ამერიკა, საქართველო და პუტინის „თროლთა არმია“

ამერიკა, საქართველო და პუტინის „თროლთა არმია“

ამერიკულმა მართლმსაჯულებამ, როგორც იქნა, გადადგა პირველი რეალური ნაბიჯი იმ სისხლის სამართლის საქმის  ფარგლებში, რომელიც  საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის ჩარევას ეხება. რეალურად, როგორც თავად ამერიკელები აღიარებენ, ეს იყო არა უბრალოდ „არჩევნებში ჩარევა“, არამედ თავდასხმა ამერიკაზე!

საქმის გამოსაძიებლად დანიშნულმა სპეცპროკურორმა, რობერტ მიულერმა ბრალდება წაუყენა რუსეთის 13 მოქალაქეს. ამ აქტის მართებულობა უკვე დაადასტურა  „დიდმა ჟიურიმ“ ანუ ნაფიც მსაჯულთა წინასწარმა სხდომამ. სიაში პირველი - რუსი მილიარდერი ევგენი პრიგოჟინია, რომელიც პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება.

ბუნებრივია, პროკურორი მიულერი ამერიკულ სპეცსამსახურთა მონაცემებს ეყრდნობა. მათ კი უტყუარად დაადგინეს, რომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან (თარიღს დიდი მნიშვნელობა აქვს არსში გასარკვევად) მილიარდერ პრიგოჟინის კომპანიამ  „Агентство интернет исследований“ დაიწყო მიზანმიმართული საინფორმაციო დივერსიების განხორციელება ამერიკულ საზოგადოებაში შფოთის, დაპირისპირებისა და პოლიტიზებული ემპათიის გამოსაწვევად.

საქმე მხოლოდ ტრამპის სასარგებლოდ კლინტონის „გაშავება“ როდია. რეალურად ბევრად უარესი: მეტნაკლებად ორივეს „აშავებდნენ“ იმ გათვლით, რომ მომხრეები ერთმანეთისთვის „წაეკიდებინათ“! ერთხელ კლინტონისა და ტრამპის მომხრეთა მიტინგები ისე დააორგანიზეს  „ქსელში“,  რომ ერთსა და იმავე დროს აღმოჩნდნენ ერთსა და იმავე ადგილას. პოლიციამ ძლივს-ძლივობით შეძლო შეტაკების თავიდან აცილება; რაც, რასაკვირველია, ფართოდ გაშუქდა ამერიკულ მედიაში და ა.შ.

პრიგოჟინის კომპანიები Агентство Интернет-исследований, Concord Management, Concord Catering ასეულობით პროფესიონალ ინტერნეტ-პროვოკატორს უხდიდნენ ხელფასს. ამ პროვოკატორებს „თროლები“ ეწოდებათ, ხოლო მათ საქმიანობას „თროლლინგი“.

სიტყვა-ცნება Trolling ზოგადად ნიშნავს  ადამიანების „ჭკვიანურად და კრეატიულად მოტყუებას“. აუცილებელი პირობაა, ეს ადამიანი ვერ ხვდებოდეს, ვისთან და რასთან აქვს სინამდვილეში საქმე. პუტინ-პრიგოჟინის „თროლთა არმია“ ქმნიდა ასეულობით ექაუნთს „ფეისბუკში“, „თუითერში“, სხვა სოციალურ ქსელებში...... ექაუნთები ეკუთვნოდათ გამოგონილ პერსონაჟებს და ჩვეულებრივი მომხმარებელი ვერაფრით მიხვდებოდა, რომ ეს პერსონაჟი ამერიკელი სულაც არაა.... რომ სადმე დელავერიდან ან სან-ფრანცისკოდან კი არ „პოსტავს“, არამედ მოსკოვიდან თუ სანკტ-პეტერბურგიდან..... რომ ხელფასს იღებს ამ „საქმიანობაში“......

