[ნანა მაისაშვილი]
„კინოსტუდია შსს-ს გემოვნება ბოლომდე დაეცა“, - ასე აფასებს „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი დაჭერების იმ სერიას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და ნაციონალურ ისტორიაში სასაცილო სახელით - „ზილებით გადატრიალება“ - შევა. ოქრუაშვილი დღემდე მერაბიშვილის წარმოსახვაში დაპატიმრებულად რჩება, სამაგიეროდ ერთი მეორეს მიყოლებით აკავებენ იმ ადამიანებს ვინც „ქართული პარტიის“ სიახლოვეს გაიარა.
დაახლოებით 15 კაცია დაკავებული და ამათგან მხოლოდ ხუთია პარტიის წევრი, ერთი რამდენიმე კვირაა მუშაობს პარტიაში, სხვებს პარტიის თავმჯდომარე სუბარიც კი არ იცნობს. გუშინ ერთბაშად 7 ადამიანი აიყვანეს, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის ბიძა ზურაბ გიგუაშვილი, რომელიც სხვებისგან განსხვავებით, დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს და ეროსი კიწმარიშვილის მძღოლი, თეიმურაზ ელყანიშვილი (რომელიც ზურაბ ჟვანიას მძღოლი იყო), რომლის დაკავების მიზეზი უცნობია. ახალი დაკავებების სერიალზე პრესაგე.ტვ ესაუბრა „ქართული პარტიის„ ერთ-ერთ ლიდერს სოფიო ხორგუანს.
სოფიო ხორგუანი: გააგრძელეს ღამის დაჭერების სერია, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ თავდასხმა. გუშინ გამთენიისას დაახლოებით 4 საათზე რამდენიმე ოჯახში შევარდა ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ხელისუფლება სპეცრაზმს უწოდებს, თუმცა ისინი მოქმედებენ როგორც ჩვეულებრივი ბანდიტური ჯგუფის წევრები. საინტერესოა, რომ მათი მოქმედების სტილი ყველგან ერთნაირია. ოჯახებს ესხმიან თავს, შევარდებიან სახლებში, მიიტანენ იარაღს, რომელსაც შემდეგ „ამოიღებენ“. მერე გამოაქვეყნებენ იძულების და წამების წესით მიღებულ აღიარებით ჩანაწერებს. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ დაკავებულები არიან რაღაც კავშირში „ქართულ პარტიასთან“.
ახლა უკვე კრიმინალი ხელისუფალი ოქრუაშვილის ოჯახის წევრების დაკავებაზე გადავიდა. დღეს დააკავეს ოქრუაშვილის ბიძა ზურაბ გიგუაშვილი. გახსოვთ, ალბათ, რომ გიგუაშვილი 2007 წლის ნოემბრის აქციების დროს გაიტაცეს, სასტიკად გაუსწორდნენ და ზემო ფონიჭალის მიდამოებში დატოვეს.
რა იყო დაკავების მოტივი?
- ყველამ იცის, ის მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ არის ოქრუაშვილის ბიძა. არარსებული სამხილების გამო გავათავისუფლეთო ასეთი განცხადება გააკეთეს შემდეგ... მეტსაც გეტყვით, ხელისუფლება ადამიანებს ატერორებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რამდენიმე ოჯახში განაცხადეს, მათ დასაკავებლად საკმარისია ისიც, რომ ისინი ტყვიაველები არიან. გოჩა ლიჩელის სახლში რომ შევიდნენ, წამოყარეს ბავშვები, რომლებიც შიშით ძალიან ცუდად გახდნენ და ღებინება დაეწყოთ. იცით როგორი სპეცოპერაცია ჩაატარეს? ლიჩელის მეზობლები ამბობენ, რომ მათ ეგონათ ოსები შემოვიდნენ. ნახევარ კილომეტრიან პერიმეტრზე განლაგდნენ და ერთი კაცის ასაყვანად ასობით ადამიანი მივიდა.
ბერიტაშვილის ხუთშვილიან ოჯახში შესულებმა აბაზანაში „იპოვეს“ ყუმბარა. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ფაქტი, რომ 5 შვილის მამა ხელყუმბარას აბაზანაში დადებს? ბერიტაშვილის მეუღლემ დაინახა, როგორ შეიტანეს და დადეს ხელყუმბარა, შემდეგ მათ მიუბრუნდნენ და უთხრეს ხელი მოაწერეთ ამოღების ოქმზეო.
