ლევან ბერძენიშვილი -

ლევან ბერძენიშვილი - "კვირიკაშვილმა ამ მხდალი განცხადებით დაამტკიცა, რომ პრემიერი არ უნდა იყოს"

პრემიერის ამ განცხადებას საერთოდ აზრი არ აქვს, რადგან არ იცის, რას ამბობს. მავნე განცხადებაა. ეტყობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ტატუნაშვილის ცხედრის გადმოუცემლობის გამო. მაგრამ იმის გამო, რომ პრემიერი უხერხულ მდგომარეობაშია, იმის გამო, რომ მას აქვს თუ არ აქვს პასუხი, საქართველოს სახელმწიფო ვერაფერს დათმობს. საქართველოს რუსეთთან დასათმობი არაფერი აქვს. რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და ოკუპანტთან რა მოლაპარაკებაზე შეიძლება იყოს საუბარი?!" - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლევან ბერძენიშვილი - "კვირიკაშვილმა ამ მხდალი განცხადებით დაამტკიცა, რომ პრემიერი არ უნდა იყოს".

"ამ ტიპის განცხადება, სადაც დამფრთხალი, შეშინებული პრემიერი ჩანს, ქვეყნისთვის საზიანოა. ამ განცხადებით პრემიერმა აღიარა უსუსურობა, რომ ის ამ პრობლემას ვერ აგვარებს. ამიტომ, პრემიერს ასეთი განხცადება არ უნდა გაეკეთებინა. მე მგონი, კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ ის არ უნდა იყოს ქვეყნის პრემიერი... საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს წერილის მისწერა, რაც თავისთავად შეცდომა იყო, რადგან რუსეთის პატრიარქმა გვითხრა, რუსეთის მთავრობას დაელაპარაკეთ, მე ნუ გამრევთო. დაგვცინა. სამწუხაროდ, ყველგან არაკომპეტენტურობა და უსუსურობა ჩანს. სახელმწიფო არსად არ ჩანს. ყველგან მხოლოდ თავის გადარჩენისა და თავის გამოჩენის სურვილი ჩანს... ყველამ იცის ვინ არის რუსეთი. რა უნდა დავუთმოთ რუსეთს - ვაღიაროთ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა? თუ რა ხდება, გვითხრას პრემიერმა, რაზეა საუბარი?! როგორ ბედავს რუსეთთან რამე დათმობაზე ლაპარაკს?!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.

"ჩვენ გვყავს საერთაშირისო მეგობრები, რომლებიც გვეუბნებიან, გვირჩევენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს შევუერთდეთ. რატომ არ ვუერთდებით?! იმიტომ რომ გვეშინია და მაშინ რა მოლაპარაკებებზეა საუბარო. სანქციებს უნდა შევუერთდეთ! აი, რა უნდა გააკეთოს საქართველოს პრემიერმა ამ განცხადების ნაცვლად, მაგრამ ჩვენ არ ვუერთდებით. ხელისუფლების სიმხდალე რეზოლუციის ტექსტშიც ჩანს, ვერ ბედავენ მკვეთრი რეზოლუციის მიღებას და სანქციებთან შეერთებას როგორ გაბედავენ. არადა, რუსეთთან დათმობებით შორს ვერ წავალთ. რუსეთი ოკუპანტია და რა უნდა დავუთმოთ. დიახ, უნდა შევუერთდეთ სანქციებს, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს! საერთოდ, პრემიერის პირადი გადასაწყვეტი არ არის, რა გზით ივლის საქართველო! გვითხრას, რა დათმობაზეა საუბარი და შემდეგ ჩვენ ვიმსჯელებთ, დავტოვოთ თუ არა ისინი ხელისუფლებაში", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ქვეყანას ვერ მართავენ, მაგრამ ხალხი ირჩევს, თანაც უმრავლესობით. თუ ეს ხელისუფლება არის "რუსეთთან დათმობების ხელისუფლება", მაშინ ეს განუცხადონ ქართველს ხალხს, დანიშნონ ხელახალი არჩევნები. ეჭვი რომ არ იყოს, რომ ეს რუსეთუმეების ხელისუფლებაა, მტკიცედ გვითხრან რას აპირებენ. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკამ კრახი განიცადა. კიდევ ერთი საკითხი - ხელისუფლებამ თავის მოწალაქეებს უნდა მიხედოს და ჩვენი მოქალაქეები არ უნდა აღმოჩნდნენ იქ, სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეები არ უნდა შევიდნენ და უნდა გავაკონტროლოთ, რომ არ შევიდნენ და თავი არ დაიხოცონ. საერთოდ ტატუნაშვილი არ უნდა აღმოჩენილიყო ცხინვალის ტერიტორიაზე", - მიიჩნევს ბერძენიშვილი და შეკითხვაზე - "ცოტა ხნის წინა ნატოში გაწევრიანების საწინააღმდეგო ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. ავტორიტეტული ადამიანების ხელმოწერებიც აღმოჩნდა ამ წერილზე. ფიქრობთ, ვირაცები მართლაც შეშინდნენ, რომ საქართველოს შეიძლება მე-5 პუნქტის შეჩერებით მართლაც გახდეს ნატოს წევრი?" - პასუხობს:

"ვიღაცები კი არ შეშინდნენ, ვიღაცებმა რუსეთიდან ბრძანება მიიღეს! არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველოში რუსეთის აგენტურა მუშაობს. გრუ-ს და სუკ-ის აგენტურა, რომელთაც გაბედეს და საქართველოს ეროვნულ არჩევნაზე ასეთი ხასიათის შეტევა განახორციელეს. ტატუნაშვილის საქმე და ეს საქმე ერთი საქმეა, ერთიანია. პარლამენტის პოზიციები, პრემიერის ეს ძალიან მხდალი განცხადება, ეს ყველაფერი ერთ რამეზე მიუთითებს: საქართველოს ევროპული კურსის შეცვლას აპირებს, მაგრამ სიტყვას გაძლევთ, ამას ვერ გააკეთებენ! ეს არ არის მხოლოდ მათი საქმე და ეს არ არის მხოლოდ მათი გადასაწყვეტი. მაგრამ ასეთი კანკალი მიუღებელია. ამ ხელმოწრებეზე რატომ არაფერს ამბობს პრემიერი, რა, არ ეხება?!რა თქმა უნდა, პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა - ქვეყნის ინტერესებზა საუბარი და ვინ მისცა მათ უფლება , რომ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედონ. ეს არის ყვქენის ინტერესებისთვის ძირის გამოთხრა. ეს არის სამშობლოს ღალატი. იმის ნაცვლად, რომ ეს აღკვეთოს პრემიერმა, გამოდის და ასეთ განცხადებას აკეთებს. ეს სრულიად მიუღებელია!"