ჩვეულებრივი ამერიკული სახელი და გვარი, ვთქვათ ჯონ სმიტი, ჩვეულებრივი ამერიკელის (W.A.S.P.) ფოტო ექაუნთზე...... მოუწოდებს ამერიკელებს გამოვიდნენ ქუჩაში, აორგანიზებს საპროტესტო აქციებს..... იმავდროულად, იგივე „თროლი“, სულ სხვა ექაუნთით, სხვა ფოტოთი და სახელით აორგანიზებს საპირისპირო აქციებს, „აფეთქებს“ ნიჭიერად დაწერილ ინტერნეტ-მოწოდებებსა თუ „მემ“-ებს, ავრცელებს ფოტოებსა და ვიდეოებს.....

„ფეისბუკი“ და „თუითერი“ თუ დაბლოკავდათ, ქმნიდნენ ახალ ექაუნთებს, მათ შორის ამერიკის ტერიტორიაზე; ბუნებრივია, აქტიურად იყენებდნენ რეალურ „გავლენის აგენტებსა“ თუ „სასარგებლო იდიოტებს“.

რაც მთავარია, ეს ყოველივე იყო ბრწყინვალედ ორგანიზებული, ტექნოლოგიურად გამართული, დიდი რესურსებით უზრუნველყოფილი: „თროლთა არმიის“ ასეულობით „ოფიცერი“ კვირის განმავლობაში ათასობით პროვოკაციულ პოსტს „დებდა“ სოციალურ ქსელებში, რომელთა მნიშვნელობა და გავლენა ამერიკაში უკვე ტელევიზიას უტოლდება; ზოგიერთი მიმართულებით უსწრებს კიდეც, რადგან პასუხისმგებელი, დაბალანსებული ტელე-მედია ბევრად თავშეკავებულია ამა თუ იმ პროცესთა გაშუქებისას. ინტერნეტ-სივრცე კი „კლონდაიკი“ გახდა პუტინის „საინფორმაციო ჯარებისთვის“: მათ პოსტებს, პროვოკაციულ ფოტოებს, ვიდეოებს (ხშირად დამონტაჟებულს) ათეულობით მილიონი „ნახვა“ ჰქონდათ. „ლაიქი“ ჰქონდა თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია „ნახვა“ ჰქონდა და ეს ფსიქოლოგიური წნეხი ამერიკულ საზოგადოებაზე ასე თუ ისე  მოქმედებდა. ხოლო ტრამპის უპირატესობა კლინტონზე იმდენად დიდი არ ყოფილა, იოლად ვთქვათ, თითქოს საერთოდ არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია ამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე.

ოღონდ რუს „თროლთა არმიის“ მიზანი იმდენად ტრამპის გამარჯვება კი არა, ამერიკაში სამოქალაქო დაპირისპირების („საუკეთესო შემთხვევაში“ სამოქალაქო ომის) პროვოცირება უფრო იყო.

რატომ მილიარდერი პრიგოჟინი? განა პუტინის სპეცსამსახურებს არ შეეძლოთ უბრალოდ თავისი უშუალო თანამშრომლები გამოეყენებინათ იმავე მიზნით? მაგრამ საქმე ისაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა (მათ შორის ბოღმის სანთხევად - „თქვენც ხომ ერევით ჩვენს არჩევნებშიო“) ძალიან კარგად იცოდა: ამ მასშტაბის სპეცოპერაცია ვერ დაიმალება და ამერიკელები სიმართლეს აუცილებლად შეიტყობდნენ; ჰოდა, აბა პრეზიდენტი თითქოს „რა შუაშია?“ პრიგოჟინი მილიარდერია და....განა არ შეიძლება მილიარდერს თავისი „ოფოფები“ ჰყავდეს? ამერიკელი მილიარდერებიც ხომ არიან, ვისაც მაგალითად კოსმოსში გაფრენა ან მთვარეზე მოსტუმრება სურს? მერე რა?!

