"რუსეთს მისი დაკავება ლამის ღირსების საქმედ მიაჩნია" - ვინ არის მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ჯორჯი
მუსლიმ ალ შიშანი 2014 წელს აშშ-მა ტერორისტთა სიაში შეიყვანა, მოგვიანებით ის გაეროს ტერორისტთა სიაშიც აღმოჩნდა
"მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ აქ (სირიაში. - ავტ.) მოვხვდით, მოციქულის ჰადისია შამზე (სირია), შემდეგ კი სირიელ ხალხს თავსდატეხილი განუკითხაობა. ეს ჩვენთვის უცხო არ არის, ჩვენ ამას წლების განმავლობაში განვიცდიდით - ჩვენ ვართ ის ერი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის სირიელი ხალხისა. ამით ერთმანეთს ვგავართ კიდეც. და, როგორც ჰადისშია ნათქვამი, ჩვენ შევხვდით იმ ხალხს, ვისთვისაც ბრძოლას და სიკვდილს არ დავიშურებთ"."
მუსლიმ ალ შიშანის (მურად მარგოშვილი) ინტერვიუდან ("ალ ჯაზირა") 2017 წ.
"ქურთისტანის მუშათა პარტია და ქურთისტანის დემოკრატიული კავშირი (სირიელი ქურთების პოლიტიკური გაერთიანება. - ავტ.) ჩვენი მტრებია, ისინი კომუნისტები და ღმერთმოძულეები არიან, ეროვნულ სიმბოლიკას იყენებენ, რათა ყველგან ბოროტება და უღმერთობა დათესონ, მათ უნდათ, ქურთ ხალხს ისლამური იდენტობა წაართვან".
აბდულა მუჰაისინი, ისლამის სწავლული, საუდის არაბეთი
ყოფნა - არყოფნა...
"ჩვენ მოვუწოდებთ სირიის ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი სუვერენული ვალდებულებები აფრინის წინაშე და დაიცვას სირია-თურქეთის საზღვრის მონაკვეთი თურქი ოკუპანტების თავდასხმისგან. ასევე ჩააყენოს შეიარაღებული ძალები აფრინში საზღვრის დასაცავად". აფრინის დემოკრატიულმა კავშირმა ეს განცხადება თურქეთის სამხედრო ოპერაცია" "ზეთისხილის რტოს" მეექვსე დღეს გააკეთა, რამაც მსოფლიო გააკვირვა - ქურთები, რომლებიც სირიაში ასადის რეჟიმთან მებრძოლ ძლიერ ძალას წარმოადგენდნენ, ახლა სირიის პრეზიდენტს სთხოვდნენ დახმარებას; თუმცა მსოფლიო პრესის ყურადღება სულ სხვა რამემ მიიპყრო: თურქული მედიის ცნობით, "ზეთისხილის რტოს" ოპერაციაში თურქული საჯარისო ნაწილების მხარდასაჭერად სირიაში ცნობილი ჩეჩნური სამხედრო დაჯგუფება" "ჯუნდ ალ შამი" "("სირიის ლომები") ჩაერთო, რომლის უცვლელი ლიდერი 4 წელია, პანკისელი მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ალ შიშანი-მუსლიმ ჯორჯია.
სირიაში "ალ-ქაიდას" დროშით მებრძოლი გავლენიანი საველე მეთაურის თურქული ჯარის პოზიციებზე გამოჩენა ბევრ გავლენიან ექსპერტს დაუჯერებელი ეგონა. ფიქრობდნენ, რომ "სირიელი ლომების" ლიდერი, რომელიც აშშ-ის და გაეროს ანტიტერორისტულ" ტოპსიაში საპატიო ადგილზეა, ხოლო რუსეთს მისი დაკავება ლამის ღირსების საქმედ მიაჩნია, შესაძლოა, ახლო მომავალში თურქეთსა და ახლანდელ მოკავშირე რუსეთს შორის საჯილდაო ქვა გამხდარიყო.
