რუსეთის დუმის ყველაზე ექსცენტრიული დეპუტატის მორიგმა განცხადებამ აფხაზური საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, - ისინი მას ანტიაფხაზურს უწოდებენ და რუსეთის ხელმძღვანელობას შესაბამისი ზომების გატარებას სთხოვენ... პოლიტიკოსი და ბლოგერი ნუგზარ აგრბა სოციალურ გვერდზე მიმართვას ავრცელებს:
"რუსეთის პრეზიდენტობის არაერთგზის კანდიდატი, რომელიც წლების განმავლობაში ვერ ჭკვიანდება, ვლადიმირ სოლოვიევის გადაცემაში Россия უეცრად ასეთ "გადახვევას" აკეთებს - "ითამაშო ქართველების თავის ქალებით, როგორც აფხაზეთში..." როგორ ფიქრობთ, ეს მას შემთხვევით წამოსცდა?.. სამწუხაროდ, მისმა თანამოსაუბრეებმა, შახნაზაროვმა, მიხეევმა და თავად გადაცემის წამყვანმა სოლოვიევმა არ უთხრეს პოლიტიკოსს, რომ იტყუებოდა... ვთხოვ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გადახედოს ამ გადაცემის ფრაგმენტს და პოლიტიკოსის გამონათქვამთან დაკავშირევით რუსეთში საპროტესტო ნოტა გაგზავნოს," - წერს აგრბა.
ekhokavkaza.com-ს აფხაზი ჟურნალისტი "განმარტავს", რომ საქმე ეხება 1992 წლის ოქტომბერში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, გაგრის აღების შემდეგ, აფხაზმა და ჩეჩენმა მეომრებმა ქალაქის სტადიონზე დაღუპული ქართველების თავებით ფეხბურთი ითამაშეს...
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, გაზეთი "თავისუფალი საქართველო" წერდა (თავად წავიკითხე), რომ გაგრაში მომუშავე საერთაშორისო კომისიის მტკიცებით, "სტადიონის ეპიზოდი" არ დადასტურდა, ეს "სატყუარა" მაინც ცოცხალია," - წერს ის.
მისივე თქმით, ეს "ფაქტი" რამდენიმე წლის წინ, ებრაელმა პოლიტოლოგმა ავიგდორ ესკინმა გაიხსენა. "ახლა კი თავად აფხაზეთის დამცველმა და "მფარველმაც", რომელიც ვაშინგტონს თბილისზე ერთობლივად დარტყმისკენ მოუწოდებდა... თუმცა, მას არ უჭირს, დღეს ერთი თქვას და ხვალ - მეორე, შესაბამისად, ფაქტებსაც ისე ავრცელებს, როგორ მოეპრიანება," - მიიჩნევს აფხაზი ჟურნალისტი, რომელიც 90-იან წლების "გაგრის სტადიონის ეპიზოდს" ყალბს უწოდებს.
თუმცა, აფხაზი ჟურნალისტის აღშფოთებას სხვა რამეც იწვევს - "მაშინ, როდესაც აფხაზი საზოგადოების ყურადღების ცენტრში რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატები ექცევიან, Московский комсомолец. Регионы-ის პუბლიკაცია მომხვდა თვალში, სადაც ერთ-ერთი სტატიის ავტორი, ნატალი ვედენეევა წერს, რომ ეთნოლოგების კვლევით, რუსებს "გადაშენება" არ ემუქრებათ", - წერს ჟურნალისტი.
მისი ცნობით, პუბლიკაცია ეფუძნება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლების მონაცემებს, რომელთა პროგნოზი რუსეთში ეთნიკურ ჯგუფებსაც შეეხოთ და მათი დაკსვნით, ისინი 2020-2030 წლებისთვის განვითარდებიან...
"გამოცემის ინფორმაციით, ინსტიტუტში კვლევა ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსეთის ფუნდამენტური კვლევის ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტით ფინანსდებოდა. მეცნიერების დასკვნით, გარკვეული პროგნოზები, რომ XXI საუკუნის შუა წლებში, რუსეთში 100 მილიონზე ნაკლები რუსი დარჩებოდა და ისინი უმცირესობაში აღმოჩნდებოდნენ, არ გამართლდა.
ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, რუსეთში ეთნიკური მოსახლეობის სტრუქტურა იმდენად სტაბილურად არის აწყობილი, რომ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ამ მხრივ არაფერი შეიცვლება... "ეთნიკურ რუსებს 2014 წლიდან ყირიმიდან ორი მილიონი რუსი შეუერთდა და ახლა მათი ხვედრითი წილი 80%-ია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობაში ეროვნებით რუსი დომინანტად რჩება. ისე, როგორც ეს იყო, - 1991 წელს. ასეთივე სტაბილურობა შეინიშნება, მაგალითად, თათრებსა და ბაშკირებში," - ნათქვამია სტატიაში.
თუმცა, რუსი სპეციალისტები მთავარ მინუსად მიიჩნევენ "ცალკეულ რესპუბლიკებში", მაგალითად, კავკასიაში, - ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და აფხაზეთში, ასევე, სამხრეთ ციმბირში (ტუვა, ბურიატიაში, ჰაკასია, ალტაი) მონოეთნიკური დასახლებების ზრდას... "ამ რესპუბლიკებიდან რუსულენოვანი მოსახლეობის აქტიური გასვლა შეინიშნება, რაც არასასურველია", - წერია რუსი სპეციალისტების კვლევაში.
აფხაზ ჟურნალისტისთვის მიუღებელია "რუსეთის რესპუბლიკების" კონტექსტში აფხაზეთის ხსენება. მას პრეტენზია აქვს არა მხოლოდ სტატიის ავტორთან, ზოგადად, გამოცემასთან, რომელმაც არ იცის, რომ "აფხაზეთი ამ წელს დამოუკიდებლობის მეოთხედ საუკუნეს აღნიშნავს და ასეთი სახელმწიფო რუსეთის რესპუბლიკებს შორის მოხვდა..."
"ისე კი არაფერი მიკვირს, რადგან 2014 წლის გაზაფხულზე, ერთ-ერთი მოსკოველი ჟურნალისტი ამბობდა, რომ აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიცია, აქციებს, ყირიმის მაგალითზე, რუსეთის ფედერაციაში შესვლის მოთხოვნით მართავდა," - წერს აფხაზი ჟურნალისტი და შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას ითხოვს.