რატომ არ მოიხსენიებს რუსეთის ეკლესია საქართველოს პატრიარქს სრული ტიტულით

რატომ არ მოიხსენიებს რუსეთის ეკლესია საქართველოს პატრიარქს სრული ტიტულით

"ილია II-ის სრული ტიტული 2010 წლის დეკემბრიდან არის - უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა; თუმცა რუსეთის პატრიარქისა თუ მოსკოვის საპატრიარქოს სახელით გავრცელებულ არც ერთ წერილსა თუ ოფიციალურ განცხადებაში, სადაც საქართველოს პატრიარქია მოხსენიებული, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული არასოდეს ფიგურირებს. მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზეც საქართველოს პატრიარქს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულის გარეშე მოიხსენიებენ. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების წარმომადგენელი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, რომ მიმოწერაში სრული ტიტულით მოხსენიება არ ხდება და არასწორია ამაზე აქცენტის დასმა. თეოლოგების თქმით კი, ეს დარღვევაა და მკაფიოდ დეკლარირება იმის, რომ რუსეთის ეკლესია არ აღიარებს ილია II-ის უფლებას აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაზეც, წესით, საქართველოს ეკლესიას რეაგირება უნდა ჰქონდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რატომ არ მოიხსენიებს რუსეთის ეკლესია საქართველოს პატრიარქს სრული ტიტულით.

"საგულისხმოა, რომ რუსეთის პატრიარქის მხრიდან წერილი რამდენიმე დღის წინ მიიღო საქართველოს საპატრიარქომ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თაობაზე. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის ილია II-სთვის მიწერილ წერილში ორი რამაა საგულისხმო, ერთი, რომ იგი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს "ადგილობრივ ხელისუფლებად" მოიხსენიებს და მეორე, ილია II-ს არ მოიხსენიებს სრული სტატუსით. ნახსენებია მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსობა, მაგრამ ბიჭვინთა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობა - არა, რაც პირველი შემთხვევა არ არის. ყველა წერილსა თუ მისალოცში რუსეთის პატრიარქი ილია II-ს სრული ტიტულით არსად მოიხსენიებს. დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის თქმით, მიმოწერაში სრული ტიტულით მოხსენიება არ ხდება, ეს ლიტურგიკული წესის დროსაა აუცილებელი. "როდესაც წირვაზე დგას მღვდელმთავარი, მაშინ უნდა მოხდეს სრული ტიტულით მოხსენიება, რა კათედრები და საყდრები ემორჩილება მას. ჩვენმა პატრიარქმა რომ მისწერა რუსეთის პატრიარქს წერილი, თქვენ გგონიათ, სრული ტიტულითაა მოხსენიებული? იქ აკლია, რომ არის სერგიევო-პოსადის არქიმანდრიტი. როგორ, ჩამოვართვით მას ეს უფლება? რა თქმა უნდა, არა. იცით, რამდენი რამ არის გამოტოვებული?" - ამბობს კახაბერ გოგოტიშვილი, რომლის თქმით, "ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაქციოთ ყურადღება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ - აქ მთავარია რუსეთის ეკლესიის მიერ ოფიციალური აღიარება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია და ამის აღიარება წერილობითაც და სიტყვიერადაც არაერთგზის გვაქვს. ტიტულს რაც შეეხება, აქ არანაირი დანაშაული არ არის", - მიიჩნევს დეკანოზი. არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი ამბობს, რომ "წვრილმანებში ზუსტად ვერ ერკვევა", მაგრამ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულის არაღიარება არასწორია. როგორც ახსოვს, ამის გამო რამდენჯერმე იყო კიდეც მითითება საქართველოს საპატრიარქოდან, მაგრამ ისინი "არც ჰოს იძახიან და არც - არას". პასუხია, რომ რუსეთი აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიებად. თეოლოგ ლადო ნარსიას განცხადებით, 2011 წლიდან ყველა ეკლესია ილია II-ს სრული ტიტულით იხსენიებს, გამონაკლისი არის რუსეთი, რომელიც ამას მიზანმიმართულად აკეთებს და ეს ერთმნიშვნელოვნად დარღვევაა, რაზეც, წესით, საქართველოს საპატრიარქოს რეაგირება უნდა ჰქონდეს", - განაგრძობს გამოცემა.