ვცადეთ, გადაგვემოწმებინა გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა მარგოშვილის პანკისელი ნათესავები დაწვრილებით ვერაფერს ამბობენ (მათ დიდი ხანია არ დაჰკავშირებია); ასევე ვცადეთ, გაგვერკვია, სად იმყოფება ახლა მურად მარგოშვილის თანამებრძოლი ზურა ალხანაშვილი, რომელსაც მუსლიმ ალ შიშანი გვერდიდან არ იშორებს. მასზეც არაფერი იციან პანკისში..
სირიაში მუსლიმ ალ შიშანის უახლოესი გარემოცვა თურქეთის მხარეზე გადასვლას ჯერჯერობით უარყოფს - მათი თქმით, ასეთი განცხადებების მიზანი მუსლიმ ალ შიშანის დისკრედიტაციაა და იმ მოჯაჰედების პოზიციას ამაგრებს, რომლებიც დიდი ხანია, მუსლიმ ჯორჯს თურქულ სპეცსამსახურებთან "მეგობრობას აბრალებს. და სანამ სირიაში კიდევ ერთ ქართველზე" მითქმა-მოთქმა არ წყდება, "კვირის პალიტრის" მკითხველს შევახსენებთ, როგორი იყო "ზეთისხილის ემირის" გზა ჩეჩნეთის ტყეებიდან სირიის ლატაკიამდე.
"შავი არაბის" ფავორიტი
ინგუშეთის სამართალდამცავებს თუ დავუჯერებთ, მურად მარგოშვილი (დაიბადა 1970 წლის 15 იანვარს) ცნობილი იყო რამდენიმე ათეული სახელით, მათ შორის იმხანად ყველაზე ცნობილი გახლდათ მურად მადაევი, აბდურახმანი, მუსლიმი" არტური, ჯორჯი და ქისტი ჯორჯი".
როგორც მისი ნათესავები ჰყვებიან, მურად მარგოშვილი საბჭოთა ჯარში მსახურობდა, სავარაუდოდ, მონღოლეთში. იქ მიღებული გამოცდილება ჯოჰარ დუდაევის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ თაყვანისმცემელს იჩქერიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გამოადგა. 1999 წელს გარდაცვლილი ჯოჰარ დუდაევის იდეები გაფერმკრთალდა და იჩქერიისთვის მებრძოლთა ადგილები ""ალაჰის ჯარისკაცებმა" დაიკავეს. მურად მარგოშვილი იჩქერიის ტყეებში დაბანაკებული დაჯგუფება "ტერეკის"" წევრი გახდა, იმხანად ჯგუფში 30-40 მეომარი იყო და ძირითადად დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობას სწავლობდნენ. "ტერეკს"" კურატორობდა იმხანად ჩრდილოეთ კავკასიაში "ალ-ქაიდას" ემისარი ამირ ხატაბი (შავი არაბი). მურად მარგოშვილი ძალიან მალე მის"ი მოწაფე და უახლოესი თანამებრძოლი გახდა." მისიაც საპასუხისმგებლო ჰქონდა - იჩქერიის ტყეებში მონავარდე ჯგუფების ლოჯისტიკა ჩააბარეს.
მალე აბუ ალ ვალიდის ("ალ-ქაიდას" ემისარი, ხატაბის მემკვიდრე) ინიციატივით, მურად მარგოშვილი ინგუშეთის ტყეებში გადაიყვანეს, სადაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა დაჯგუფება "თალიბანს", "ხალიფატს". ეს ჯგუფები ჩრდილო კავკასიაში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ დივერსიულ თუ ტერორისტულ აქტებს აწყობდნენ. მარგოშვილის სახელს უკავშირდება ე.წ მოზდოკის ტერაქტები.