სინამდვილეში, რასაკვირველია, ცრუპენტელობაა: სახელმწიფოს ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერის გარეშე ეს კომპანიები ვერ იარსებებდნენ. რუსეთში არსებული რეჟიმის „დედაარსი“ კი „ჩეკისტური კაპიტალიზმია“. რუსეთს „ჩეკისტ-კაპიტალისტები“ მართავენ. სწორედ ამ განუყოფელმა ერთობამ - „კლასიკურ ოლიგარქატსა“ და КГБ-ს შორის, - მოიყვანა ხელისუფლების სათავეში პუტინი 2000 წელს და 18 წელია მისი საყრდენია.

ამერიკა „პრიგოჟინისა და კომპანიის“ ექსტრადირებას მოითხოვს. ბუნებრივია, ეს მოთხოვნა მოსკოვში სასაცილოდაც არ ეყოფათ. მართალია, თვით პრიგოჟინი ამიერიდან ცხვირსაც ვერ გაჰყოფს რუსეთის ტერიტორიიდან, რაკი ნებისმიერ სახელმწიფოში დააპატიმრებენ და ამერიკაში „გაამგზავრებენ“, მაგრამ მას  კაპიტალი და აქტივები დიდი ხანია რუსეთში აქვს „გადმოქაჩული“, რაკი მანაც იცოდა: „ინტერნეტკომპანიების“ საქმიანობა ამერიკელებს არ გამოეპარებოდათ და აუცილებლად „გამოთვლიდნენ“ ყოველივეს. ამიტომ ზომებს წინასწარ მიიღებდა.

გაქნილი ლავროვი და მისი „სფოუქსვუმენი“ ზახაროვა ღიად დასცინიან მიულერს და ამერიკულ  გამოძიებას, რაკი იციან, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ვერ გაბედავს იმ ერთადერთი შესაძლო ნაბიჯის გადადგმას, რაც მართლა ქმედითი იქნებოდა პუტინის „თროლთა არმიის“ დასამარცხებლად: დააჭირონ იმ ღილაკს (ეს ღილაკი ამერიკაშია!), რომელიც ერთხელ და სამუდამოდ „ჩახსნის“ ამგვარი აგრესიის რეგულარულად განმახორციელებელ ქვეყანას გლობალური ქსელიდან!

არ დაიჯეროთ, თუ ვინმე გეტყვით, რომ ეს ტექნოლოგიურად შეუძლებელია.

ბოლოს: ძალიან საინტერესო კითხვაა, შეიძლება თუ არა იგივე არმია საქართველოსაც დაესხას თავს? უფრო სწორი იქნებოდა გვეკითხა, აქამდე რატომ არ დაგვესხა თავს: განა საქართველოში ცოტაა „მასალა“ პათოლოგიური ურთიერთდაპირისპირების გასაღვივებლად და კრემლისთვის საჭირო-სასარგებლო სოციალური ტრენდების განსავითარებლად? ბევრზე ბევრია!

მაგრამ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, პათოლოგიური ურთიერთდაპირისპირებებისკენ მუდამ მიდრეკილი ქართული  საზოგადოების ერთი „ძვირფასი“ თვისება უშლით ხელს: საქართველოში და ქართულ ინტერნეტ-სივრცეში თუ ვინმემ მეტისმეტად „ამძლავრა თითი“, ეს ბევრად თვალშისაცემი იქნება, ვიდრე გრანდიოზულ ამერიკაში და, რაც მთავარია, ადგილობრივი კულტურა მუდამ ეცდება ამგვარი პროვოკატორის იდენტიფიცირებას. ამდენად, „თროლლინგი“, მით უმეტეს ანონიმური თროლლინგი ჩვენში „არ გავა“. გარდა ამისა, ამერიკელებზე უკეთ ვართ „აცრილი“ რუსულ საინფორმაციო იარაღზე 1992 წლიდან.

ჩვენს ბედად, საქართველო პატარა ქვეყანაა; თანაც კონსერვატიული: „ბაზარზე პასუხი რომ უნდა აგო“, ჩვენში   „თროლლინგისგან“ დამცავი იმუნიტეტია.