"უკვე მე-10 დღეა, ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ელოდება ოჯახი. ამავე დროს, უფრო და უფრო საშიში ხდება ახალგორში ქართველების ყოფაც. ახალგორელები ამბობენ, რომ სამი დღეა, სპეცრაზმი აკონტროლებს რაიონს, გამოცხადებულია საგანგებო რეჟიმი და ე.წ. "კაგებე" ქართველებს ეჭვის თვალით უყურებს, როგორც თბილისიდან გამოგზავნილ დივერსანტებს. ამიტომაც ქუჩაში გამოსვლის დიდი შიშია. თანაც, სეპარატისტთა მთელი პროპაგანდაა ამუშავებული, რომ არჩილ ტატუნაშვილი ტერაქტს გეგმავდა და ამის გამო დააკავეს. ახალგორში ზუსტად არ იციან, რატომ დააკავეს ტატუნაშვილი, თუმცა იმ ვერსიისა სჯერათ, რომ მას ბოსტნეულის შეტანისას ე.წ. ახალგორის საბაჟოზე უთანხმოება მოუვიდა ალექსანდრე ჯიოევთან, რომელიც ახალგორში ე.წ. უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ("კაგებე") ხელმძღვანელია და ამის გამო დააჭერინეს, ხოლო მას შემდეგ, რაც დაკავებული ცემაში შემოაკვდათ, ცდილობენ, როგორმე "შეკერონ" ტატუნაშვილის დივერსანტობისა და "გენოციდში" მონაწილეობის საქმე", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ახალგორში ქართველებზე ტოტალური კონტროლი დააწესეს / ცხინვალის რეჟიმი კიდევ სხვა "ქართველ დივერსანტებს" ეძებს.
"ახალგორის ერთ-ერთი მკვიდრის თქმით, ბოლო თვეებია რაიონში ძალიან გახშირდა ქართველი ახალგაზრდების დაკავება და დე ფაქტო მილიციის განყოფილებაში გადაყვანა "ნარკოტიკებზე შესამოწმებლად". დაკავებულებს ხშირად სცემენ, ზოგჯერ სასტიკადაც. ამიტომ ფიქრობს, რომ ტატუნაშვილმა, როგორც ჩანს, ცემისას წინააღმდეგობა გაუწია და ამიტომაც მოკლეს. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ სეპარატისტების დიდ ნაწილში ამის გამო სინანულიც არ იგრძნობა, პირიქით, სჯერათ ე.წ. ოფიციალური ვერსიისა, რომ ტატუანაშვილი თბილისიდან იყო შეგზავნილი მათთან და დივერსიას გეგმავდა. ახალგორში საგანგებო რეჟიმი, დიდი ალბათობით, 18 მარტს დანიშნული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე იქნება. ცხინვალის რეჟიმი კი, მთელი ეს დღეებია, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის გადაფარვას საპასუხო ბრალდებებით ცდილობს. ე.წ. პროკურატურა ტატუნაშვილსა და საქართველოს ხელისუფლებას "ოსი ხალხის გენოციდში" ადანაშაულებს და 45 პირზე ძებნას აცხადებს. მათ შორის არიან: ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. დე ფაქტო პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებამ ასევე დაადასტურა ქართული სპეცსამსახურების განზრახვა, მოეწამლათ ცხინვალის მოსახლეობა წყლის მილსადენ "ედის-ცხინვალში" ტოქსიკური ნივთიერების შერევის გზით...", - აღნიშნავს გამოცემა.
"ასევე ამბობენ, რომ ახალგორი-ცხინვალის დამაკავშირებელი ხიდის ქვეშ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, რაც, დე ფაქტო პროკურატურის მტკიცებით, დაკავშირებულია არჩილ ტატუნაშვილის მიერ დაგეგმილ დივერსიებთან, მათ ხელთ არსებული "სარწმუნო ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ის ამზადებდა პროვოკაციებს სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის". ცხინვალის ე.წ. სასამართლო ექსპერტი ისევ ირწუნება, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა და ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი, რაიმე სისხლჩაქცევა ვერ აღმოაჩინა, ახლა კი ექსპერტიზა რუსეთშიც ტარდება. დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი მურად ჯიოევი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ნათქვამია ქართული მხარისთვის, მაგრამ თბილისი მაინც დაუსაბუთებელ ვერსიებს ავრცელებს და საკითხის პოლიტიზებას ცდილობს, რათა აჟიოტაჟი გამოიწვიოს. დასავლეთი კი ქართველებს ენდობა, რის გამოც ჯიოევი დასავლეთის ქვეყნების მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს და მათ ორმაგი სტანდარტების გამოყენებაშიც ადანაშაულებს. ამბობს, რომ 2008 წლის მოვლენების შემდეგ "სამხრეთ ოსეთის 7 მოქალაქე" ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა ამ საკითხს საერთაშორისო გაერთიანების მხრიდან ყურადღება არ ექცევა", - განაგრძობს გამოცემა.