კავკასიელი ტყვე
2003 წლის 7 ოქტომბერს მურად მარგოშვილი ინგუშეთში რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად გაუჩინარდა. მისი თანმხლებნი მოგვიანებით გარდაცვლილები ნახეს. მარგოშვილის შესახებ 4 წელი ნათესავებმა არაფერი იცოდნენ, 2006 წელს მისი სახელი ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ანა პოლიტკოვსკაიამ ახსენა მას შემდეგ, რაც 2 თებერვალს, ნაზრანის სასამართლოში პირადად ნახა საშინლად ნაწამები ყბა-კბილებჩამტვრეული ხატაბის მოწაფე, რომელიც სასამართლო პროცესზე ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებდა. როგორც სასამართლოზევე გახდა ცნობილი, 31 წლის მარგოშვილი 4 წელი რუსეთის სპეცსამსახურს ჰყავდა დატყვევებული. გამოძიება მას მოზდოკის ტერაქტებში სდებდა ბრალს, თუმცა მოულოდნელად, ნაფიცმა მსაჯულებმა ის უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს(?!). მოგვიანებით ანა პოლიტკოვსკაია იხსენებდა, "სასამართლოს ვერდიქტი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სპეცსამსახურებმა სპეცდანიშნულების რაზმიც კი მოიყვანეს ეზოში, რათა გათავისუფლებული მარგოშვილი ისევ დაეკავებინათ.". თუმცა ეს ვერ მოახერხეს...
განკვეთილი
ცხადი იყო, მარგოშვილს არც ჩეჩნეთში დაედგომებოდა და არც ინგუშეთში, თან ერთი იმედგაცრუებაც ელოდა. მისმა თანამებრძოლებმა "კავკასიის ემირატში"" მარგოშვილს შეუთვალეს, - საძმო' ვეღარ მიგიღებს, რუსეთის ციხეში ნამყოფს ვეღარ გენდობითო. სწორედ მაშინ გაჩნდა პირველი ეჭვი მარგოშვილის და სპეცსამსახურების ურთიერთობაზე, რომელიც შემდეგში უფრო ძლიერდებოდა ("კავკასიის ემირატი" ფიქრობდა, რომ რუსეთის ციხიდან თავის დაძვრენა მხოლოდ რუსებთან გარიგებით თუ შეიძლებოდა, ერთხანს საველე მეთაურებს ეჭვი აჰმედ ჩატაევზეც ჰქონდათ). თანამოძმეთაგან მიტოვებული მარგოშვილი იარების მოსაშუშებლად პანკისში დაბრუნდა და 2012 წლის შემოდგომამდე საქართველოში იმყოფებოდა..
ცხელი აგვისტო, 2008 წელი
აგვისტოს ომის დღეებში" პანკისის ხეობაში 100-მდე კაცი შეიკრიბა და ქართული მიწის დასაცავად გაემზადა. უმრავლესობა ჩეჩნეთში ნაომარი გამოცდილი მებრძოლები იყვნენ. როგორც ამბობენ, შეკრების თაოსანი მურად მარგოშვილი გახლდათ. ქისტები მზად იყვნენ, საქართველოში შემოჭრილ რუსულ ჯართან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ებრძოლათ. თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო, ხელისულფებამ მაშინ პანკისელთა დახმარებაზე უარი თქვა.
"უძღები შვილის" დაბრუნება
2009 წელს "კავკასიის ემირატში" მოულოდნელად მურად მარგოშვილი გაიხსენეს. როგორც თავად მუსლიმ ალ შიშანი ჰყვება, - დოკასგან (დოკუ უმაროვი. - ავტ.) ვიდეომიმართვა მიიღო (საველე მეთაურები ინფორმაციის უტყუარობაში დასარწმუნებლად ერთმანეთს ვიდეომიმართვებს უგზავნიან სანდო ხელით. - ავტ.), სადაც ემირი მარგოშვილს მოხალისე მეომრების გაწვრთნაში დახმარებას სთხოვდა. მარგოშვილისთვის ეს ოჯახში ღირსეულად დაბრუნების ახალი შანსი იყო და უპირველესად მოძებნა უსაფრთხო გზა საქართველოდან დაღესტანში გადასასვლელად, რომელიც მოგვიანებით ეფექტური გახდა. ის მოხალისეებს წვრთნიდა და ბანაკებში უშვებდა. თუმცა, 2012 წლის ზაფხულში ბედმა მარგოშვილს კვლავ უმუხთლა...
