თომას დე ვაალი: „სააკაშვილის წასვლა საქართველოსთვის ჯანსაღი მოვლენა იქნება“

თომას დე ვაალი: „სააკაშვილის წასვლა საქართველოსთვის ჯანსაღი მოვლენა იქნება“

[მერაბ ბრეგაძე] 

რუსეთის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობას ისევ არ აპირებს. აშშ კი „მხარს უჭერს არა რომელიმე კონკრეტულ პირსა და პარტიას, არამედ საქართველოს, ქვეყნის საზოგადოებას და მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ნების გამოხატვა იქნება უზრუნველყოფილი“. საბოლოო არჩევანი ქართველების გადასაწყვეტია.

„მოსკოვი საქართველოსთან დიალოგზე უარს არ ამბობს, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობას ისევ არ აპირებს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს მიერ დიალოგის განახლების შეთავაზების კომენტირებისას განაცხადა:

„დიალოგის განახლების შეთავაზება არაერთხელ გამიგია, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, რამდენადაც ქართულ მხარეს არანაირი ნაბიჯი აღარ გადაუდგამს. დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიწყვეტია, ეს თბილისმა გააკეთა. სხვადასხვა დონზე კონტაქტებს თავს არ ვარიდებთ, ერთის გარდა – არ გვაქვს ურთიერთობა პრეზიდენტ სააკაშვილთან, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, რომლებზეც დიმიტრი მედვედევს არაერთხელ განუცხადებია“.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიიის საშუალებით კრემლს ნოტა გაუგზავნა მოლაპარაკებათა განახლების განახლების შესახებ. ქართულმა მხარემ მოსკოვს დიალოგი ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად შესთავაზა. წინადადება კონკრეტულად ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საქმეს ეხება, რომელიც 1900-იან და 2008 წლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის ფაქტებს აერთიანებს.

თავის მხრივ, საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი საკუთარი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ ისეთი საარჩენო გარემოს შექმნას უჭერს მხარს, რომლის ფარგლებშიც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება უზრუნველყოფილი.

 ამასთან, ბასი კვლავ აცხადებს, რომ „აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე კონკრეტულ პირსა და პარტიას, არამედ საქართველოს, ქვეყნის საზოგადოებას და მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ნების გამოხატვა იქნება უზრუნველყოფილი“:

„მიგვაჩნია, რომ შეთანხმება, რომელსაც ხელისუფლება და ზოგიერთი პოლიტიკური ძალა აწერს ხელს, წინაგადადგმული ნაბიჯია. ეს ნაწილობრივად იმ შეშფოთებასაც პასუხობს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ ეუთო-ს გააჩნდა. ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუ რას ვფიქრობ მე ან აშშ, მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას ფიქრობს ქვეყნის მოსახლეობა. იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში პროცესი გააქტიურდება და ის ძალები, რომლებიც ხელმოწერის მონაწილეები არ გახდნენ, ხელისუფლებასთან საერთო ენის გამოძებნის მიზნით გააქტიურდებიან“.

კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსის სპეციალისტი თომას დე ვაალის აზრით კი, „სააკაშვილის წასვლა ჯანსაღი მოვლენა იქნება“.

 ამის შესახებ ვაალმა, რომელიც თბილისში საკუთარი ნაშრომის - „საქართველოს არჩევანი: ცვალებად პირობებში გამოკვეთილი სამომავლო სურათი“ ქართული თარგმანის წარსადგენად იმყოფება, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე აზრით, ლოგიკურია, რომ სააკაშვილს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით აქამდე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია:

„როცა გადაწყვეტილებას მიიღებს, ის მიხეილ სააკაშვილი ვეღარ იქნება, რაც ამჟამად არის. ის ან იქნება ადამიანი, რომელიც პოლიტიკური სცენიდან მიდის და სუსტია, ან პირიქით, რომელიც პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს და ამის გამო ბევრ კრიტიკას დაიმსახურებს. ამიტომაა, რომ გადაწყვეტილებას არ იღებს და დრო გაჰყავს. რა თქმა უნდა, ეს გარე ფაქტორებზეცაა დამოკიდებული.

პირადად მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის დიდი მიღწევა იქნება, თუკი ის პოლიტიკური სცენიდან წასვლას გადაწყვეტს, რადგანაც ეს საქართველოსთვის ჯანსაღი მოვლენა იქნება. თუკი დასავლეთში მეტად მკაფიოდ განაცხადებენ, „კონსტიტუცია კი იძლევა პრემიერ-მირისტრის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას, მაგრამ ამას ცუდად ვუყურებთო“, ეს მოვლენებზე გავლენას იქონიებს“.

 რაც შეეხება შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის შესაძლო გაპრემიერებას, ანალიტიკოსის აზრით, მას, როგორც გარედან დამკვირვებელს, ამ საკითხზე მსჯელობა უჭირს, თუმცა მიიჩნევს, რომ მერაბიშვილი საჯარო პოლიტიკოსი არ არის და უფრო კულისებში მოქმედი ფიგურაა, ამდენად არ იქნება ჯანსაღი მოვლენა, თუკი ის ასეთ ძლიერ ფიგურად დარჩება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალებით ხელისუფლებამ კრიმინალთან და ყოველდღიურ კორუფციასთან დაკავშირებული დიდი პრობლემები გადაჭრა. ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ მეორეს მხრივ, სამწუხაროდ, შსს ხელისუფლების სხვა შტოების მიმართ ანგარიშვალდებული აღარ არის“- დასძენს თომას დე ვაალი.