ვინ არის მიხეილ სააკაშვილის იდუმალი მფარველი? - რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამაში - „ახალი რუსული სენსაციები“ 18 თებერვალს, საღამოს 18 საათზე გადაიცა ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან. პარალელურად, ვიდეოსიუჟეტში, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის საბჭოურ „კაგებე“-სთან (КГБ) და ამერიკულ „ცეერუს“-სთან (ЦРУ) კავშირებზე, საუბრობს საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრი იგორ გიორგაძეც.
გთავაზობთ მასალას შემოკლებით.
„მსოფლიო პოლიტიკის ბნელი კულისები მალავს მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილს უხილავი ძაფებით მართავს, მაგრამ ერთ-ერთი პიროვნება ჩრდილიდან მაინც გამოვიდა, უფრო სწორედ, შემთხვევით გამჟღავნდა.
მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია - ადამიანი ბუნდოვანი წარსულით და გაურკვეველი აწმყოთი...
თემურ ალასანიას დაბადების თარიღს ღია წყაროებშიც კი გრიფი „საიდუმლო“ ადევს. მისი არაოფიციალური საქმიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული აშშ-ის სპეცსამსახურებთან. როცა გასული წლის ბოლოს მიხეილ სააკაშვილის ბიძა მოულოდნელად კიევში არ შეუშვეს, ცხელმა სისხლმა იძალა: მან კადნიერად, მოურიდებლად მიმართა მსოფლიოს ისე, რომ შედეგებზე არც დაფიქრებულა. «НТВ»-ს გადამღებმა ჯგუფმა ისარგებლა მომენტით და თემურ ალასანიას ინტერვიუ სთხოვა
თემურ ალასანია: „მე პირველი მაიდნის დროსაც კიევში ვიყავი, როცა ვიქტორ იუშენკო აქტიურობდა. მასთანაც ვმუშაობდი, როცა იგი მიშას ინაუგურაციაზე მოვიდა. მაშინ იუშენკო ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი. მასზე ვიყავი მიმაგრებული. სხვათა შორის, ხშირად დრო კარგად გაგვიტარებია და თბილად გვისაუბრია“.
მიამიტობა იქნებოდა გვეკითხა, თუ კონკრეტულად ვინ მიამაგრა თემურ ალასანია ვიქტორ იუშენკოს, მაგრამ ისინი ერთმანეთს მხოლოდ უკრაინაში არ ხვდებოდნენ.
თემურ ალასანია: „როცა აზერბაიჯანში ვხვდებოდით ან კიდევ სადმე, უკრაინელი ხალხის ბედზე მრავალი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით“.
სხვათა შორის, უკრაინელი ხალხის ბედზე მიხეილ სააკაშვილის ნიუ-იორკელი ბიძა ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის შემდეგაც დაბეჯითებით საუბრობდა - უკვე პეტრო პოროშენკოსთან.
თემურ ალასანია: „პირველად, როცა ჩვენ მაიდნის დროს შევხვდით - მე, მიშა, პეტრო პოროშენკო და კიდევ ერთი პიროვნება. ეს იყო ღამის ორ საათზე, სასტუმროში. დილის ოთხ საათამდე ვისხედით და ვსაუბრობდით“.
ვინ იყო იდუმალი „კიდევ ერთი პიროვნება“ - ეს რევოლუციური საიდუმლოა, რომელიც „ბერკუტის“ მებრძოლებისა და „ციური ასეულის“ სისხლითაა გასვრილი.
თემურ ალასანია: „მე ვიყავი პირველ მაიდანზეც და მეორეზეც... კონტრაქტები უნდა შესრულებულიყო“.
იგორ გიორგაძე, საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრი: „საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი სპეცსამსახურებთან ტრადიციულად თანამშრომლობდა. დედამისი გიული ჩვენს აგენტად მუშაობდა. ბიძამისი თემურ ალასანიაც, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ასევე საბჭოთა კავშირის „კა-გე-ბე“-ს (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის) აგენტი იყო“.
სახელმწიფო უშიშროების გენერალს არასოდეს ეჭვი არ შეპარვია, ვის და რომელ სახელმწიფოს ემსახურება სსრ კავშირის დაშლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი.
იგორ გიორგაძე: „ისინი ყველანი, ასე ვთქვათ, „ცეერუ“-ს (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს“) პროექტს წარმოადგენენ“.
ექს-მინისტრისათვის მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას შემოქმედებითი ბიოგრაფია - ესაა მოღალატისა და სისხლის სამართლის დამნაშავის საქმიანობის ამსახველი ტომები.
თემურ ალასანია: „მე ჩემი პირველი შეხვედრები ლეონიდ ბრეჟნევის პერიოდში დავიწყე და აშშ-ის თითქმის ყველა იმდროინდელი პრეზიდენტით დავასრულე“.
