წინასაახალწლოდ შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში 10 ნოემბერს აღებული აფხაზთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ძველ ადგილზე უცვლელად დაბრუნდა. ეს ის მემორიალია, რომლის აღებაც ნოემბერში საქართველოს საელჩომ ქართული დიპლომატიის გამარჯვებად გამოაცხადა, რადგან მემორიალზე ე.წ. აფხაზეთის დროშა იყო გამოსახული. ბრიტანულმა მხარემ ბოდიშიც მოიხადა გამოწვეული გაუგებრობისთვის და ამ საკითხის პოლიტიზებაც დაგმო, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ამასობაში პოლიტიკური ნარატივი თავისი გზით განვითარდა - მემორიალის გაქრობას აფხაზების აღშფოთება და აღდგენის პეტიცია მოჰყვა, პარალელურად კი სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებზე მომუშავე ექსპერტთა და მკვლევართა ჯგუფმა საერთო მიმართვა გაავრცელა, სადაც მემორიალის აღება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მსგავსი ნაბიჯები რეგიონში სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. მიმართვაზე ხელისმომწერთა შორის იყო პროფესორი ბრუნო კოპიეტერსიც, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების ცნობილი სპეციალისტი და რამდენიმე წიგნის ავტორი საქართველოზე, რომელსაც “კვირის პალიტრა” ბრიუსელში ესაუბრა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით ბრუნო კოპიეტერსი: “ფედერაციის შექმნა ქართველებისა და აფხაზებისთვის საუკეთესო გამოსავალია“ / “ვერავინ დამაჯერებს, რომ მემორიალების აღება-დადგმა კონსტრუქციული პოლიტიკაა კონფლიქტის მოსაგვარებლად” / “გვქონდა აშკარად გამოხატული კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის და ამ ურთულეს სიტუაციაში ევროკავშირმა გადაწყვიტა გაჩუმებულიყო“.
“ეს მემორიალი მრავალი წელი იდგა და არავის შეუნიშნავს, სანამ არ გაქრა. ხომ აშკარაა, რომ აფხაზეთის მთავრობა იტყვის: აი, ჩვენ საქართველოს კიდევ ერთი აგრესიის მსხვერპლი გავხდითო. მსოფლიოში უამრავი მსგავსი არაპოლიტკორექტული სამხედრო მემორიალია, მაგრამ ეს ყველაფერი ისტორიის ნაწილია. უკეთესი იქნება, თუ საერთოდ ახალი მემორიალი დაიდგმება, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. საქართველოში ფიქრობენ, რომ მემორიალები ან, მაგალითად, სასწავლო გაცვლითი პროგრამები უნივერსიტეტებს შორის შეიძლება მცოცავი აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს. ფაქტია, რომ აფხაზეთს არავინ აღიარებს. უმჯობესი იქნებოდა, ამდენივე ძალისხმევა ისეთ პოზიტიურ ინიციატივებზე დაგეხარჯათ, რაც აფხაზებისთვისაც მისაღები იქნება…_ მოდი, შეკითხვა ასე დავსვათ - დაგვაახლოებს კი შერიგებასთან ამ მემორიალის აღება ან მასზე დროშის მოშლა? არა. ერთადერთი, რასაც ეს მოიტანს, ის არის, რომ რომელიმე მხარე გულს მოიფხანს და ფიქციური გამარჯვებით გახარებული საკუთარ თავს ერთ ქულას დაუწერს. როგორც ვიცი, მემორიალის დემონტაჟს არც ფიქრობდნენ. მთელი ეს საგა კი გამოიწვია იმ შიშმა და ბრაზმა, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთისადმი აქვთ. ვერავინ დამაჯერებს, რომ მემორიალების აღება-დადგმა კონსტრუქციული პოლიტიკაა კონფლიქტის მოსაგვარებლად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბრუნო კოპიეტერსი.
