"მთავარია იმ ლობის გამოვლენა, რომელიც საჯარო სექტორიდან ინფორმაციას აწვდის კრიმინალურ ავტორიტეტებს"

ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დასჯადი პირების წრე ფართოვდება და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება და ქურდული სამყაროს წევრისთვის, თუ "ე.წ. კანონიერი ქურდისთვის" მიმართვა დანაშაულად ცხადდება. შსს-ს ინიციატივა უკვე მოიწონა მთავრობამ და ახლა ის პარლამენტისგან მხარდაჭერას ელოდება. რატომ დადგა კანონის გამკაცრება დღის წესრიგში, "კვირის პალიტრას" ექსპერტი დავით კუხალაშვილი ესაუბრა", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "მთავარია იმ ლობის გამოვლენა, რომელიც საჯარო სექტორიდან ინფორმაციას აწვდის კრიმინალურ ავტორიტეტებს" / "ფინანსური ელიტა კრიმინალურ სამყაროს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს".

"ქვეყანაში კრიმინალური ფონი დამძიმდა და ბუნებრივია, ეს ე.წ. კანონიერი ქურდების მომძლავრებაშიც გამოიხატა. უნდა ვიცოდეთ, რომ კრიმინალური ავტორიტეტები სახელმწიფო ლობის გარეშე არსებობას ვერ ახერხებენ. ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად სახელმწიფო მანქანაა მათი მხარდამჭერი, თუმცა ისინი მაშინ ძლიერდებიან, როდესაც გარკვეულ საჯარო­ მოხელეებთან კონკრეტული საკითხების ლობირების შესაძლებლობა უჩნდებათ. თანაც, საქმე გვაქვს პრაგმატულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან, მათ კარგად იციან, როგორ გამოიყენოს საინფორმაციო წყაროები და კანონმდებლობა სათავისოდ. როგორც ოპერატიული მუშაკისთვის, ისე ე.წ. "კანონიერი ქურდისთვის" მნიშვნელოვანია ინფორმაცია - როგორ მუშაობს კრიმინალური პოლიცია, ვინ არის მათი აგენტი და ა.შ. თუ სასამართლო სხდომებს დაესწრებით, მარტივად შეგიძლიათ პოლიციის აგენტურის გაშიფვრა, რაც კრიმინალური ავტორიტეტებსაც მოქმედებას უადვილებს. რაც შეეხება კანონმდებლობას, "კანონიერმა ქურდებმაც" კარგად იციან იურიდიული დეტალები, როგორ მოირგონ ის საკუთარ თავზე ან როგორ გაექცნენ პასუხისმგებლობას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით კუხალაშვილი და კითხვაზე - "ვიცით, რომ წლებია "კანონიერი ქურდების" მიმართ კანონმდებლობა შეუვალია, როგორ ირგებენ საკუთარ თავზე კანონს?" - პასუხობს:

"როგორც ვიცით, კრიმინალური ავტორიტეტები ძირითადად ქვეყნის გარედან ცდილობენ საქართველოში მხარდამჭერების შემოკრებას, რაც ჯერ კიდევ კანონმდებლობით არ ისჯება. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გასატარებელი, თუმცა, მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება ამ შემთხვევაში დადებით შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. მთავარი პრობლემა ფინანსურ ელიტაშია, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად კრიმინალურ სამყაროს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ".

"მთავარი იმ ლობის გამოვლენაა, რომელიც საჯარო სექტორში აუცილებლად არსებობს და საიდანაც, დამატებით ინფორმაციასა თუ დახმარებას იღებენ კრიმინალური ავტორიტეტები. გვახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქურდული სამყაროს არა მხოლოდ რიგითი წევრი, ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა საქართველოში შემოვიდა და ისე დატოვა საზღვარი, თითიც კი ვერავინ დაადო. ეს ღია გზავნილი იყო მათთვის, რომ ქვეყანაში ძალოვანი სტრუქტურები დასუსტდნენ და წინააღმდეგობის გაწევის დიდი რესურსი არ გააჩნიათ. პირველ რიგში, გასაძლიერებელია პოლიციის აკადემია, სადაც, ძირითადად, ასწავლიან გადმოთარგმნილ ლიტერატურასა თუ მოქმედების გეგმას, რომელიც განვითარებულ ქვეყნებზეა მორგებული და ჩვენს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ვერც ოპერატიული სამსახური მუშაობს სათანადოდ... რადიკალური ზომებია მისაღები და მისი აღსრულება თუ არ დაჩქარდა, კრიმინალური ავტორიტეტების ჯგუფი კიდევ უფრო საშიშ კონდიციას მიაღწევს", - დაასკვნის ექსპერტი.