სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტორული დასკვნა გამოაქვეყნა, ანგარიშში მოხვდა 2012 წელს დაწყებული დავა მერიასა და კომპანია "ბი-ეს-არ სი-დი-ჯის" შორის. თბილისში ახალი მაგისტრალური გზის გაყვანის შედეგად კერძო კომპანიას მიადგა ზარალი, რადგან გზამ მათ კუთვნილ ნაკვეთზე გაიარა, თუმცა მოლაპარაკებები ოთხი წელი გაჭიანურდა და მერიამ ზარალი კომპანიას მხოლოდ მას შემდეგ აუნაზღაურა, რაც მისი მფლობელი, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი ფარცხალაძე გახდა. სახელმწიფო აუდიტი ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურების შედეგად მერიის მიერ ზარალი შეფასდა და ანაზღაურდა (ზარალის მიღების პერიოდში არსებულ ღირებულებასთან შედარებით) 5-ჯერ მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთით, რამაც დედაქალაქს ფინანსური ზიანი მიაყენა. ამ საკითხზე გამოძიება პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც სახელმწიფო აუდიტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ პროკურატურაში შუალედური დასკვნა გაგზავნა, თუმცა გამოავლინა თუ არა კონკრეტული პასუხისმგებელი პირი გამოძიებამ, პროკურატურაში არ გვპასუხობენ", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "სახელისუფლებო კულუარებს ფარცხალაძიზმის მეტასტაზები მოედო" / "ფარცხალაძის საქმეში თავიდანვე ნათელი იყო, რომ აუქციონის პირობები ამ კონკრეტულ ადამიანს ტანზე შემოაკერეს" / "არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები ვითარების გამოსწორებაზე იფიქრებენ - მთავარი პრობლემაც ეს არის!"
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა თორდია აცხადებს, რომ მის მიერ დაწყებული მოკვლევა აუდიტის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოო კვლევით დაადასტურა, თუმცა დარწმუნებულია, რომ პროკურატურა საქმეს არ გამოიძიებს - "აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა ადასტურებს იმ რთულ რეალობას, რომელზეც რამდენიმე თვის წინ ხმამაღლა დავიწყე ლაპარაკი. მეტიც, მართალია, საზოგადოების ვნებათაღელვა კონკრეტულად ფარცხალაძისთვის მიწების მარტივად გადაცემამ გამოიწვია, მაგრამ დასკვნაში 900-მდე მსგავს შემთხვევაზეა მითითებული. ეს ნიშნავს, რომ თბილისის მერიაში სისტემური პრობლემა არსებობდა, რომელშიც მერიის ხელმძღვანელობა იყო ჩართული, მათ შორის - შესაძლო კორუფციულ გარიგებებში. სხვანაირად ვერ ახსნი, რატომ ტარდებოდა აუქციონი უკონკურენტოდ, ერთი ადამიანის მონაწილეობით, რატომ იზღუდებოდა პირობები რიგითი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ქონების პრივატიზების სურვილი ჰქონდათ და რატომ ერგებოდა აუქციონის პირობები მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფიზიკურ პირს. ან რატომ ხდება, რომ აუქციონზე გამოტანილი მიწების უმრავლესობას მომიჯნავე ნაკვეთის მფლობელი იერთებს? საგანგებოდ ამ მომიჯნავე პირისთვის ხომ არ ცხადდებოდა აუქციონი?", - ამბობს თორდია, რომლის თქმით ეს კითხვები აუდიტის სამსახურში რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, როდესაც მერიის საქმიანობის შესწავლა დაიწყო...", - აღნიშნავს გამოცემა.
"ფარცხალაძის საქმეში თავიდანვე ნათელი იყო, რომ აუქციონის პირობები ამ კონკრეტულ ადამიანს ტანზე შემოაკერეს, რომ მას სხვადასხვა ნაკვეთის გაერთიანების შესაძლებლობა ჰქონოდა. საუბარია 7 000 კვმ-ზე, რაც მნიშვნელოვანია დედაქალაქის შემოსავლებისთვის, თუმცა, ვითომც არაფერი, მერიამ ეს ქონება ერთი ხელის მოსმით გაანიავა და დედაქალაქი რამდენიმე მილიონი ლარით აზარალა. სამწუხაროდ, არ ველოდები, რომ დასკვნის გამოქვეყნების მიუხედავად, პროკურატურა გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს. ამის სურვილი რომ ჰქონოდათ, აქამდე უნდა მიგვეღო კონკრეტული პასუხი, რა მოხდა მერიასა და ფარცხალაძეს შორის. კონკრეტული ციფრი არ მახსოვს, თუმცა არაერთი საქმე გაიგზავნა აუდიტის სამსახურიდან პროკურატურაში შემდგომი გამოძიებისა და შესაბამისი პირების დანაშაულის გამოვლენის მიზნით. რამდენ საქმეს მოჰყვა შედეგი, ვერ გეტყვით. როგორც წესი, ასეთი საკითხები ჰაერშია გამოკიდებული, რაც უამრავ კითხვას ბადებს", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა თოდრია.
