სასოფლო-სამეურნეო მიწების განკარგვის მკაცრი მექანიზმი ნელ-ნელა სუსტდება.
ახალი კანონპროექტი ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია და მის მიმართ სხვადასხვა მხრიდან შეტევა მიმდინარეობს. უცხოელი რეზიდენტებისა და ბანკების (რომელთა უკან ასევე უცხოური კომპანიები დგანან) მოგერიება თანდათან ძნელდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ისინი ხელისუფლების პოზიციას მუდმივად არყევენ.
სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების აკრძალვის წინაამდეგ ამჯერად ბანკები გააქტიურდნენ. საბანკო სექტორი ერთ-ერთ მთავარ გამომწვევად მიწის გირავნობაზე გაურკვეველ მდგომარეობას ასახელებს.
"პროკრედიტ ბანკის~ დირექტორი ამ ვითარებაში აგროდაკრედიტების შეწყვეტის საფრთხეზეც საუბრობს. ქეთევან ხუსკივაძე ამბობს, რომ მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის კანონი ყვველა ბანკისთვის მთავარი რისკი და გამოწვევაა.
ბანკირი ამბობს, რომ პირველი მოსმენისას კანონპროექტის შემდგომი განხილვის ბედი გაურკვეველია. იქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და არსებული დათქმა არ აძლევს გარანტიას საბანკო სექტორს.
იმავე პოზიციას იზიარებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი, რომელიც თავის დროზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული საბანკო სექტორთან. მისი აზრით, ამჟამინდელი რეგულაცია სასწარფოდ შესაცვლელია, რადგან ბანკებს უქმნის პრობლემას როგორც მიწის დასაკუთრების, ისე შემდგომ მისი რეალიზაციის თვალსაზრისით.
"ორი უმსხვილესი ბანკია, რომელთა აქციებიც ლონდონის ბირჟაზეა განთავსებული. მათ უცხოელი დამფუძნებლები ჰყავთ და მიწების დასაკუთრებისა და შემდგომ რეალიზაციის პრობლემა უჩნდებათ. ამიტომ ვერ გასცემენ სასოფლო-სამეურნეო სესხებს და შეზღუდავენ. იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის ხერხემალია სოფლის მეურნეობა, ეს პრობლემას ქმნის და სასწრაფოდ გადასაწყვეტია. თუ ქვეყანას უნდა, რომ უცხოელზე მიწა არ გასხვისდეს, საკითხი სხვაგვარად უნდა დარეგულირდეს", - აცხადებს პაპაშვილი.
სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ზედამხედველობა ბანკებს არ უნდა დაევალოთ. ეს სექტორი გამიჯნული უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებისგან, რადგან არ მოხდეს მათი მეშვეობით მიწის უცხოელებზე გასხვისება.
სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ბადრი რამიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ბანკებთან დათმობით მოხდება ის, რომ ფინანსური სტრუქტურები შეძლებენ მიწების უცხოელებზე გასხვისებას, რასაც მთელი ქვეყანა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
სასოფლო-სამეურნეო მიწების ხანგრძლივად ბანკის მფლობელობაში ყოფნა არ შეიძლება. მათ საქმიანობასთან ეს შეუთავსებელია და ბევრ ქვეყანაში აკრძალულიცაა. რაც შეეხება დაკრედიტებას, მათ შეუძლიათ, გონივრული ვადა დაასახელონ, პროცედურებს რა დროც დასჭირდება.
ბანკებმა უკვე უამრავი ფუნქცია აიღეს თავის თავზე, რაც კანონით ეხებათ და არ ეხებათ, ისიც. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სისუსტისა. საფინანსო სექტორი მონოპოლიზებულია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, უცხოელებზე გასხვისდეს სასოფლო-სამეურნეო მიწები გინდა პირდაპირ და გინდაც შემოვლითი გზით", - განუცხადა "რეზონანსს" რამიშვილმა.
კომერციულ ბანკებს მიწაზე არავითარი უფლება არ უნდა ჰქონდეთ. სასოფლო-სამეურნეო სფეროს სპეციალიტი ანზორ მესხიშვილი ბანკების მონოპოლიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი პოზიციაა, განკარგვის უფლება მოიპოვონ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და უცხოელებზე გაყიდონ. ფერმერები კი დაკარგავენ თავიანთ სავარგულებს და გაღატაკდებიან.
"სასოფლო-სამეურნეო მიწებს ბანკები არ უნდა განკარგავდნენ. ამის არავითარი უფლება არ აქვთ. მიწის გირავნობა სამოქალაქო კოდექსით არ ხდება, ის მხოლოდ იპოთეკას ითვალისწინებს. ჯერ პარლამენტს მორატორიუმი აქვს გამოცხადებული მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე.
პირადად ჩემი აზრია, რომ ბანკებს მიწაზე არავითარი უფლება არ უნდა ჰქონდეთ. მათ ხომ ლამის ნახევარი საქართველო ბინებიდან გამოაძევეს და უძრავი ქონება მიისაკუთრეს. აღარაფერს ვამბობ იმ უზარმაზარ საპროცენტო განაკვეთზე, რასაც თითოეული ადამიანისგან იღებენ. ახლა ის უნდათ, რომ მიწებიდანაც აყარონ გლეხები. ალბათ მათი მიზანი ისაა, რომ ფერმერებმა დაკარგონ თავიანთი ნაკვეთები და უცხოელებზე გაყიდონ", - განუცხადა "რეზონანსს" მესხიშვილმა.