თეიმურაზ მელყანიშვილი სულ ორი კვირაა, რაც ქართულ პარტიაში მუშაობს და უცებ გახდა ტერორისტი? შუაღამისას გატაცებული ადამიანების დიდ ნაწილი დაკარგული იყო. ზურაბ გიგუაშვილს გადაადგილება აუკრძალეს. საბჭოთა კავშირის დროს იყო ასე - არ გაძლევდნენ ქვეყნიდან გადაადგილების საშუალებას. ვანო მერაბიშვილს, რა თქმა უნდა, აქვს მცდელობა დაგვაბრუნოს 30-იან წლებში. ყველაზე საინტერესო ისაა, დაკავების ოქმს რომ არ აწერენ ხელს ოჯახის წევრები, მათ ემუქრებიან, წაგიყვანთ და იქ კარგად მოაწერთ ხელსო. ანუ, პირდაპირაა ლაპარაკი იმაზე, რომ რა პრობლემაა რასაც გვინდა იმას დაგაწერინებთ. მე მესმის ხელისუფლების, რომელსაც ეშინია ჩადენილი დანაშაულის გამო. მხოლოდ რეჟიმის პირობებში მოქმედებენ „სამართალდამცველები“ ისე, როგორც კრიმინალები.
ხომ არ გისაუბრიათ ოქრუაშვილთამ მომხდარის შემდეგ?
- ამ ხელისუფლების შიში ირაკლი ოქრუაშვილისადმი არსებობს, რაც სცილდება პოლიტიკური შეფასებების კატეგორიის სფეროს. შიში, რომელიც ხელისუფლებას აქვს ოქრუაშვილის მიმართ არის ფსიქიატრების შესაფასებელი. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ბატონ ირაკლისთან...
ხომ არ აპირებს ჩამოსვლას...
- ხელისუფლების უგუნურების მაჩვენებელი ისიც არის, რომ ფიქრობს, რაც მეტ ადამიანს დააკავებს მეტად შეგვაშინებს? ეს არის მხდალი ხელისუფლება და ყველას თავისი საზომით ზომავს, ეს არის მხდალი ადამიანების პოზიცია, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ შეაშინებ დაშინდებიან. აქ არის მათი შეცდომა, რაც მეტი იქნება მათი მხრიდან ასეთი ქმედება, მით მეტი იქნება ჩვენგან წინააღმდეგობა. ჩვენ გვაქვს მოტივი უფრო გავაქტიურდეთ და რაც შეიძლება მალე გადავაგდოთ ეს ხელისუფლება.
მე გკითხეთ ხომ არ აპირებს ოქრუაშვილი ჩამოსვლას?
- ქართულ პარტიას მიზნები და გეგმები არ შეგვიცვლია, ჩვენ გვაქვს მიზნად დასახული ამ ხელისუფლების პოლიტიკურ სასაფლაოზე გაშვება, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არის ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხე.
პრესაგე.ტვ ასევე დაუკავშირდა ირაკლი ოქრუაშვილის ბიძას ზურაბ გიგუაშვილსაც, თუმცა, ის ვერ აკონკრეტებს მისი დაკავების მიზეზს.
- დაპატიმრებული არ ვყოფილვარ. ორი დღით პირად საქმეზე მიწევდა საქართველოდან გასვლა სომხეთში. საზღვარზე შემაჩერეს, დაახლოებით სამი საათი დავყავი იქ. რატომ გამაჩერეს რა მიზეზით არ მითხრეს. უფრო სწორად, ვერ დამისახელეს მიზეზი. შემდეგ გადამიყვანეს რუსთავის პოლიციის სამმართველოში და მითხრეს, რომ უნდოდათ ჩემთან გასაუბრება.
სამი საათი საზღვარზე რომ იყავით გაჩერებული არაფერი გითხრეს?
- არა. არც გამჩხრიკეს, მეუბნებოდნენ რაღაც პრობლემაა და ვარკვევთო. რუსთავში მითხრეს, რაღაც საქმესთან დაკავშირებით, რომელიც გამოძიებას უკავშირდება, საჭიროა, რომ თქვენ არ გახვიდეთ საქართველოდანო.
რა საქმესთანო?
- არ ვიცი, არ უთქვამთ და გაუსვლელობის შესახებ ხელწერილი უნდა დაწეროო.
დაწერეთ ხელწერილი?
- კი, დავწერე.
ეს „რაღაცა საქმე“ რააო როგორ არ გაარკვიეთ?
- არ მითხრეს და... მე უბრალოდ ხელი მოვაწერე ხელწერილს ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ. კონკრეტულად არაფერი მითხრეს და რა მექნა, არ ჩამაყენეს საქმის კურსში, მაგრამ მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ მიმდინარე მოვლენებს, იმ დაპატიმრებების სერიას, რასაც ამ ბოლო დროს აქვს ადგილი.
არც რუსთავში გაგჩხრიკეს?
- არა.
ადვოკატის გამოძახების საშუალება თუ გქონდათ?
- კი, მაგრამ არ იყო ადვოკატის გამოძახება საჭირო.
მანქანა ჩამოგართვეს?
- არა, მანქანით არ ვიყავი.