი, მაგრამ არ მეცინებოდა.
გაფუჭებული შავი ხვრელები ბუდეს უბრუნდებიან. ჰეკ ფინი იქით იყოს და გასულ კვირაში ჩვენც ვნახეთ, როგორ ყრის ბაყაყი ქვირითს და მერე როგორ იჩეკებიან ამ ქვირითისგან ხვლიკები - ჰალსტუხიანი ხვლიკები, ბეზრუკავკიანი ხვლიკები, ხვლიკები თხილამურებზე... ცოტა, არგუმენტები გაამყარეთო - ხვლიკებმა და ბაყაყებმა.
ოე!!! ცოტა არგუმენტები იქონიეთ და მორჩით ყიყინს, თორემ... თორემ, რა?! რა და, ნაწყვეტი ნიუსიდან: „კოლხი დედა“ დასაწყობებულია - ასეთი პასუხი გასცა ფოთის მერმა ტრადიციულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას. ცენტრალური მოედნიდან „კოლხი დედის“ ძეგლი, რომელიც ფოთში ამაშუკელისა და დავითაიას თანაავტორობით, საბჭოთა პერიოდში დაიდგა, გასული წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით აიღეს“.
„ლევან ვეფხვაძე დასაწყობებულია, ვიწყებთ მამუკა კაციტაძის უტილიზაციას“ - გაიფიქრა პალიკო კუბლაშვილმა, თავზე ცხვირსახოცი გადაისვა და სანამ პოლიტიკოსებით სავსე ჯიბეში ჩაიდებდა, მაგრად გაწურა.
ცოტა არგუმენტები გაამყარეთო და გასულ კვირაში ისეთი არგუმენტების ისეთი რახარუხი ატყდა, რომ პირდაპირ გულის კუნჭულებიდან აღმომხდა: „სააკაშვილო მიხეილ, რა ასწავლე ამისთანა ამ ქინძისთავებს?!“
“ასტეროიდი, რომლის სახელწოდებაა “2011 MD”, დღეს დედამიწას მაქსიმალურად მოუახლოვდება, - ამის შესახებ “ვესტი” იუწყება. მეცნიერთა განცხადებით, ასტეროიდი დედამიწას ორი რადიუსის მანძილზე მოუახლოვდება. ციური სხეული დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროსკენ მიემართება, რის შემდეგაც დედამიწის სამხრეთ პოლუსს მიუახლოვდება” – არ გეგონოთ, რომ ღრმადპატივცემული „2011 MD“ დედამიწის სამხრეთ პოლუსის სანახავად გვეწვია, მას უფრო ის შავი ხვრელები აინტერესებდა, რომლებსაც დედამიწაზე ქინძისთავებს უწოდებენ.
მოკლედ, ასეა თუ ისე, გასულ კვირაში გაირკვა, რომ „რვიანის ურღვევობის კანონი“ სულაც არ ყოფილა კანონი, იგი უფრო ყოფილა ჰიპოთეზა, რომლის დამტკიცების მცდელობამაც იქამდე მიგვიყვანა, რომ „რვა“ და „გაგერღვა“ რითმაში კვლავ დამეგობრდნენ. 8-2=6, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მინუს ორი ვეღარასოდეს გადაიქცევა პლუს ორად და თუ მაინც ექნება ვინმეს ამის მცდელობა, ექვსის და ორის ჯამისგან აუცილებლად მინუს რვას მივიღებთ.
პირველი, ვინც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მიღწეულ ე.წ. „შეთანხმების დოკუმენტს“ ხელი მოაწერა, პავლე კუბლაშვილი იყო. „ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს ყველა პარტია, ვინც არჩევნებზე 5%-იან ბარიერს გადალახავს“ - პირველი, ვინც ამის გამო აღფრთოვანება ვერ დამალა, იყო მამუკა კაციტაძე. მისი თქმით, ხელმოსაწერ ტექსტზე მუშაობისას, მათ უმრავლესობას მიმართეს ინიციატივით, რომ ამოეღოთ შეთანხმების ტექსტიდან ის პუნქტი, რომლის თანახმადაც ბიუჯეტიდან მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსებას მხოლოდ შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები მიიღებდნენ.
ხი-ხი, რა მაგარია... როგორც, გასულ კვირაში კოკოია-მეტროლოგს რაღაცაზე რომ უთქვამს, ჩვენ, დიპლომატები ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთო. მართლა ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ ქვეყანაში ამდენი ასომთავრული იყო. თუმცა, ჩვენ ხომ პრეზიდენტებად მხოლოდ ასოთამწყობებს ვირჩევთ...
