კულტურის მუშაკების წერილი, რომელმაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

კულტურის მუშაკების წერილი, რომელმაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

“კულტურის მუშაკების მცირე ჯგუფის მიერ საელჩოების მისამართით გამოქვეყნებულ ღია მიმართვას, სადაც პროდასავლური პოლიტიკა და ნატოსკენ სწრაფვა ტერიტორიების დაკარგვისა და ხალხის გაღატაკების მიზეზად სახელდება, შეფასებები მათივე წრის წარმომადგენლების მხრიდანაც მოჰყვა. ამ განცხადებას "ბავშვურ გულუბრყვილობას", "საქმის უცოდინრობასა" და "რუსული ინტერესების გავრცელებას" უწოდებს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მეორე ნაწილი. ცნობისათვის, საზოგადოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების ჯგუფმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. მათი განცხადებით, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველო ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე რესპუბლიკა იყო, მისი ხალხი - მდიდარი და მოსახლეობის რაოდენობა 5,5 მილიონს შეადგენდა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, კულტურის მუშაკების წერილი, რომელმაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

"პროდასავლურმა პოლიტიკამ და ქართველების სწრაფვამ ნატოსკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობა მეზობელ რუსეთთან, სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, შექმნა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და შეაფერხა ქვეყნის განვითარება, ხალხი გაღატაკდა და მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონზე დაბლა ჩამოვიდა," - წერია მიმართვაში. წერილს ხელს აწერენ: რობერტ სტურუა, ქეთი დოლიძე, რეზო ამაშუკელი, ელიზბარ ჯაველიძე, თამაზ წივწივაძე, გოგი ქავთარაძე, გოგი ხარაბაძე, გიორგი კვესიტაძე, თემო გოცაძე და პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია“, - აღნიშნავს გამოცემა.

"წერილის ავტორები ნატო-ს ღალატშიც ადანაშაულებენ და წერენ, რომ უკიდურესად არაკორექტული შემოთავაზებააა და "ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა აშშ-ის საელჩოსა და მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტის, ბატონი ლუკ კოფის შემოთავაზებამ საქართველოს გაწევრიანებაზე "ნატოში" ალიანსის წესდების მე-5 და მე-6 მუხლების, ანუ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე." "ნატო სამხედრო ალიანსია, მისი წევრობა, პირველ რიგში, სწორედ უსაფრთხოების გარანტიების ილუზიის გამო იზიდავდა საქართველოს მოსახლეობას და თუ ეს გარანტიები არ გავრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალზე, მაშინ საინტერესოა, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ გაწევრიანებამ ხალხს და სახელმწიფოს," - აღნიშნულია მიმართვაში. ცნობისათვის, ლუკ კოფი ნატოს სთავაზობს საქართველოს მიღებას ისე, რომ მე-5 მუხლის მოქმედება დროებით არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე (მე-5 მუხლის თანახმად, ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება), - განაგრძობს გამოცემა.

"წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი, მსახიობი გოგი ქავთარაძე აცხადებს, რომ ხელმოწერის გამო ერთგვარ უხერხულობასაც გრძნობს, რადგანაც არ მიიჩნევს, რომ პროდასავლურმა პოლიტიკამ დააკარგვინა საქართველოს ტერიტორიები და გააღატაკა ხალხი. ქავთარაძის თქმით, ეს ნაწილი ცოტა მჭახეა. ამ წერილს ვეთანხმები, მაგრამ შენიშვნებიც მაქვს. ამ წერილს ვინც ხელი მოაწერეს, მათაც დაუმატეს რაღაც. ვინ დაწერა, ვერ ვიტყვი. ცოტა უხერხულობას მიქმნის ეს ტექსტი... პირადად მე მინდა უფრო მეტი აქტიურობა და ნაბიჯების გადადგა დასავლეთისგან. რადგან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ გვერდით ვიყოთ, ამიტომ გვინდა, რომ ცოტა ისინიც გამოფხიზლდნენ. მეორე ხელმომწერმა, მხატვარმა თემურ გოცაძემ ჯერ უარყო ხელის მოწერა, შემდეგ კი თქვა, რომ ამ თემაზე არ საუბრობს და სიტყვებით - "გამანებეთ თავი" გაბრაზებულმა გათიშა ტელეფონი. ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი აცხადებს, რომ წერილს ეთანხმება და მასთან რომ მიეტანათ, ხელსაც კი მოაწერდა. მწერალი თამაზ ჭილაძე ამბობს, რომ წერილის შინაარსს არ ეთანხმება. ჭილაძის თქმით, ის დასავლეთის მომხრეა. ეს არის ქართული ინტელიგენციის ნაწილის აზრი. მათგან ბევრი ჩემი მეგობარია და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი აზრი თავიდან ბოლომდე არის ის, რომ საქართველოს დასავლეთის გზის გარდა სხვა ვარიანტი არ აქვს. მე ვიცი, რა ვარიანტები იმალება უკან და მე მისი მომხრე არ ვარ... რობერტ სტურუა დაასახელეთ და ბოლო დროს საქართველოში ბევრს არ გაუკეთებია იმდენი საქმე, რამდენიც სტურუას. ერთი ალბათ ოთარ ჭილაძე იყო და წავიდა ის ამ ქვეყნიდან." - დასძენს გამოცემა.

"რეჟისორ გიორგი შენგელაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის, სიმბოლურად, სწორედ ამ ინტელიგენციას ეკუთვნის, სულ სხვანაირად ხედავს ყველაფერს. შენგელაიას თქმით, ეს წერილი, რაც მათ დაწერეს, საბავშვო ბაღია. რა შუაშია ნატო? ადრე ჩვენი ეკონომიკა იყო ძლიერი იმიტომ, რომ რუსეთს ემსახურებოდა ჩაით, კონსერვებით, ახლა არაფერი არ გადის. ტერიტორიები რუსეთმა მიიტაცა და ამაზე დასავლეთში ყოველთვის არის უმაღლეს დონეზე მსჯელობა. ტრამპმა თქვა, ყველამ თქვა, მაგრამ სანამ დიდი ომი არ იქნება, ეს ამბავი არ მორჩება. ცოტა ინფანტილური, ბავშვური წერილია. ვერ იგებენ რა, არ იციან გეოპოლიტიკური მდგომარეობა, არ კითხულობენ არაფერს. ჩემს აზრებს ეს ეწინააღმდეგება. ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, ეს წერილი სრულიად მიუღებელია და რუსული პროპაგანდის ნააზრევს გამოხატავს. თვითონ წერილის სტილი არის ღრმა ბნელეთის დროინდელი, საბჭოთა დროის სტილით. ეს წერილი გამოხატავს რუსეთის შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველო უახლოვდება დასავლეთს. საბჭოთა დროის ინტელიგენციაში ყველა არ ფიქრობს ასე. ეს არის ადამიანების ჯგუფი და მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ წერენ ასეთ წერილს, რას გულისხმობენ და რა უნდათ?! საერთოდ, ვფიქრობ, რომ მსგავს სისულელეებზე ზედმეტი რეაქცია სრულიად არაადეკვატურია და პირდაპირ ხელს უწყობს სწორედ რუსულ პროპაგანდას საქართველოში, რომ თითქოს ეს საკითხი დგას და რუსეთი წარმოადგენს რაიმეს ალტერნატივას კაცობრიობისთვის და საქართველოსთვის," - წერს სტატიის ავტორი.