ახალი „ბუას“ შექმნა და მისი განეიტრალების სცენარები

ახალი „ბუას“ შექმნა და მისი განეიტრალების სცენარები

[ნანა მაისაშვილი]

ნაციონალებმა ისე აკრიფეს, მალე საქართველო კუბის შემდეგ პირველი „დემოკრატიული“ ქვეყანა იქნება, სადაც ერთპარტიული მმართველობა დამყარდება. ხელისუფლების სასაკლაოზე პოლიტიკური გვამების ცვენაა. ნინო ბურჯანაძე, როგორც პოლიტიკოსი ოცდაექვსმა მაისმა გააკოტრა, „რვიანი“ მარტივ მამრავლებად იმ „უბრალო“ მიზეზით დაიშალა, რასაც მილიონი „პოსლე“ ლარი ჰქვია.

გაყიდულმა ოპოზიციურმა სპექტრმა რაც უნდა ამტკიცოს, რომ ხელისუფლების დაკრულზე არ ცეკვავს, ხალხი არც ბრმაა და არც ყრუ, ყველა ყველაფერს კარგად ხვდება და ყველამ ყველაფერი კარგად იცის! ბურთი და მოედანი სააკაშვილს დარჩა. მიმდინარე მოვლენებმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას სიმშვიდეს ურღვევს ირაკლი ოქრუაშვილია.

ვანო მერაბიშვილი იმ კატის პოზიციაში აღმოჩნდა რომელიც ძეხვს ვერ შეწვდა და ყველაფერი პარასკევს დააბრალა. ოქრუაშვილი საფრანგეთშია და მისი ჩამოყვანა, შსს როგორც უნდა ეცადოს, შეუძლებელია. ექსტრადიციას, სულ ცოტა, უტყუარი მტკიცებულებები ჭირდება და არა კოკისპირული, გადაუღებელი წვიმისგან დამბალი მიწიდან ამოღებული მშრალი ტყვია-წამალი, რამდენიმე ავტომატი და ჯერ კიდევ ბუნებაში არარსებული (საქმეს მტკიცებულებად არ ერთვის) „ზილი“, რომ არაფერი ვთქვათ ასევე ბუნებაში არარსებულ 200 სპეცრაზმელზე, რომლებიც „ზილით“ უნდა შემოსულიყვნენ საქართველოში.

ეს „მტკიცებულებები“ ფრანგებისთვის საკმარისი არაა ოქრუაშვილი სახელმწიფო გადამტრიალებლად სცნონ. ევროპიდან ექსტრადიცია ასე ადვილად რომ არ ხდება „კანონიერი ქურდის“ კალაშოვის მაგალითზეც დადასტურდა, მითუმეტეს, ეს გაჭირდება ოქრუაშვილის შემთხვევაში, რომელსაც საფრანგეთმა თავშესაფარი მისცა. ეს იცის ოქრუაშვილმა და იცის მერაბიშვილმაც, ამიტომ, მინისტრმა პარტიის დაშლის სხვა მეთოდს მიმართა.

სხვა საკითხია რაოდენ საშიშროებას უქმნიდა ხელისუფლებას ეს პარტია პოლიტიკურ ორბიტაზე. უფრო სწორი იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ამ შემთხვევაში, პიროვნულ ანგარიშსწორებასთან გვაქვს საქმე და როცა დაპირისპირება ამ ნიშნით ხდება, პრაქტიკამ ცხადყო, რომ ხელისუფლება უკან არ იხევს არა მხოლოდ პიროვნულ მოწინააღმდეგესთან საკუთარ თანამოაზრესთანაც კი.

სააკაშვილს, როგორც ჩანს, ქართული პარტია მხოლოდ ოქრუაშვილის გამო უშლიდა ნერვებს, თორემ რაიმე რადიკალური ცვლილება მითუმეტეს, სახელმწიფო გადატრიალება ამ პარტიას რომ არ შეუძლია ცხადია. 21-26 მაისის აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხალხს მოკლე მახსოვრობა აქვს და ნაჩინოვნიკარი ოქრუაშვილის საქართვალოში ჩამოსვლას იმედით უყურებდა.