„მომავალი სასწავლო წლიდან, საქართველოს ყველა სკოლაში ბავშვები ახალ საგანს – „ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნას“ ისწავლიან“ - ერთგვარი ნიუსია... ამ ხალხის გამკვირვებია, რა დროს ბუნებრვი კატასტროფებია, როდესაც ქვეყანაში ერთ ბიოლოგიურ კატასტროფას მეორე მოსდევს. ჩამოვთვალო? ბაზარი არ არის (არც საბაზრო ეკონომიკა). აი ისინიც: მიხეილ სააკაშვილი, გიორგი თარგამაძე, პალიკო კუბლაშვილი, მამუკა კაციტაძე, აკაკი მინაშვილი, ლევან ვეფხვაძე, დავით ბაქრაძე... და მრავალი სხვა. ბევრის ჩამოთვლა შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციიდან, მაგრამ გასულ კვირაში ეგენი იყვნენ აქტუალურები.
„პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი კომიკურ სიტუაციაში იმყოფება. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას განუცხადა, რუსეთის რეგულარულ პოლიტიკად ჩამოყალიბდა, დააბრკოლოს ყველა იმ დოკუმენტის მიღება, სადაც საქართველოში არსებულ პროგრესსა და მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზეა საუბარი“ - ესეც ნიუსი იყო, ერთგვარი.
საქართველოს ისტორიას რომ ვკითხულობ, სიცილით ვკვდები - ძალიან კომიკურ სიტუაციაში იყო ჯალალედინი, როცა ქართველებს თავებს აჭრიდა; კომიკურ სიტუაციაში იყო შაჰ-აბასი, როდესაც ნახევარი კახეთი ამოხოცა. ნახევარი ქართლი სიცილით იჟლიტებოდა, როდესაც მონღოლები საქართველოს იპყრობდნენ. და, აღა-მაჰმად-ხანი? ოოო, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, „კრწანისის ყაყაჩოები“ რომ მახსენდება... აი, ახლაც გამახსენდა და მაგრად ვიცინე. ძალიან კომიკურ სიტუაციაში იყო მაშინდელი ირანი.
მოკლედ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ყოველთვის საქართველოს ისტორიას ვკითხულობ, თუმცა, იქაც არის გმირული მომენტები. მაგალითად, შეშინებული თაგვის ფერი ბაქრაძე კოვზებით ომისკენ რომ მოგვიწოდებდა.
ვაი ჩვენს პატრონს... და ბაქრაძის ამ განცხადების შემდეგ გამყრელიძე და კაციტაძე ხვდებიან ბაქრაძეს და სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებთ. ეტყობა, საქართველოში მურვან-ყრუს შემოსევის ამბები წინა დღეს წაიკითხეს. ყრუ და სმენადაქვეითებული კაცი როგორ უნდა დანიშნო სარდლად? მართლაც, ძალიან კომიკურ მდგომარეობაში იყო მურვან ყრუ.
ძალიან თბილი შეხვედრა იყო, ღიმილით გაჯერებული. შეთანხმდნენ, რომ ყველაზე სასაცილო მაინც ბაზალეთის ბრძოლაა.
„ამ შეთანხმებით, ფინანსური პრობლემა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოეხსნებათ; ასევე, იქნება მედიამოინიტორინგი და ოპოზიციას ეყოლება მეტი წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში, რაც ნიშნავს, რომ მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი დაკმაყოფილებული იქნება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
აი, თურმე, რატომ იღიმებოდნენ კმაყოფილი სახეებით... მე, სულელს, კიდევ, მეგონა, რომ თემურ-ლენგის კოჭლობაზე კაიფობდნენ. თურმე, სად ბანაობ... „დოკუმენტი პირველ ეტაპზე ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება, სადაც საერთაშორისო ექსპერტიზა ჩაუტარდება“ - თქვა ბაქრაძემ. დოკუმენტთან ერთად ვენეციაში გადაიგზავნებიან მაგდალინა ანიკაშვილი და მანანა ნაჭყებია. მანამდე, ტენიანობის საზომ ახალ ერთეულთან ერთად ჟენევაში გადაიგზავნა კოკო გამსახურდია. „ჩვენ, დიპლომატები...“ - ამბობს კოკო. „ჩვენ, ოპოზიცია...“ - ამბობს გიორგი თარგამაძე.
„დღეს მხოლოდ კაცებს შეუძლიათ ბრძოლა ამ ჩარჩი ხელისუფლების წინააღმდეგ... ბრძოლა მამულისათვის, დემოკრატიისათვის, შიმშილის დამარცხებისა და ღირსეული მომავლისათვის. ეშმაკს ნუ მივეყიდებით, ვიყოთ კაცები და დავამთავროთ არაკაცების პარპაში საქართველოში“, - იყვირა თემურ შაშიაშვილმა. როგორც იქნა, კაცები გაახსენდა. ა კაგდა ბენზინ ასლინოი მაჩოი რაზბავლიალ? ისე, ჩვენში დარჩეს და, შინაგან საქმეთა სამინისტროს სავიზიტო ბარათს - გურამ დონაძეს - კაცების გარდა სხვა არაფერი ახსოვს.
