ხათუნა ლაგაზიძე:

ხათუნა ლაგაზიძე: "აშშ-ის დაზვერვის ვარაუდები განგაშის ტოლფასი უნდა იყოს "ოცნებისთვის"

"თუ დავსვამთ კითხვას, უსაფრთხოა თუ არა საქართველო, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. უსაფრთხოებას აქვს მრავალი ასპექტი, მათ შორის უმთავრესია სოციალური უსაფრთხოება და სწორედ ამ თვალსაზრისით საქართველო ვერანაირ ნორმებს ვერ პასუხობს. გარდა ამისა, შარშან, წლის მიწურულს, ტერორიზმთან დაკავშირებული მოვლენები და ბოლო ხანს კრიმინალური ვითარების აფეთქებაც ამ მიმართულებით ბევრ კითხვას აჩენს. უმთავრესი მაინც, რის გამოც გარბიან ქვეყნიდან, არის სოციალური უსაფრთხოება და ვერანაირი სანქციით ამას ვერ უშველიან", - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "აშშ-ის დაზვერვის ვარაუდები განგაშის ტოლფასი უნდა იყოს "ოცნებისთვის" / "თუ ევროკავშირი გაბედავს, მეტიც, გარისკავს, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ეს თავად მას დაუბრუნდება ცუდად" / "საზმაუწყებელმა ჯერ ის მილიონები გამოიყენოს ეფექტიანად, რასაც ბიუჯეტიდან იღებს და მერე მოითხოვოს დამატებითი სასათბურე პირობები. დასანანია, რომ ხელისუფლება თავისი ლიდერების რეპუტაციაზე არ ზრუნავს და ამ ახირებას სწირავს თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის იმიჯს".

"ამ ყველაფრის მოგვარებას სჭირდება სისტემური ხედვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვითარება არც მხოლოდ ამ ხელისუფლების დანაშაულია. ყველა წინამორბედი ხელისუფლებაც დამნაშავეა იმაში, რომ ქვეყანაში სოციალური უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტებიც კი ვერ დაინერგა. შედეგად, ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის სამშობლოში ცხოვრება გაუსაძლისია. სამწუხაროდ, ამ პრობლემატიკის მოგვარების სისტემური ხედვის, სახელმწიფოებრივი და სტრატეგიული ხედვის დეფიციტია ამ ხელისუფლებაშიც... რა თქმა უნდა. ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს და ევროკავშირის ქვეყნებს, ერთად თუ ცალ-ცალკე, კარგად აუხსნას და დაანახოს, თუ ამას ვერ ხედავენ, რომ ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც იმავდროულად ევროკავშირის წევრებიც არიან, საქართველო არის ბოლო ციტადელი და პარტნიორი იმ დიდ სივრცეში, რასაც დიდი ახლო აღმოსავლეთი ჰქვია. თუ ევროკავშირი გაბედავს, მეტიც, გარისკავს და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ეს თავად მას დაუბრუნდება ცუდად. საერთოდ, რაზეა ლაპარაკი, როდესაც მილიონობით მიგრანტს, მათ შორის დიდი დოზით ტერორისტებსაც, ხელგაშლილი ეგებება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მოწადინე გერმანია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

"კიდევ ერთი გასათვალისწინებელი საკითხია რუსული ჰიბრიდული ომი, რომლის ერთ-ერთი მიზანი საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის უთანხმოების ჩამოგდებაც არის. რა თქმა უნდა, ამ პროცესების მიღმა რუსული ხელიც უნდა ვეძიოთ. საკმარისია საქართველომ პატარა საბაბი მისცეს და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ევროპის დედაქალაქების აგრესიაში გადაიზარდოს. რუსეთი ჰიბრიდულ ომს ბევრი მიმართულებით აწარმოებს, მისი ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების მოსყიდვა. ის, რომ ევროპელ პოლიტიკოსებში რუსეთის ფინანსებს დიდი გასავალი და გავლენა აქვს, არ არის ახალი. ეს არ არის მხოლოდ ერთასპექტიანი საკითხი. ძალიან ბევრი გვაქვს საფიქრალი და სამოქმედო, რომ ეს საკითხი რეალურ პრობლემად არ იქცეს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩაბუქის თემა გახდა საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ერთგვარი დეტონატორი. წლების განმავლობაში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი იყო ის სტრატეგიული სამკუთხედი, რომელსაც აშშ თავის პარტნიორად განიხილავდა. უკვე რამდენიმე წელია აზერბაიჯანმა აშშ-ის პარტნიორობაზე თქვა უარი - მას შემდეგ, რაც ალიევს ეჭვი შეეპარა, რომ აზერბაიჯანელ ოპოზიციას აშშ აფინანსებდა და აქეზებდა. მოგეხსენებათ ისიც, ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები როგორ არის შეზღუდული. ბოლო დროს უკვე თურქეთი დაადგა ავტორიტარულ გზას და აშკარად დაუპირისპირდა ნატოს პრინციპებს, რომლის წევრიცაა. სანამ ეს სამკუთხედი არსებობდა, საქართველოს აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობაში ჰყავდა ძალიან კარგი არბიტრი აშშ-ის სახით, მაგრამ დღეს არბიტრი ვეღარ არბიტრობს და ჩვენი ქვეყანაც, ფაქტობრივად, მარტოა დარჩენილი მეზობლებთან პირისპირ და რაც ყველაზე სამწუხაროა, სრულიად წარუმატებელია ჩვენი დიპლომატია როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანასთან ურთიერთობისას. არ მესმის, რატომ უნდა ვირჩევდეთ მუდმივად უმცროსი პარტნიორის როლს აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობაში?! მაშინ რაღა სახელმწიფო ხარ, თუ ყველა შენი მეზობელი შენთან უფროსი პარტნიორის როლით ურთიერთობს?! ჩაბუქის დათმობა ნიშნავს, რომ საქართველო თურქეთმა ჩოქბჯენში ჩააყენა. მესმის, რომ თურქეთს აქვს საქართველოზე ზეგავლენის ბევრი ბერკეტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობისას შენი სახელმწიფოებრიობის რაღაც წილი დათმო", - დაასკვნის ექსპერტი.