დღეს უკვე ცხადი გახდა, რომ „ქართული პარტიის“ ემიგრანტ ლიდერს მართლა ოპოზიციურმა სპექტრმა გადააფიქრებინა მაისის აქციების დროს თბილისში ჩამოსვლა. მას შემდეგ რაც შსს-მ დაკავებულების ჩვენებები გამოაქვეყნა, ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა: „კიდევ კარგი მაისის აქციების დროს ოქრუაშვილს გაერთიანებაზე უარი რომ ვუთხარით“.

თავის დროზე, სწორედ არაერთსულოვნება დაასახელა „ქართულმა პარტიამ“ „მრისხანების დღის“ გადავადების მიზეზად. მაშინ, ირაკლი თბილისში ვერ ჩამოვიდა, მაგრამ რა გარანტია ჰქონდა ხელისუფლებას, რომ ეს უმართავი შურისმაძიებელი, ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური დაკრძალვის მომენტს არ გამოიყენებდა და უკვე მოსუფთავებულ მოედანზე ყოჩობას არ მოინდომებდა? ჰოდა, მერაბიშვილმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, გამოიყენა ყველა რესურსი და „ზილების რევოლუციაც“ მოკლა ჩანასახში.

საქმის მასალებისთვის „ზილის“ თანდართვას მერაბიშვილი ადვილად მოახერხებს, მაგრამ 200 სპეცრაზმელის მოძიება ცოტა რთული საქმეა. ალბათ, ამ ნიშნით შეარჩიეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები მთავარ ეჭვმიტანილებად, მიუხედავად იმისა, რომ მათ „ქართულ პარტიასთან“ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ყოფილ სამხედროებს პარტიული შეფუთვა ტერაშვილით და კიდევ ერთი პარტიულით გაუკეთეს და საქმეც როგორც კვაჭი კვაჭანტირაძე იტყოდა „გაიმასქნდა“...

„სააკაშვილს ყველაზე მეტად ოქრუაშვილის და „ქართული პარტიის“ ეშინია, - „ზილების რევოლუციამდე“ ერთი კვირით ადრე განაცხადა  პრესაგე.ტვ-სთან ეროსი კიწმარიშვილმა, - ამიტომ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ“.

ზუსტად ერთ კვირაში შს სამინისტრო აქვეყნებს მორიგი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ამსახველ ვიდეო-კადრებს და დაკავებულების აღიარებით ჩვენებებს. მერაბიშვილის უწყებამ დაკავებულების პირველი ნაკადი ერთპიროვნულად „ქართული პარტიის“ წევრებად გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრი რვიდან მხოლოდ ორი იყო და იმ ორმაც აღიარებითი ჩვენება არ მისცა. ყველაზე მეტი „დოსიე“  ჩასაფიქრებელ-მოსაფიქრებელ-ჩაფიქრებულ გადატრიალებაზე დაკავებულმა გიორგი საათაშვილმა ილაპარაკა. საათაშვილი პარტიის წევრების განცხადებით ერთადერთხელ და ისიც დაკავებამდე ერთი კვირით ადრე იყო მისული და ისიც გავლით. „ვიღაცას მოაკითხა“, - ასე განაცხადეს „ქართულ პარტიაში“.

მოგვიანებით გაირკვა, რომ საათაშვილი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია და იქაც მხოლოდ იმიტომ მიიღო თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილმა, რომ იგი თავისი ნათლიმამის კობა დავითაშვილის ბიძაშვილია, დედის ძმის შვილი. პირველი ნაკადის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, მეორე ნაკადი - 7 ადამიანი დააკავეს. „ყველა დაკავებული სასტიკად ნაცემია“, - ამ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე აკეთებს.

კანონი რომ დაირღვა ამის მტკიცებას  მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლის გოჩა ჩიხლაძის მაგალითიც ყოფნის. ჩიხლაძეს ოჯახისა და პარტიის წევრები ორი დღე ეძებდნენ და ბოლოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასტიკად ნაცემი იპოვეს, თავზე ბადრაგი ადგას და „თურმე დაპატიმრებული ყოფილა“. ასევე სასტიკადაა ნაწამები თემურ ელყანიშვილი, რომელმაც სამი კვირის წინ დაიწყო ოფისში მუშაობა და მანქანით სულ რამდენჯერმე  წაიყვანა პარტიის პოლიტიკური მდივანი.  

