"საქართველოს საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არა სავალდებულო, არამედ არჩევითი ხდება. ამას ითვალისწინებს სკოლის საათობრივ ბადესთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული სტრატეგია. ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ სკოლების დიდმა ნაწილმა შესაძლოა ნაწილობრივ ან მთლიანად უარი თქვას რუსული, ფრანგული და გერმანული ენების სწავლებაზე. შესაბამისად, ამ საგნის პედაგოგთა დიდ უმრავლესობას ან გაკვეთილების რაოდენობა და ანაზღაურება შეუმცირდება, ან, უბრალოდ, სამსახურიდან დაითხოვენ. აღსანიშნავია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 6 ათასი რუსული ენის პედაგოგია, ათასამდეა გერმანული და ფრანგული ენის მასწავლებელი. მეორე უცხო ენა სკოლებში მე-5 კლასიდან ისწავლება და მოსწავლეების 90% უპირატესობას რუსულს ანიჭებდა. სამინისტროს ეს გადაწყვეტილება რუსულის, ფრანგულისა და გერმანულის პედაგოგების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მათ უკვე შექმნეს საინიციატივო ჯგუფი და საგანგებო წერილით მიმართეს განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს. წერილს ასზე მეტი პედაგოგი აწერს ხელს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით უცხო ენის მასწავლებლების "აჯანყება" / რუსულის, ფრანგულისა და გერმანულის 7 ათასამდე პედაგოგი სკოლებში მეორე უცხოური ენის არჩევით საგნად ქცევას აპროტესტებს.
"პედადგოგთა ცნობით, სკოლებში საათობრივ ბადეში შესატანი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს 18 იანვარს გამართულ თათბირზე გააცნო. "გადაწყვეტილების მიღებამდე რატომ არ გქონდათ საკითხის ფართო და ღია განხილვა მეორე უცხოური ენის სკოლის მასწავლებლებთან და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებთან? საქართველოს აღებული აქვს ევროპასთან ინტეგრაციის კურსი, ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანამ კი შეიძლება, ხელი შეუშალოს ევროკავშირთან ჩვენ გაერთიანებას. ევროსაბჭოს დოკუმენტებში მითითებულია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, მეორე უცხოური ენის სავალდებულო სტატუსის გაუქმება კი დააზარალებს, პირველ რიგში, ხელმოკლე ოჯახების შვილებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვების უცხო ენებში კერძოდ მომზადებას და მათთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას", - აღნიშნულია განათლების მინისტრისადმი გაგზავილ წერილში, რომლის ერთი ეგზემპლარი ასევე გამოეგზავნა გაზეთ "რეზონანსს". პედაგოგები იმედოვნებენ, რომ განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამ სტრატეგიას არ დაამტკიცებს. "ეს ძალიან ცუდია. მეორე უცხო ენა აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. ეს არ იქნება კარგი სვლა. ათობით წელიწადია, საჯარო სკოლებში ისწავლებოდა ორი უცხო ენა. არ შეიძლება ბავშვების დატოვება ერთი უცხო ენის ამარა. ეს იქნება სიბრიყვე და იმედია, განათლების უწყება ამ ნაბიჯს არ გადადგამს", - ამბობს 175-ე სკოლის რუსული ენის მასწავლებელ ია ხიმშიაშვილმა. კიდევ ერთი პედაგოგი თეა მოდებაძე კი იმედოვნებს, რომ მინისტრი ამ საკითხს სერიოზულად არ დასვამს. მისი თქმით, რუსული ენის სწავლა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული", - აღნიშნავს გამოცემა.