"საპატრიარქოს განმარტება, რომ წერილებში აუცილებელი არ არის სრული ტიტულით მოხსენიება, აბსოლუტური ტყუილია. საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ასეთი ფორმით თავის მართლება მიუღებელია, რაც ხაზს უსვამს, რომ ეს ადამიანები ვერ ერკვევიან წესში. ეს წერილები ოფიციალური მიმოწერაა და ასეთ ოფიციალურ მიმოწერაში უნდა ჩანდეს ერთი ეკლესიის დამოკიდებულება მეორე ეკლესიის მიმართ. აქ მნიშვნელოვნად არის ხაზგასმული, რომ რუსეთის საპატრიარქო არ აღიარებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხეთის კათოლიკოსის გავლენას. ეს პრობლემური საკითხია, რაც ხელს აძლევს რუსეთის საპატრიარქოსა და ხელისუფლებას, ჩაეჭიდონ ამ სადავო საკითხს და ამით სპეკულირება მოახდინონ. ეს არ არის უბრალოდ "გამორჩენა", ეს მკაფიოდ დეკლარირებაა იმისა, რომ რუსეთის ეკლესია არ აღიარებს ილია II-ის უფლებას აფხაზეთის ტერიტორიაზე", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო ნარსია.

"აქ საქმე შორეულ ისტორიულ პრობლემას ეხება. მაგალითად, რუსეთის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აფხაზეთის საკათალიკოსო დამოუკიდებელი საკათალიკოსო იყო, რომელზეც არ ვრცელდებოდა მცხეთის კათოლიკოსის უფლებები. ამ ისტორიულ პრობლებას კი დღეს რუსეთის საპატრიარქო აყენებს იმის საჩვენებლადაც, რომ მოქმედ კატოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეუზღუდოს ამბიცია, რომ ის უფლებამოსილებას ავრცელებს აფხაზეთის კათედრაზე. ტიტულში აფხაზეთის არმოხსენიება არ არის შემთხვევითი ფაქტი და ამაზე საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს ღიად საუბარი არ სურთ. მაგრამ ამ დაფარვაში იკითხება ის, რომ რუსეთის ეკლესიას არ სურს, აღიაროს ილია მეორე ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთს მიტროპოლიტად. რუსეთის საპატრიარქო ძალიან კარგად იცნობს ამ ბიუროკრატიას, წესებს და ამიტომ ეს შემთხვევით გამორჩენა არ არის. ეს მიზანმიმართულად ხდება, დაფარული ნაღმია და ოფიციალურ დისკუსში შემდეგ გამოიყენებენ კიდეც", - დაასკვნის ლადო ნარსია.

"თეოლოგ ბექა მინდიაშვილის თქმით, პასუხი მარტივია - რუსეთის ეკლესია მხოლოდ ფორმალურად აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არსობრივად კი სწორედ რუსეთის ეკლესია აკონტროლებს და წარმართავს რელიგიურ ცხოვრებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ისე, როგორც რუსეთის სახელმწიფო წარმართავს პოლიტიკურ ცხოვრებას ამ ტერიტორიებზე", - დასძენს გამოცემა.

"რუსეთის ეკლესია მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ამ ტერიტორიებზე, მაგრამ საქართველოს ეკლესიის მესვეურები ვერ დაუპირისპირდებიან იმას, ვისაც რეალურ უფროსად მიიჩნევენ და ამიტომ ამას არ აპროტესტებენ. მგონია, რომ არასრული ტიტულით მოხსენიებაზე უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიასაც ფორმალურად აღიარებს და მიაჩნია, რომ საქართველოს ეკლესია მისი საეგზარქოსოა, როგორც იყო რუსეთის ოკუპაციის პირობებში მთელი 110 წლის განმავლობაში. რეალურად, რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიას იყენებს როგორც ინსტრუმენტს, მაგალითად, საერთაშორისი ასპარეზზე. საქართველოს ეკლესია ან ყოველთვის ემხრობა რუსეთის ეკლესიის პოზიციას, ან პირველი თვითონ ახმოვანებს რუსეთის პოზიციას. მეორე, ამაზე უფრო პრობლემურია ის, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესია იყო ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი იარაღი საქართველოში. ახლა, ბოლო პერიოდში იცვლება რაღაც და ამის გამოა განხეთქილება", - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას ბექა მინდიაშვილი.