წეღან მურვან ყრუ და კოჭლი-თემურა გამახსენდა (ვიღიმები) და ახლა დიმიტრი შაშკინი მახსენდება... რატომ? „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უსინათლო აბიტურიენტი, თბილისის 202-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ბასილაშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა და მეორე სესიის რეგისტრაციის პროცესს დაესწრო“.
ქმედება, რასაკვირველია, კეთილშობილურია, მაგრამ კეთილშობილური ქმედების გაშუქება-გაპიარება ბოროტშობილურად რომ მიმაჩნია, რა ვქნა? ეგ იქით იყოს, მაგრამ ყრუ, მუნჯ და ბრმა „რუსთავი 2“-ს აქეთ-იქით რომ დაათრევენ, მაგაზე რას იტყვით? ეგეც იქით იყოს... „უსინათლოებს მეტროს სადგურებში სიმღერისა და მოწყალების თხოვნის უფლება გარკვეული პირობით დართეს“ - ნიუსია, მაგრამ იგავ-არაკულად უნდა წავიკითხოთ. გარკვეული პირობა, ალბათ, ის არის, რომ უსინათლო მომღერლებს არჩევნებზე გარკვეული პირები გაყვებიან. ჰო, და ის კიდევ, რომ უსინათლოებისთვის სპეციალურად დამზადებულ ბიულეტენებზე ბრაილის შრიფტით მხოლოდ ხუთიანი იქნება დაბეჭდილი.
კიდევ ერთი საგანმანათლებლო ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში: „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სამინისტროს მიერ მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის გამოცხადებული ფოტოკონკურსის „მე ვამაყობ...“ გამარჯვებული სტუდენტი დავით დოხტურიშვილი პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა“.
ნტ, ნტ... გული ამიჩუყდა... ასეთ ხელისუფლებას ის კი არა, რომ საარჩევნო გარემო მოთხოვო... ასეთ ხელისუფლებას გარემოც უნდა დაუთმო და არჩევნებიც. გარემოს მინისტრი გოგა ხაჩიძეა, არჩევნების მინისტრი პალიკო კუბლაშვილი უნდა იყოს. საქმე მაქეთკენ მიდის და რომ მივა, მაშინ ნახეთ რუსეთის კომიკური მდგომარეობა. კომიკურ მდგომარეობაში ახლაც არის, მაგრამ გაცილებით მაღალია მისი სისუსტის ხარისხი.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. იგივე თემაზე გაერომ რეზოლუცია შარსანაც მიიღო, მაგრამ წელს შვიდით მეტმა ქვეყანამ დაგვიჭირა მხარი. ნიუსი: „წიკლაურმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გაერო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ჩანს, რომ საქართველოს მხარდამჭერთა რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი“.
უგრძნია კაცს... შვიდით მეტი თუ არ არის, ვერ გრძნობს ხოლმე, ახლა კი ისეთ გრძნობაზე მოვიდა, რომ ასეთი რამ თქვა: „რუსეთის პოზიცია გაერო-ში სულ უფრო და უფრო სუსტდება და ეს მიანიშნებს, რომ საქართველო აუცილებლად შეძლებს თავის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციას“.
შე მართლა ბოცო, შენა... ტაკ ძერჟაც, ბოცო, ეგრე გეკავოს!!!
„სამხრეთ კორეა საქართველოს სახელწოდებას „გრუზიას“ „ჯორჯიათი“ შეცვლის.
ამის შესახებ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც საქართველოს ჯერ კიდევ „გრუზიად“ იცნობენ“. შე მართლა სტიუარდესა სახელად ჟანა... ისე, რამე რო იყოს, რუსეთთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებას? ერთი ქვეყანა ვიცი, „ვრასტანად“ გვიცნობს და ძალიან უნდა, რომ „ჰაისტანად“ გვცნოს.
ლეიბორისტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობენ ჰააგის ტრიბუნალს, თუ ეს უკანასკნელი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს. რა თქმა უნდა, არ აღძრავს და ამ შემთხვევაში ლეიბორისტებს სიურპრიზი აქვთ მომზადებული - ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ საქმეს აღძრავენ თბილისის საოლქო სასამართლოში.