"იმედი მაქვს, ეს სერიოზული განცხადება არ იქნება. ცოტა ხნის წინ პედაგოგები შევხვდით განათლების მინისტრს, სადაც ჩხენკელმა სამომავლო გეგმები გაგვაცნო, მაგრამ ამის შესახებ არაფერი უთქვამს. მან გვითხრა, რომ მასწავლებლების გარეშე არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. საქართველოში რუსული ენის სწავლება ყოველთვის საჭირო იქნება. ჯერ მარტო ძირითადი ინვესტორები რუსეთიდან შემოდიან. რუსული ენის არცოდნა ძალიან ცუდია. იმედი მაქვს, ეს არ არის რეალურად დასმული საკითხი. თუკი ეს მართლაც მოხდა, რუსული ენის პედაგოგები აუცილებლად შეხვდებიან მინისტრს და არგუმენტირებულად, დასაბუთებულად დაანახვებენ რუსული ენის სწავლების საჭიროებას. სავალდებულო საგნების მიმართ ბავშვები ისედაც არ იჩენენ დიდ ყურადღებას. განათლების დონე თანდათან მცირდება და არასავალდებულო თუ გახდა, კიდევ უფრო გაუარესდება ვითარება", - განაცხადა მოდებაძემ. უცხო ენის პედაგოგთა საინიციატივო ჯგუფის წევრ ხათუნა ღლონტის თქმით, მათ მხარს უჭერენ ასევე სხვა საგნის პედაგოგები, ამიტომ ყველა ცივილური გზით იბრძოლებენ და ამას არ დაუშვებენ", - განაგრძობს გამოცემა.
"ბოლომდე ვიბრძოლებთ და ამას არ დავუშვებთ. მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა პედაგოგი გაერთიანდება. მინისტრს წერილი უკვე გავუგზავნეთ და ვნახოთ, რას მოგვწერენ. მერე შეხვედრასაც მოვითხოვთ და აუცილებლად დაველაპარაკებით. პროფკავშირები საქმის კურსში უკვე ჩავაყენეთ. თუმცა, ჯერ რადიკალური ნაბიჯების გადადგმასა და აქციებს არ ვაპირებთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ ცივილური გზით მოვაგვაროთ ეს პრობლემა, - თქვა ღლონტმა. პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის პრეზიდენტს განათლების ახალი სტრატეგია გუშინ გადაეგზავნა და როგორც მაია კორძაიამ გვითხრა, ამ საკითხზე დეტალურად მას შემდეგ შეძლებს საუბარს, როდესაც პროექტს მთლიანად გაეცნობა. მანამდე კი უცხო ენის პედაგოგებს შეხვდება და მათგანაც მოისმენს აზრს. ამ გადაწყვეტილებას "მარაზმს" უწოდებს "განათლების ლიგის" ხელმძღვანელი მანანა ნიკოლეიშვილი... "რეზონანსმა" საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად განათლების მინისტრ ლია გიგაურთან სცადა დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ თემაზე კომენტარს ორშაბათს გააკეთებენ", - დასძენს გამოცემა.
"თუ ევროპისკენ მივდივართ, შეიძლება, მეორე უცხო ენა არ იყოს?! მაშინ მე-12 კლასიც მოხსნან. ეგ ერთი და იგივე საკითხებია. თუ ევროპულ ოჯახში გვინდა შესვლა, მეორე უცხო ენის სწავლება სავალდებულო მოთხოვნაა. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ რუსული ენა არ ისწავლებოდეს, რადგან მეორე უცხო ენად თითქმის ყველა შემთხვევაში აღებულია რუსული. რუსულად მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს, მაგალითად, ჩინეთში, შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საფრანგეთში ძალიან დიდი დოზით ისწავლება რუსული ენა. ასეა თუ ისე, რუსეთი ჩვენი მეზობელია. ხალხი ხომ უნდა დაელაპარაკოს ერთმანეთს?!ამხელა ენობრივი სივრციდან როგორ შეიძლება გამოსვლა, არ მესმის. იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩამოვთვალე, ყველგან ისწავლება რუსული ენა. რა, იმათ უყვართ ან გიჟდებიან რუსეთზე?! არა, მაგრამ საჭიროა და იმიტომ აკეთებენ ამას. ეს არის მარაზმი და მეტი არაფერი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა ნიკოლეიშვილი.