ხაფანგი ლაფანყურში
მარგოშვილისთვის ჯერ კიდევ 2011 წელს აშკარა გახდა, რომ "უსაფრთხო დერეფნის" კონტროლს და, შესაბამისად, გავლენას "კავკასიის ემირატში"' კვლავ წაართმევდნენ - მეტოქეები ის ახალი ამირები აღმოჩნდნენ, რომლებსაც დოკუ უმაროვის კარზე ძველი, გავლენიანი საველე მეთაურები თვალში აღარ მოსდიოდათ. მალე დაღესტნის ე.წ. დერეფნით ის ჯგუფები გადადიოდნენ, რომლებსაც ახალი ემირები ევროპაში კრებდნენ, აქ წვრთნიდნენ და ამით დიდ ფულსაც შოულობდნენ. მარგოშვილი რამდენჯერმე შეეცადა დოკუ უმაროვთან კავშირს, თუმცა მას ის რატომღაც აღარ ახსოვდა...
სირიაში მყოფი მუსლიმ ალ შიშანი იხსენებდა, რომ ერთ დღეს ამბავი მიუვიდა, - მორიგი ჯგუფი საზღვარზე გადასვლას აპირებსო. ეს უკვე იცოდნენ რუსებმა. სწორედ ეს ჯგუფი გამოჩნდა ლაფანყურში 25 აგვისტოს. მარგოშვილი შეეცადა დოკუ უმაროვის გაფრთხილებას, მაგრამ ამაოდ - მას აღარ პასუხობდნენ.
ლაფანყურის მოვლენების შემდგომ "კავკასიის ემირატში" დამნაშავის ძებნა დაიწყეს და ხელი ისევ მურად მარგოშვილს დაადეს. მას შარიათის სასამართლო არ მოუწვევია, ეგონა, მისი მეგობარი დოკუ უმაროვი ყველაფერს თავად გაარკვევდა და დამნაშავეებს დასჯიდა, თუმცა მოლოდინი არ გაუმართლდა. მოღალატის სახელით 2012 წლის შემოდგომაზე ის სირიაში' ჯიჰადის გზას დაადგა.
შამის ლომები
სირიაში მისი დაჯგუფება" "ჯუნდ ალ შამი" მართალია, შედარებით მცირერიცხოვანია (300-400 მეომარი), მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული და მოჯაჰედურ წრეებში ელიტარულ ნაწილად მოიხსენიება. "შამის ლომების" ყველა სამხედრო ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა, რამაც მურად მარგოშვილს, ახლა უკვე მუსლიმ ალ შიშანს, სახელი უფრო გაუთქვა. დაჯგუფება მხოლოდ ჩრდილოკავკასიელი გამოცდილი მებრძოლებისგან შედგება, მარგოშვილმა რატომღაც უარი თქვა პანკისელ მოხალისეებზე, გვერდით მხოლოდ ერთი თანამემამულე ჰყავს - ზურა ალხანაშვილი, რომელიც მისი მარჯვენა ხელია და ასევე დიდი გავლენით სარგებლობს თანამებრძოლებში. "შამის ლომები", სხვა დაჯგუფებებთან ერთად, სირიაში ასადის რეჟიმს ებრძვიან.
მუსლიმ ალ შიშანი 2014 წელს აშშ-მა ტერორისტთა სიაში შეიყვანა, მოგვიანებით ის გაეროს ტერორისტთა სიაშიც აღმოჩნდა.
თუმცა მუსლიმ ალ შიშანის უკვე სირიულ ბიოგრაფიაში "კავკასიის ემირატი"' კვლავ გამოჩნდა, "შამის ლომებს" ემირატის დროშით ბრძოლა მოსთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. მუსლიმ ალ შიშანი იძულებული გახდა, შარიათის სასამართლო ახლა უკვე სირიაში მოეწვია, სადაც ის, როგორც ამბობენ, გაამართლეს, თუმცა, რადგან "კავკასიის ემირატის" უძლეველი ემირი დოკუ უმაროვი უკვე გარდაცვლილი იყო, მარგოშვილისთვის "სამართლიანობის აღდგენას" შვება არ მოუტანია, ის დროდადრო კვლავ ხდება ზოგიერთი ემირის თავდასხმის ობიექტი.
გახდება თუ არა "ზეთისხილის რტო" მორიგი ხაფანგი სირიაში მყოფი ყველაზე გავლენიანი "ქართველისთვის," ამის პასუხი ჯერჯერობით თავად მარგოშვილსაც არა აქვს...