სხვათა შორის, ლეიბორისტებმა უკვე მოამზადეს რაღაც ტექსტი სააკაშვილის იმპიჩმენტის წამოსაწყებად, სხვებსაც მოუწოდეს - შემოგვიერთდითო. ნინო ბურჯანაძე შეუერთდა და შეერთებით გათამამებულმა ასეთი რამ თქვა: „რამდენად ოპოზიციური არის "რვიანი", ამაზე საზოგადოება თავად იმსჯელებს, მით უმეტეს. დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ამის თქმა. 30 მაისიც გავიდა, ახლა შუა ივნისია და ჯერ კიდევ ხელისუფლების მხრიდან გადმოგდებული წინადადებებს ელოდებიან“.
ახლა შუა ივნისიაო - ნინომ 27 ივნისს განაცხადა. 27 ივნისი შუა ივნისია?! ეტყობა, მეწისქვილის ქლიშვილს სერიოზული პრობლემები აქვს მათემატიკასთან და ამის გამო თუ იყო, 10 მილიონად შეფასებულ აგარაკში ერთი ლარი რომ გადაიხადა. მე სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. თქვენ?
თუ ნინო მწყრალად არის მათემატიკასთან, მეცნიერების ამ შესანიშნავ დარგთან, ოღონდ - ფინანსურ-პოლიტიკურ ჭრილში, ახლო მეგობრობა აკავშირებს მამუკა კაციტაძეს. „დაფინანსების საკითხი, ზედმეტი გაპრანჭვის გარეშე ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისთვის და თუ ვინმე მეტყვის, რომ ფული არ არის საჭირო არჩევნებისა და პოლიტიკისთვის, ის ელემენტარულად ვერ ერკვევვა პოლიტიკაში“, - აღნიშნა კაციტაძემ.
კი, კი, პარტიებს ფული სჭირდებათ. ეს ფული ბიუჯეტიდან მიუვათ, ხოლო ბიუჯეტში ფული ნაგვის ბუნკერების გავლით შევა. ჰოდა, ბატონო ჩემო, ზედმეტად გაპრანჭვის გარეშე - თქვე ჩემისებო, მერე არ თქვათ, ფულს სუნი არ უდისო. უდის, და მერე როგორი... ფუჰ!!!
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის თანახმად , 2010 წელს იურიდიული პირებისგან შემოწირულობები მხოლოდ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ მიიღეს.
ორს მიუღია. ორმა იცის ღორმა იცისო... და თუ ის ორიც ღორია? ორს მიუღია... ორი რამე ცუდი რომ მოხდება, გამიგია, გასამდებაო. აუცილებლად გასამდება. როგორც მემარჯვენეებმა ახლაღა აღმოაჩინეს, რომ 150 დეპუტატს 190 დეპუტატი ჯობს, ზოგიერთი ბიზნესმენი ახლაღა აღმოაჩენენ, რომ ახალი მემარჯვენეების დაფინანსება ხელს შეუწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, მედიის თავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვას.
ცოტა რამ არის საჭირო ადამიანის ბედნიერებისთვისო... რამდენია საჭირო პოლიტიკური პარტიის ბედნიერებისთვის? ცოტა რამ - ერთი მილიონი ლარი. ცოტა რამ, რომელსაც სამში ორს სამში ერთი გადაუგდებს. მათემატიკის ამბავია.
მათემატიკის ამბავია - კოკო გამსახურდიას სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. სამაგიეროდ, დაფინანსება გაეზარდა და ესეც მათემატიკის ამბავია.
კოკო ჟენევაშია, ტენიანობას გრადუსებში ზომავს, თავისუფლებას - უნციებში, ბედნიერებას - კარატებში.
სახერხი საამქროების მფლობელებს კი სპეციალური ჟურნალების წარმოება მოუწევთ - ასოთამწყობმა ასე გადაწყვიტა და რადგან მან გადაწყვიტა, ასომთავრულებს დათანხმება მოუწევთ.
30 ვერცხლად გაიყიდნენო... თუ ძმა ხარ, როდის იყო, რომ ქინძისთავს ფასი ედო? ქინძისთავი იმის ქინძისთავია, რომ სადღაც არის შერჭობილი.
შეერჭვნენ კიდეც - მათემატიკის ამბავიაო...
ხ.დ.ნ.გ. (ხმების დათვლა ნაკლებად გვაინტერესებს) გამრავლების ტაბულა ზეპირად ვიცოდი იმ ადგილამდე, სადაც ექვსჯერ შვიდი ოცდათხუთმეტია, და ამაზე მეტს, მგონია, ვერასოდეს ვერ ვისწავლიდი, ათასი წელიც რომ მეცხოვრა. ასე თუ ისე, მათემატიკა ნაკლებად მაინტერესებს.
(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)