“ერთია არაღიარების პოლიტიკა, მეორე - ჩართულობის. რაც შეეხება არაღიარებას, ამ მხრივ ეს პოლიტიკა წარმატებულია. აფხაზეთი ნამდვილად იზოლირებულია, მას მხოლოდ რამდენიმე პერიფერიული ქვეყანა აღიარებს. რაც შეეხება ჩართულობის პოლიტიკას, ამ კუთხით, სამწუხაროდ, წარმატებას ვერ ვხედავ. პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ურთულესია მუშაობა როგორც აფხაზ, ასევე ქართველ ხელისუფლებასთან. უნდობლობა მხარეებს შორის ყველაფერს ასვამს დაღს, მათ შორის, იმ ინიციატივებს, რომლებიც მოსახლეობის დაახლოებაზეა გათვლილი. აქტიურად ვიყავი ჩართული საუნივერსიტეტო პროგრამაში - მიზანი იყო აფხაზი სტუდენტები სასწავლებლად გაგვეშვა ევროპაში, სადაც შეხვდებოდნენ ქართველ სტუდენტებს. ეს მარტივი ინიციატივა, დაუძლეველ ამოცანად იქცა, რადგან არც აფხაზებს და არც ქართველებს არაფრის დათმობა არ სურდათ”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “რა ჩართულობაზეა ლაპარაკი, როდესაც სოხუმი აუქმებს ქართული ენის სწავლებას აფხაზეთის სკოლებში, ხურავს გამშვებ პუნქტებს ე.წ. საზღვარზე, აცხადებს, რომ საქართველოს ცბიერი გეგმა აქვს, უფასო სამედიცინო მომსახურებით აფხაზები გადაიბიროს” – პასუხობს:
“ვიცი, რომ ქართულ მხარეს მნიშვნელოვანი ინიციატივები აქვს, მაგრამ იმავდროულად ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომლის გამოც აფხაზეთში ქართული მხრიდან წამოსულ ყველა იდეას ეჭვით უყურებენ”.
“მე პირადად ფედერალისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ამ ურთულეს პირობებში ფედერაცია ქართველებისა და აფხაზებისთვის საუკეთესო გამოსავალია. ფედერალიზმის დემოკრატიული ფორმა არ არის აგებული იმ სისტემაზე, სადაც რეგიონები ცენტრს ემორჩილებიან. რეგიონებიცა და ცენტრიც კონსტიტუციას უნდა ემორჩილებოდნენ. სამწუხაროდ, ამ საკითხებზე ქართველები და აფხაზები არ მსჯელობენ. რაც შეეხება ევროკავშირს, ზემოთ ნახსენებმა პროექტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს ეშინია, აფხაზეთი ზედმეტად არ დაუახლოვდეს ევროკავშირს. თქვენი ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს ისეთი ვითარების ხელოვნურად შექმნას, როდესაც ერთი მხარე მეორეზეა დამოკიდებული. ასეთ სიტუაციაში მეგობრული გრძნობები არ ღვივდება. ეს კუნთების ლოგიკაა და შერიგებისთვის არ გამოდგება. იმედს გაგიცრუებთ, მაგრამ სტრატეგია, რომ საქართველო მიმზიდველი გახდება აფხაზეთისთვის, რომ ერთ დღესაც, აფხაზეთი გაიღვიძებს და საქართველოს შეუერთდება, რათა ცხოვრების უკეთესი პირობები ჰქონდეს, გულუბრყვილობად მეჩვენება”, - მიიჩნევს პროფესორი.
“რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ურთულესი საკითხი სწორედ ფედერაციის დედაქალაქსა და სოხუმს შორის ფედერალური მოწყობის მოდელის შემუშავებაა. რაც შეეხება საგარეო აქტორებს, თავის მოტყუების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ თუ ფედერაციის მოდელი მართლაც განხორციელდა, რუსეთი თავის როლს აუცილებლად ითამაშებს. არა მარტო რუსეთი, სხვა ქვეყნებიც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც, და ეს იქნება უსაფრთხოების გარანტის როლი. საქართველოს სჭირდება გრძელვადიანი პერსპექტივა გაერთიანებისთვის. არავის აქვს ილუზიები იმის შესახებ, თუ რამდენად სამართლიანია რუსეთის ინტერესები, მაგრამ ფაქტია, გაერთიანების რეალობად გადაქცევისთვის საქართველოს მოუწევს გრძელვადიანი კომპრომისის გამონახვა რუსეთთან”, - განმარტავს ბრუნო კოპიეტერსი.
“2008 წლამდე არსებობდა ნიადაგი, რათა ფედერალურ მოდელზე საუბარი უფრო შორს წასულიყო - დიახ, მე ვიყავი 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტების შემსწავლელ ე.წ. ტალიავინის კომისიაში… თავიდან არსებობდა აფხაზების ინტერესი, მაგრამ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. ქართული მხარე კი საერთოდ არ განიხილავს ამ სცენარს, რაც, ვფიქრობ, დასანანია. გააკეთა თუ არა დასავლეთმა საკმარისი 2008 წლის ომის დროს? გვქონდა აშკარად გამოხატული კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის და ამ ურთულეს სიტუაციაში ევროკავშირმა გადაწყვიტა გაჩუმებულიყო. თავის მხრივ, რუსეთმა ევროკავშირის დუმილი სათავისოდ გამოიყენა. ევროკავშირს დროულად და ხაზგასმით უნდა გამოეხატა საკუთარი პოზიცია, რაც, სამწუხაროდ, ძალიან გვიან მოხდა”, - დაასკვნის პროფესორი.