როგორ აფასებთ სამთავრობო მანქანების ფერის შეცვლის გადაწყვეტილებას?

როგორ აფასებთ სამთავრობო მანქანების ფერის შეცვლის გადაწყვეტილებას?

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მიმართა, რომ დროა, საქართველოში შავი "ჯიპების" ეპოქა დასრულდეს. პრემიერის თქმით, არავის დაუწერია წესი, რომ თუნდაც სამართალდამცავებმა მაინცდამაინც შავი "ჯიპებით" იმოძრაონ. "დროა, გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჩავანაცვლოთ ავტომანქანები, პირველ რიგში, მინისტრების დონეზე, მაგრამ ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ, მათ შორის - ძალოვან უწყებებსაც. არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი "ჯიპით" უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცავმა. ეს პროცესი დაიწყება მინისტრებისგან, მაგრამ თანდათან გავრცელდება ყველგან. ამას ერთბაშად ჩვენ ვერ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ დავიწყოთ მინისტრებმა და შემდეგ მოგვბაძავენ სხვებიც... თუ დელეგაციების დახვედრისას ამას მოითხოვს ეტიკეტი, შეიძლება, გამონაკლისი დავუშვათ. არც ერთი სხვა შემთხვევა ჩემთვის მისაღები არ იქნება, პირდაპირ ვამბობ ამას. მგონია, რომ შავი მანქანების ეპოქა უნდა დავასრულოთ. საერთაშორისო ორგანიზაციები თეთრი მანქანებით მოძრაობენ და არ მგონია, რომ სხვა ფერის მანქანით სარგებლობა უსაფრთხოების კუთხით რაიმე კომპრომისს უკავშირდებოდეს", - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, "საპილოტე ნაბიჯი, რომელიც შსს-ყველამ ერთად განვახორციელეთ, იყო იაპონიის მთავრობისგან ძალიან დიდი საჩუქარი. იგივე სტანდარტი ჩვენ, თანდათან, მთელ მთავრობაში უნდა მივიღოთ და უარი ვთქვათ შავი, დაბურული "ჯიპებით" სიარულზე", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - როგორ აფასებთ სამთავრობო მანქანების ფერის შეცვლის გადაწყვეტილებას?

"ფერის შეცვლა არაფერს არ უშველის. თუ თეთრი ფერის მანქანები შემოიყვანეს და იგივე ეღირება, რაც ეს შავი "ჯიპები", ამას აზრი არ ექნება. რას გვიშავებს შავი ფერი? არც არაფერს. მგონია, რომ უბრალოდ ამ მანქანების რაოდენობა უნდა შემცირდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე.

"მგონი ერთადერთი კარგი განცხადებაა, რაც ბოლო პერიოდში გააკეთეს, თუ ეს განცხადების დონეზე არ დარჩა - ეს საკითხავია. სასაცილო და სამარცხვინოა, როდესაც ამხელა "ჯიპებით" დადიან მთავრობის წარმომადგენლები. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება", - ამბობს მსახიობი გია ბურჯანაძე.

"მგონია, რომ ფერში არ არის საქმე, საქმე "ჯიპშია" - არაეკოლოგიურ მანქანებში. რა თქმა უნდა, მივესალმები ამ მოსაზრებას და მე მაგალითად, კერძო სექტორსაც მოვუწოდებდი. არ მაქვს ამის უფლება, რომ ავუკრძალო "ჯიპები", მაგრამ ვთხოვდი. საერთოდ დავანებოთ თავი ნებისმიერი ფერის დიდ მანქანებს. არც ერთ ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაში ამდენი დიდი მანქანა არ მოძრაობს, როგორც საქართველოს დედაქალაში. ასე რომ, სხვა ქვეყნებს კარგ რამეში მივბაძოთ", - მიიჩნევს მომღერალი ირმა სოხაძე.

"არ მგონია, მხოლოდ ფერში იყოს საქმე. რომ ამბობენ, უნდა გამოიცვალოსო, სად წავა ეს შავი "ჯიპები"? ვფიქრობ, ეს მანქანები უნდა გაიყიდოს, თანხა უნდა შევიდეს ბიუჯეტში და ხელისუფლების წარმომადგენლებმა შედარებით უფრო იაფაიანი მანქანებით ისარგებლონ, რადგან ეს თანხები სხვაგან გადანაწილდეს, სადაც უფრო საჭიროა. ეკოლოგიის სისუფთავეს მივესალმები, რა თქმა უნდა", - დასძენს ჟურნალისტი ნელი კობიაშვილი.