ხოლო შეკითხვაზე - "გამოქვეყნდა აშშ-ის სადაზვერვო უწყებების ანგარიში, რომელშიც საფრთხეების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ რუსეთია დასახელებული. ანგარიშში ასევე ლაპარაკია რუსეთის აქტიურ მცდელობაზე, ზეგავლენა შეინარჩუნოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე და არ დაუშვას ამ ქვეყნების დასავლური ინტეგრაცია. საქართველოსთან დაკავშირებით, რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასთან ერთად ერთგვარი მინიშნებაა იმაზე, რომ შესაძლოა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში გაჩნდეს არადემოკრატიული მიდგომები. ციტატა: "მმართველი პარტია "ქართული ოცნება", როგორც ჩანს, შეეცდება დაბლოკოს ოპოზიცია და შეამციროს თავისი ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვები", - პასუხობს:

"ეს არის უაღრესად საინტერესო საკითხი, რომელმაც შეიძლება დიდწილად განსაზღვროს საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი წლების პოლიტიკური დინამიკა საქართველოში. ეს რომ გავაანალიზოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, ისმის კითხვა, რამდენად დაუშვებს აშშ, რომ საქართველოში, პირველად, პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩეს? თქვენ მიერ მოხმობილი ციტატა და ის, რომ ამერიკის სპეცსამსახურები მუშაობენ ამ მიმართულებით, გვაფიქრებინებს, რომ 2020 წლისთვის ამერიკისთვის პრიორიტეტული არ იქნება ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" დარჩენა. საკითხის მეორე მხარეა ის, თუ რამდენად არის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ცვლილებისთვის საჭირო რესურსი. ანგარიშში ნათქვამია, რომ შესაძლოა, ოპოზიცია დაიბლოკოს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ ოპოზიციამ და საზოგადოდ, არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ამოწურა თავისი შესაძლებლობები. მიმდინარეობს თაობათა ცვლის ძალიან მწვავე პროცესი, ამას სიმწვავეს მატებს ისიც, რომ ვაკუუმია ამ სფეროში. ერთმა თაობამ ამოწურა თავი, მისი შემცვლელი კი არ ჩანს...".

"ეს ვაკუუმი არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის, არამედ აშშ-ის შეშფოთებასაც იწვევს. ერთია, აშშ-ს ჰქონდეს სურვილი, რომ "ქართული ოცნება" მესამე ვადით ხელისუფლებაში არ დარჩეს და მეორეა ობიექტური რეალობა. სააკაშვილის ენერგეტიკული კალიბრის ფიგურა ასპარეზზე არ ჩანს და მეეჭვება დარჩენილ ორ წელიწადში გამოჩნდეს. ერთადერთი, რის პერსპექტივასაც ვხედავ არის ის, რომ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდეს მემარცხენე-ცენტრისტული ძალა, რომელიც საქართველოსთვის ტრადიციულად ერთი პოლიტიკური ლიდერის გარშემო კი არ იქნება გაერთიანებული, არამედ რამდენიმე საინტერესო სახე გაინაწილებს ერთი ქარიზმატული ლიდერის როლს. მემარჯვენე და პროდასავლურ მხარეს ახალი პოლიტიკური სახეები არ ჩანს. თუ მემარცხენე მხარეს ჩამოყალიბდება ასეთი ძალა, შესაძლოა მასში ვიხილოთ ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე და ის მემარცხენე ფლანგი, რომელიც დღევანდელ სტუდენტებში იკვეთება. ასეთმა კონგლომერატმა შესაძლოა ცივი შხაპი გადაავლოს "ქართულ ოცნებას". რამდენად იქნება ის აშშ-ისთვის სასურველი პარტნიორი, ეს ცალკე თემაა. მნიშვნელოვანი იქნება, თუ ასეთი პოლიტიკური ძალა შეიქმნა, რამდენად გაჯერდება აშშ-თან წლების განმავლობაში მჭიდრო კავშირის მქონე პირებით, ისეთებით, როგორიც, მაგალითად, ანა დოლიძეა. ეს არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება და არანაირ რეალურ ინფორმაციას არ ემყარება. ვფიქრობ, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ეს ინტერესი და ვარაუდები განგაშის ტოლფასი უნდა იყოს "ქართული ოცნებისთვის"... წესით, "ქართული ოცნება" უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მის წიაღშივე გაჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებს მას და არ ექნება რევანშის სურვილი", - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

"რაც შეეხება "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონს, ეს ჩემთვის სრულიად აუხსნელი თემაა და უფრო ხელისუფლების ახირებას ჰგავს, ვიდრე რეალურ საჭიროებას. ჩვენ რომ ვლაპარაკობდეთ სუპერრეიტინგულ ტელევიზიაზე, რომლისთვისაც ხელშეწყობა ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაშინ კიდევ გავიგებდი, მაგრამ ახლა არაფერი მესმის... 2 მილიონი `საზმაუწყებელს~ ვერაფერს შემატებს, ჯერ ის მილიონები გამოიყენოს ეფექტიანად, რასაც ბიუჯეტიდან იღებს და მერე მოითხოვოს დამატებითი სასათბურე პირობები. დასანანია, რომ ხელისუფლება თავისი ლიდერების რეპუტაციაზე არ ზრუნავს და ამ ბავშვურ ახირებას სწირავს თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის იმიჯს", - დასძენს ექსპერტი.