აშშ-ის მე-6 ფლოტმა

აშშ-ის მე-6 ფლოტმა "შავი ზღვის უსაფრთხოების" ოპერაცია დაიწყო

"აშშ-ის მე-6 ფლოტის გემები შავ ზღვაში გამოჩნდა. საუბარია ორი ტიპის გემზე: ანტისაჰაერო სისტემით აღჭურვილი გამანადგურებელი USS CARNEY და USS ROSS. როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, ეს სწორედ ის რეგიონია, სადაც ყველაზე დიდი დაძაბულობის მიზეზი რუსეთია. ამასთან, სავარაუდოდ, მე-6 ფლოტის ბაზაზე შექმნილი მობილური სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების კომპონენტი საქართველოს აკვატორიაშიც შემოვა. როგორც "თეთრი სახლის" განცხადებაშია ნათქვამი, შავ ზღვაში "საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციას", რომელსაც მე-6 ფლოტი აკონტროლებს, შაბათს USS CARNEY და USS ROSS შეუერთდა. საზღვაო ძალების ვიცე-მდივან კრისტოფერ გრადის განცხადებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში აშშ სწრაფი ტემპით მოქმედებს. მისი თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალების მუდმივი ყოფნა შავ ზღვაში განპირობებულია რეგიონის უსაფრთხოებაზე აშშ-ის მიერ აღებული ვალდებულებით", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით აშშ-ის მე-6 ფლოტმა "შავი ზღვის უსაფრთხოების" ოპერაცია დაიწყო / ფრთოსანი ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილმა შემტევმა ხომალდებმა - USS CARNEY და USS ROSS პოზიციები დაიკავეს.

"აღსანიშნავია, რომ კვირას ამის საპასუხოდ მოსკოვმა შავ ზღვაში საკუთარი საზღვაო ძალის განლაგება დაიწყო. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის ფრეგატი, "ადმირალი ესენი" და ორი საპატრულო ხომალდი შავი ზღვის სანაპიროზე წვრთნის სერიას იწყებს. აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთის გაღიზიანება აშშ-ის საზღვაო ძალების მობილიზებამ გამოიწვია. მათივე თქმით, რუსეთი განსაკუთრებით მგრძნობიარეა აშშ-ის სამხედრო ოპერაციების მიმართ. აშშ-მ და ნატომ რუსეთი ბოლო წლებში ყირიმში დიდი რაოდენობით ჯარისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზებაში დაადანაშაულეს. ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთი ყირიმში წყალქვეშა გემების განლაგებასაც ითხოვდა, ამიტომ დასავლეთმა თავისი პოზიცია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გააძლიერა. მისივე თქმით, რუსეთმა ახალი სარაკეტო სისტემების განთავსება დაიწყო, ამასთან, არმიის კორპუსი და რაკეტსაწინააღდმეგო და საჰაერო დაცვის ახალი სიტემებიც განათავსა. ამის საპასუხოდ კი მათ მიიღეს აშშ-ის გემები შავი ზღვის სანაპიროზე. აშშ-ის პოზიციაა, რომ რუსეთის ქმედების უკეთ გასაგებად საჰაერო დაზვერვის გაძლიერებაც აუცილებელია, რადგან მისი მოქმედება არ არის გამჭვირვალე. მონიტორინგისთვის კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება საჰაერო დაზვერვაა", - აღნიშნავს გამოცემა.

"აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის რეგიონს ნატოს წევრების: თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის გარდა, ასევე ქმნიან ნატოს პარტნიორები - უკრაინა და საქართველო. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაცაა საუბარი, რომ აშშ-ის საზღვაო ფლოტის მობილური ჯგუფი საქართველოშიც შემოვა. ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის გაძლიერებული მობილიზება შავი ზღვის რეგიონში გაზრდის უსაფრთხოების გარანტიას, რათა საჭირო დროს სტრატეგიულ პარტნიორებს გვერდით დაუდგეს. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ამ გემებს ბორტზე აქვს ფრთოსანი ბალისტიკური რაკეტები და ერთგვარი შემტევი ტიპის კლასიფიკაციას მიეკუთვნება. "ამიტომ მისი ყოფნა შავი ზღვის აკვატორიაში ემსახურება იმ მიზნებს, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში და სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი დებატები გამოიწვია", - აცხადებს ვახტანგ მაისაია, ხოლო კითხვაზე, იქნება თუ არა საქართველოში საზღვაო კომპონონტის დამატება სწორედ ამის გაგრძელება? - სამხედრო ექსპერტი პასუხობს, რომ სადავო იქნება, აშშ-ის გემებს აქვს თუ არა უფლება, ჩვენი პორტები გამოიყენოს, რათა შემდეგ შესაბამისი პატრულირება მოახდინოს", - დასძენს გამოცემა.

"შესაბამისი კონვენციის მიხედვით, როდესაც ნებისმიერი დამრტყმელი ტიპის გემი შემოდის შავ ზღვაში, მას აქვს 21 დღე, რომ იყოს ამ ტერიტორიაზე, შემდეგ უნდა დატოვოს აკვატორიის ფარგლები. მეორე მომენტი ისაა, რომ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს თურქეთი აკონტრლებს და იქ 90 ათასამდე ტონა გემებზე ვრცელდება შეზღუდვა. თუ ეს საკმაოდ მძლავრი გემია, შესაძლოა, მისი შესვლა თურქეთმა დაბლოკოს. მას ამის უფლება აქვს, რომ კონკრეტული გემების გატარება თავის ტერიტორიაზე აკრძალოს. ამის მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომი, როდესაც თურქეთმა შავ ზღვაში რამდენიმე ამერიკული გემის შემოყვანა შეაჩერა. თუმცა ამერიკელებმა ახლა უკვე შავ ზღვაში დაიწყეს პატრულირება, რის განხორციელებასაც ნატოს ეგიდით აპირებდნენ, მაგრამ იდეა ჩავარდა. ამერიკამ ახლა თავად დაიწყო მოქმედება, რათა ახალი გეოსტრატეგიული ბალანსი დაამყაროს შავი ზღვის აუზის ფარგლებში. როგორც ჩანს, ამით ცდილობს, შეაჩეროს რუსეთის არა მარტო შავი ზღვის ფლოტი, არამედ სირიის მიმართულებით სამხედრო მოქმედებებიც", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.