დღეს, რესპუბლიკურმა პარტიამ თინათინ ხიდაშელის სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ბოლო დროს ქვეყანაში გააქტიურებულ რეფერენდუმის თემაზე.
კერძოდ, ხიდშელი ამბობს: „როდესაც პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე დებატებში 2003 წლის რეფერენდუმის თემაც იხილება, ხელისუფლების პატივცემული წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების მხრიდან ერთი „არგუმენტიც“ გაისმა - კი მაგრამ, სარეფერენდუმო ბიულტენებიც ხომ იმავე ყუთებში ეყარა და თუ არჩევნები გაყალბდა, რეფერენდუმის შედეგები როგორღაა კანონიერიო.
მინდა, საზოგადოებას შევახსენო, თუ როგორ და ვისი დამსახურებით აღმოჩნდა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები გაყალბებული მხოლოდ „ერთი ბიულეტენის“ ნაწილში.
მას შემდეგ, რაც ჩვენი (მაშინ მე ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისიას ვხელმძღვანელობდი) სარჩელით ლევან მამალაძეს მაჟორიტარული მანდატი ჩამოერთვა და უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პროპორციული არჩევნების შედეგები, ჩვენ მოვამზადეთ საკონსტიტუციო სარჩელი მთლიანად არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე და „ძველი“ პარლამენტის წევრების ხელმოწერით შევიტანეთ სასამართლოში.
ეს სარჩელი განუხილველი დარჩა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შეტანილ სარჩელზე საკუთარი ხელმოწერები სააკაშვილის მითითებით გააუქმეს განაციონალურებულმა ნამოქკავშირელმა პარლამენტის წევრებმა და სარჩელმა ძალა დაკარგა. ახალი სარჩელის შეტანის უფლების მქონე ქალბატონმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კი ტრადიციულად თავი შეიკავა პრინციპულ საკითხზე პრინციპული გადაწყვეტილებისაგან...
ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი გაურიგდნენ სწორედ გაყალბებული არჩევნებით „არჩეულ“ მაჟორიტარებს, რომლებმაც ერთგულება შეჰფიცეს ახალ მბრძანებელს და მალევე გამოადგნენ კიდეც მას (მათი უმრავლესობა სააკაშვილის ნდობით აღჭურვუილი პირები გახდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში და 2004 წლის თებერვლის საბედისწერო კონსტიტუციურ ცვლილებებშიც დიდი „წვლილი“ შეიტანეს).
იმედია, ამ საკითხზე მეტი დეტალების შეხსენება აღარ დაგვჭირდება „ვარდების რევოლუციის“ ამ პირველი სამარცხვინო ნაბიჯის ავტორების, შემსრულებლებისა და მხარდამჭერებისთვის“.
დღესვე, თინათინ ხიდაშელი მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. სესიაზე „დიპლომატია დემოკრატიისთვის“, რომელზეც თინათინ ხიდაშელმა სიტყვით მიმართა მონაწილეებს. ძირითადი აქცენტები საერთაშორისო დახმარების, ქვეყნებისათვის დემოკრატიის სტანდარტების ერთგვაროვნებას ეხებოდა.
თინათინ ხიდაშელმა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა რომ „დიპლომატია სწორედ დემოკრატიისათვის და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის უნდა გამოვიყენოთ. საერთაშორისო ურთიერთობები, ხელიუფლებებთან ურთიერთობა დამოკიდებული უნდა იყოს შიდა პოლიტიკის დემოკრატიულ პროცესებთან. მის თავსებადობასთან ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ პრინციპებთან და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იზომებოდეს იმით თუ რომელ სახელმწიფოს რამდენი ნავთობი აქვს, ან რამდენი ჯარისკაცი ყავს ავღანეთის მისიაში გაგზავნილი“.
თინათინ ხიდაშელმა კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა და მიმართა ყველას, რომ საერთაშორისო პოლიტიკა „ფართოდ გახელილი თვალების“ პოლიტიკად უნდა იქცეს, სადაც დემოკრატიული ღირებულებები იქნება მთავარი საზომი.
ფორუმს 130 ქვეყნის
წარმომდგენელი ესწრება და მასში მრავალი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ.
დღეს თინათინ ხიდაშელი, ფორუმის მონაწილე 5 ახალგაზრდა ლიდერთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჰილარი კლინტონთან ერთად დაგეგმილ სესიაში „სტრატეგიული დიალოგი“.