„თემურ ელყანიშვილის წამების ერთადერთი მოტივი იყო, ეთქვა, სად დაჰყავდა ეროსი კიწმარიშვილი. ასევე ნაწამებია კიდევ ერთი დაკავებული - ბესიკ ბერიტაშვილი, რომელმაც პარტიის ოფისში ერთი თვის წინ  მძღოლად დაიწყო  მუშაობა“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

კიდევ ერთი კანონდარღვევა ისაა, რომ დაკავებულ არც-ერთ პირთან, იქნებოდა ის „ქართული პარტიის“ წევრი თუ პარტიასთან რაიმე ფორმით დაკავშირებული  პიროვნება, ადვოკატები არ შეუშვეს. მიუხედავად ატეხილი აჟიოტაჟისა, დაკავებულები ჯერ არ უნახავს არც სახალხო დამცველს და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს. სხვებს ეკრძალებათ საპატიმრო ადგილებში შესვლა, მაგრამ წითელი ჯვარი და სახალხო დამცველის ოფისი ის ორგანიზაციებია, რომელთაც კანონი ცალსახად აძლევს საპატიმრო ადგილებში დღის ნებისმიერ დროს, პატიმრების მონახულების უფლებას.

ამიტომ, გაპარტიებულ-გაპოლიტიკოსებული ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და მისი ასევე ყოფილი მოადგილე სოფიო ხორგუანი უკვე მერამდენედ ითხოვენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების დაკავების იზოლატორებში შესვლას და პატიმრების მონახულებას. მეტიც, არც ერთ ოპოზიციურ (ჯერ კიდევ ღიად გაუყიდველებს) პარტიას ლეიბორისტების გარდა, ამ დაჭერების გამო, საპროტესტო განცხადება არ გაუკეთებიათ.

როცა საუბარია „ხარისხიან ქართველობაზე“ ასეთ დროს გაჭირვებაში მტერსაც არ ტოვებდა ჩვენი წინაპარი და თუ თავი ქუდში არ გაქვს, ანუ გარანტირებული არ ხარ, რომ მერაბიშვილი ხვალ შენს პარტიულ კარს აჭედავს, წესით კი უნდა გამოხვიდე და განცხადების დონეზე მაინც დაუჭირო, თუნდაც, ოპონენტს მხარი.

ყველაზე ახლო წარსულიდან 21-26 მაისის აქციის გახსენება შეიძლება, მაშინაც ოპოზიცია ორად გაიხლიჩა, აქციებზე დიდი ნაწილი პოლიტიკური მოსაზრებებით არ მივიდა, მაგრამ დარბვევის შემდეგ, განცხადებები გაკეთდა. მაისში ოქრუაშვილი არ ჩამოვიდა, მაგრამ მისი პარტიის ადგილობრივი თავმჯდომარე სოზარ სუბარი მივიდა აქციაზე. განცხადებებიც გააკეთა დარბევის შემდეგ და ერთ ოქრუაშვილს ამდენი ნაწამები ადამიანი გადააყოლო მხოლოდ იმიტომ, რომ ის „შენს სტანდარტებში არ ჯდება“, უბრალოდ უხერხულია. ევროპულ მენტალიტეტზე როცა გაქვს პრეტენზია არაევროპულ გაგებით არ უნდა მოეკიდო პრობლემას.

და კიდევ ერთი ყველაზე მთავარი - „ქართული პარტიის“ წევრებს მიყოლებით რომ იჭერენ, სხვა თემაა ისინი დამნაშავეები არიან თუ არა და, რამდენად დაუმტკიცებენ მათ „ზილების რევოლუციის“ ჩანაფიქრს, პარტიის ლიდერი რომ გქვია და ბოლოს და ბოლოს, ირაკლი ხარ ოქრუაშვილი, შენს მოწინააღმდეგეებს მხოლოდ აეროპორტში არ უნდა უმტვრევდე თავ-ყბას, კეთილი უნდა ინებო და საფრანგეთიდან, ჯერ, განცხადება უნდა გამოაგზავნო საქართველოში, შემდეგ კი, თავადაც უნდა ჩამოხვიდე. დიდი ამბავი თუ დაგაკავებენ! აკი თავი გადადებული გაქვს? სხვა თუ არაფერი, შენი პარტიის ადგილობრივ თავმჯდომარეს სხვა პარტიებისთვის სახვეწარი არ ექნება უდანაშაულო ხალხის ტანჯვა-წამება-დაპატიმრება განცხადების დონეზე მაინც გააპროტესტეო...