იგორ გიორგაძე: „არა, იგი გადაბირებული არ ყოფილა, მან თვითონ შესთავაზა თავისი სამსახური აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს. „გადაბირება“ და „შეთავაზება“ ერთმანეთისაგან განსხვავდება“.
ისტორიაში თავისი როლის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ბიძა ბუნდოვნად საუბრობს. მხოლოდ იმას აღიარებს, რომ დისწული მან საწყის ეტაპზე ამერიკული ელიტის კონკრეტულ პიროვნებებს გააცნო.
იგორ გიორგაძე: „მან ასე თქვა: „დისწული მყავს, მას საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ორი ენა იცის, გამოიყენეთ“. ამერიკელებმაც მოსინჯეს, ყურადღება მიაქციეს. მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილს „ოქროს ბიჭუნა“ უწოდეს. იგი უპრინციპო, დაუფიქრებელი, არანორმალური ფსიქიკის მქონე, ადვილად მართვადი და დაკომპლექსებული ადამიანია“.
ჰოდა, ოქროს ბიჭუნა თავის მომავალ მეორე ნახევარს - სანდრა რულოვსს შეახვედრეს.
იგორ გიორგაძე: „მიხეილ სააკაშვილს მეწყვილე აგენტი მოუძებნეს. ისინი დაზვერვის მუშაკები არ არიან, ისინი აგენტები არიან და სპეცსამსახურებთან ურთიერთობენ“.
თემურ ალსანია: „ვფიქრობ, რომ ეს იყო ორი გულის, ორი ინდივიდუუმის, ორი ადამიანის კარგად შეხამება ერთმანეთთან“.
„გულებისა და ინდივიდუუმების“ ასეთ „შეწყობა-შეხამებას“ დაზვერვაში „მიძინებულ უჯრედს“ უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილისათვის კამფეტი რომ გამხდარიყო, სანდრა რულოვსი ძალიან ცდილობდა. სამაგიეროდ, მიშამ სანდრას უფრო მეტი რამ აჩუქა, ვიდრე მთელი მსოფლიოს ყვავილები - „ვარდების რევოლუცია“... მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან აშშ-ში გაიქცა, ბიძამისთან და კურატორებთან ახლოს, სამშობლოში კი მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. შემდეგ ამერიკული ემიგრაციიდან იგი ახალი დავალებით კიევში ჩავიდა თავის უნივერსიტეტელ თანაკურსელ პეტრო პოროშენკოსთან. თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილი კიევს ტრანზიტის ერთ-ერთ პუნქტად მიიჩნევდა. ბიძამისმა მოიწონა მისი თბილისში დაბრუნებისთვის გამიზნული ოპერაცია.
თემურ ალსანია: „იგი დამელაპარაკა ამის შესახებ. მეც უბრალოდ, ვუთხარი, რომ მოქმედება საჭიროა. იმიტომ, რომ იმ სიტუაციაში ეს იყო ერთადერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება“.
მაგრამ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩევლობიდან მიხეილ სააკაშვილი ჯერ ოდესაში „გადაასახლეს“, შემდეგ კი პოსტიდან გადააყენეს. ამ ზაფხულს [ევროპულ მედიაში] მიშასთვის მომაკვდინებელი კომპრომატი ამოტივტივდა: „ციური ასეული“ მაიდანზე თურმე მიხეილ სააკაშვილის „სპეცნაზის“ ქართველ სნაიპერებს დაუხოცავთ. უკრაინის გამოძიებას ამ „უხერხული საქმის“ გახსნის შანსი მიეცა. საკვირველი დამთხვევაა: მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია ერთი დღით ადრე მოხდა, კიევის სასამართლოში მისი ჩვენების მიცემამდე ამ საქმესთან დაკავშირებით.
თემურ ალასანია: „რაც შეეხება მიშას პირად უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს და მისი იგნორირება არ შეიძლება, როცა ასეთ სერიოზულ თამაშში ხარ ჩაბმული“.
ბიძამ კარგად უწყის, რასაც ლაპარაკობს. ემოციურ მიხეილ სააკაშვილს ევროპაში ყოფნისას რაღაც ზედმეტის წამოყრანტალება შეუძლია. კიევში უკვე დაფიქრდნენ, როგორ გააჩუმონ იგი სამუდამოდ.
მიხეილ სააკაშვილის მიერ ვარშავაში გამართული პრეს-კონფერენციის შემდეგ სულ მალე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენიელ კოუტსმა განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილმა სიტუაციამ შეიძლება ვადამდელ არჩევნებამდე მიგვიყვანოსო. პეტრო პოროშენკოსათვის ეს ნამდვილი „შავი ნაჭდევია“. იგი ამას მიხეილ სააკაშვილს არასოდეს არ აპატიებს. თემურ ალასანია დარწმუნებულია, რომ მალე მის დისწულზე ნადირობა დაიწყება.
თემურ ალასანია: „მონადირეები ჩვენთვის კარგად ნაცნობი ადამიანები არიან“.