"მართლაც გვაქვს თუ არა საქმე სისტემურ დანაშაულთან, თუ მხოლოდ ოთარ ფარცხალაძე აღმოჩნდა ის იღბლიანი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელმაც მერიასთან მარტივი კომუნიკაციით შეძლო რამდენიმემილიონიანი ქონების ხელში ჩაგდება? "პალიტრა" ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა: "სამწუხაროდ, ჩვენ თვალწინ ხმებოდა მერიის შეძენილი ათასობით ხე, ჩვენ თვალწინ აფრიალებდნენ დოკუმენტებს ოპოზიციისა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომ მერია დედაქალაქის კუთვნილ ქონებას დარღვევებით ასხვისებდა სასურველ პირებზე, მაგრამ ამას მერიის რეაქცია არასოდეს მოჰყოლია. დუმდნენ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ვალდებული იყვნენ, ეზრუნათ ბიუჯეტის მართლზომიერ გახარჯვაზე, არამედ ისინიც, ვინც ვალდებული იყო, პასუხი გაეცა საზოგადოებისთვის", - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე, რომლის თქმით, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მერიის პრობლემა არ იყო, ასეთი დამოკიდებულება მთელ ხელისუფლებას დასჩემდა - ბრალდების საპასუხოდ დუმილი ან უკუბრალდება", - წერს სტატიის ავტორი.
"მოქალაქეებმა ამიტომ უნდა მოვითხოვოთ არა მხოლოდ კორუფციაში შემჩნეული მაღალჩინოსნის, არამედ იმ პირის პასუხისგებაც, ვინც დამნაშავეს ხელს დუმილით დააფარებს", - დაასკვნის საყვარელიძე და შეკითხვაზე - "აუდიტის სამსახური დიდი ხანია, მიუთითებს სახელმწიფო სტრუქტურებში დარღვევებზე, თუმცა შედეგი - პირის დასჯა - არასოდეს ჩანს. რატომ?" - პასუხობს:
"კონკრეტულად ფარცხალაძის საქმე ერთ სამარცხვინო მოვლენას ამჟღავნებს - სახელისუფლებო კულუარებს ფარცხალაძიზმის მეტასტაზები აქტიურად მოედო და ის ისეთი გავლენიანია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებსაც კი მისი სურვილის მიხედვით მოქმედებას აიძულებს. ეს უკვე 30-წლიან სენად გვექცა - დღეს თუ ქვეყანაში ფარცხალაძიზმი მძვინვარებს, ცოტა ხნის წინ ადეიშვილიზმი და კეზერაშვილიზმი გვჭირდა. მანამდეც იყვნენ ფიგურები, რომლებიც ამ ამოცანას წარმატებით ასრულებდნენ. დღეს ბევრი მაღალჩინოსანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთების ნაცვლად იმაზე ფიქრობს, "თავისიანს" როგორ უპატრონოს და გვერდით დაუდგეს, ხელი გაუმართოს".
"მთავარი ტრაგედია ის არის, რომ ეს საზოგადოებაშიც ნორმად დამკვიდრდა. ამით კი არ ვცდილობ, ფარცხალაძის შემთხვევა შევამსუბუქო, უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, როგორ ვცხოვრობთ... ცოტა ხნის წინ ჩემი ახლობელი მირეკავს, ერთ მნიშვნელოვან პროექტში ჩემი შვილი გაიმარჯვებს და "მიმიხედეო", ანუ კლანური ბაცილა გვყავს ყველგან - ოჯახში, საზოგადოებაში და რა გასაკვირია, რომ ხელისუფლებაშიც. ჩინოვნიკებს ხომ ჩვენ ვაძლევთ მოქმედების ფართო არეალს? კლანურ ბაცილასაც იმის მიხედვით ვავითარებთ, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს ჩვენი სტატუსი თუ თანამდებობრივი მდგომარეობა. ჩვენ ვართ ერი, რომელიც საგამოცდო ქულების ჩაწყობიდან დაწყებული, ყველაფრის ჩაწყობით კეთებისკენ არის მიდრეკილი. თითქოს ეს მავნე მენტალობა რაღაც პერიოდით ძალის გამოყენებით ამოვძირკვეთ, თუმცა სახელმწიფოში იმდენად ბევრი მაგალითი გაჩნდა კორუფციისა თუ ჩაწყობის, ისევ ამ მენტალობისკენ ვბრუნდებით. მოქალაქის ფსიქოლოგია კი მარტივია - ყოველთვის ჰბაძავს ხელისუფლებას. დღეს ხელისუფლება კორუფციის კარგ მაგალითებს გვაძლევს - ფარცხალაძის მსგავსი ოდიოზური პირების დაუსჯელობითაც, ასე რომ, მოქალაქეებსაც მეტი გასაქანი მიეცათ... არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები ამ ვითარების გამოსწორებაზე იფიქრებენ - მთავარი პრობლემაც ეს არის!" - თვლის რამაზ საყვარელიძე.