"იგი იმასაც ამბობს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო პრობლემები ექმნებათ გამოძიებაში, რომელმაც თბილისიდან დივერსიების მოწყობა უნდა დაამტკიცოს. ახალგორის დე ფაქტო გამგებელი ფილიპ ხაჩიროვი ადგილობრივ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს დაკავებული კიდევ ორი პირი - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში მშობლებთან არიან და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა თავად არ სურთ - "ამბობენ, რომ გადასვლის შემთხვევაში აწამებენ და პიარისთვის გამოიყენებენ. ამიტომაც გამორთეს ტელეფონები, რომ აღარავინ შეაწუხოს", - აცხადებს ხაჩიროვი, თუმცა, რეალურად, მათ საბუთები ჩამორთმეული აქვთ და ამიტომაც ვერ ტოვებენ ახალგორს. მთელ ამ პროპაგანდისტულ აქციაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება პასუხს არ სცემს ერთ-ერთ მთავარ კითხვას - როდის მოხდება ცხედრის გადმოცემა, რასაც ოჯახი უკვე 10 დღეა, ითხოვს. ოჯახის თხოვნით, საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს გაუგზავნა წერილი და სთხოვა, გამოიყენოს თავისი გავლენა და ოფიციალურ მოსკოვს მიმართოს, რომ მოკლულის ცხედარი ოჯახს დროულად გადასცენ", - დასძენს გამოცემა.
"გუშინ საპატრიარქომ ამ წერილზე მიღებულ პასუხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მათი ცნობით, რუსეთის პატრიარქი კირილი უკვე ჩაერთო ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისათვის გადმოცემის საკითხში. მოსკოვის საპატრიარქოსაგან მიღებული ინფორმაციით, ცხედარს ამჟამად ექსპერტიზა უტარდება და მას საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე "წითელი ჯვარი" გადმოასვენებს. თუმცა როდის მოხდება ეს, ისევ უცნობია. "კავკასიური სახლის" აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კანაშვილის განცხადებით, რეალურად, რატომ დააკავეს არჩილ ტატუნაშვილი, ამის თქმა რთულია. სხვადასხვა ვერსიაა, თუმცა აშკარაა, რომ მისი დაკავება არა "ომის ამბების გამო" მოხდა, არამედ, სავარაუდოდ, რაღაც ყოფითი კონფლიქტის გამო და გამორიცხულია, ეს საქმე ოსურმა მხარემ გამოიძიოს. იგი ამბობს, რომ საქართველოც უძლურია, რეალურად, ვინმეს პასუხი აგებინოს", - წერს სტატიის ავტორი.
"სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ყოფით კონფლიქტთან, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გარდაცვლილის საქმიანობასთან, სავაჭრო საკითხებთან. ზოგადად, ოკუპირებულ მხარეს ადამიანის უფლებები დაუცველია და ეტყობა, ეს ყოფითი კონფლიქტი ასეთ ტრაგიკულ ამბებში გადაიზარდა. ახლა კი ცდილობენ, გააჭიანურონ ცხედრის გადმოცემა, რომ ნაკლებად ეტყობოდეს ძალადობის კვალი. მათი ე.წ. ოფიციალური განცხადებების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია. ადგილობრივი მოსახლეობიდან მეც და ბევრს აქვს ინფორმაცია და ცხინვალშიც უმეტესად სჯერათ იმ ვერსიისა, რომ ტატუნაშვილი ცემით მოკლეს. ასევე სჯერათ, რომ ყოფითი კონფლიქტის გამო დააკავეს ეს ადამიანი და არასერიოზულად მიაჩნიათ "გენოციდში" მისი დადანაშაულება, რადგან 2008 წელს სამხრეთ ოსეთში საერთოდ არც ყოფილა, ერაყში იყო, ხოლო ბოლო წლებში ახალგორში მას თავისუფლად უშვებდნენ. შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ ბოლო პერიოდში ახალგორში ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლება და ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები ძალიან ცუდად იქცევიან, ადამიანებს ხშირად იბარებენ, ამოწმებენ, მიჰყავთ განყოფილებაში ვითომდა ნარკოტიკებისა თუ სხვა შემოწმებაზე და იზოლატორში ადამიანის ცემა, სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვეულებრივ ნორმად იქცა. არა მარტო ქართველებს, ოსებსაც კი სცემენ იზოლატორებში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კანაშვილი.