[თეონა ხარაბაძე]
„რვიანის“ დაშლის შემდეგ პარლამენტში ოპოზიციურ ძალთა ახალ გადალაგებაზე დაიწყეს ფიქრი და გამორიცხული არ არის, რომ ეს ფრაქცია ჯონდი ბაღათურიამ შექმნას. ყოველ შემხვევაში, ამის მსურველი 5 დეპუტატი უკვე არსებობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად 6 დეპუტატია საჭირო.
იმის გამო, რომ არანაციონალები ძირითადად, ორ ე.წ. ოპოზიციურ ფრაქციაში არიან გაერთიანებულნი, ახალი ფრაქციის შექმნა გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენდა.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით ნაციონალების თანხმობის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. საპარლამენტო კულუარებში კი იმასაც ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას მეტი ოპოზიციური ფრაქცია არ სურს და, შესაბამისად, ახალი ფრაქციის შექმნისთვის თავად აღარ იზრუნებდა.
მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ, ერთი მხრივ გია ცაგარეიშვილს არ სურდა ჯონდი ბაღათურიასთან ფრაქციის შექმნა და, მეორე მხრივ, თავად ჯონდის სურდა საკუთარი ფრაქციის შექმნა და არავის ფრაქციაში არ აპირებდა გაწევრიანებას.
პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნა მაშინაც იყო აქტუალური, როდესაც პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია საკანონდმებლო ორგანოში დაბრუნდა და მის „ვიცე-სპიკერობის“ სურვილზე გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ის ახლა უკვე დიპლომატიურ სამსახურშია.
მიუხედავად ამ პრობლემებისა, ეს საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ სათანადო რაოდენობის დეპუტატთა არარსებობის გამო განვითარება ვერ ჰპოვა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პეტრე მამრაძემ და თამაზ დიასამიძემ უმრავლესობა დატოვეს, ეს საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა. შედეგი კი ის არის, რომ დღემდე არანაირი ფრაქცია არ შექმნილა.
თუმცა, გუშინ ექვსი არანაციონალი დეპუტატი ისევ ერთად გამოჩნდა. ახალი ფრაქციის შექმნის პერსპექტივა 26 მაისს მედიაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების გამოძიების მიზნით, სპეციალური კომისიის შექმნის სურვილმა გააჩინა.
ამ კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაზე განცხადება სწორედ ექვსმა დეპუტატმა დაანონსა – ჯონდი ბაღათურიამ, რომან მარსაგიშვილმა, პეტრე მამრაძემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, თამაზ დიასამიძემ და კარლო კოპალიანმა.
აღნიშნული კომისიის შექმნას, რომელმაც 26 მაისს მომხდარი ინციდენტებიც უნდა გამოიძიოს, ხელს აწერს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი და სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ლეიბორისტი“ დეპუტატებიც.
შესაბამისად, ფრაქციის შექმნისთვის 6 დეპუტატია საჭირო, ამ კომისიის შექმნის სურვილმა კი ექვსი და მეტი დეპუტატიც გააერთიანა. თუმცა, საეჭვოა რომან მარსაგიშვილის პოზიცია, რადგან ის პრესკონფერენციის და კომისიის შექმნის ინიციატორებშიც იყო მოხსენიებული, თუმცა დღეს მისი სახელი და გვარი პარლამენტის ვებ-გვერდზე, ანონსებიდნაც გაქრა და თავადაც, ჟურნალისტებთან სატელოფონო საუბრისას, პრესკონფერენციაში მონაწილეობის და კომისიის შექმნაში მონაწილეობის სურვილიც კი უარყო.
საინტერესოა ის დეტალიც, რომ საპარლამენტო კულუარებში მარსაგიშვილის ამ საქციელს მაჭავარიანის გავლენით ხსნიან.
ცოტა ხნის წინ, ბაღათურია ფრაქციის შექმნისთვის ფარულ კონსულტაციებს თამაზ დიასამიძესთან, პეტრე მამრაძესთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, კარლო კოპალიანთან და რომან მარსაგიშვილთან მართავდა. ხელისუფლებამ კი, ეს რომ გაიგო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარსაგიშვილი საკმაოდ დატუქსეს და იმ ბიზნესების წართმევით დაემუქრნენ, რაც დღეს გააჩნია.
როგორც ჩანს, მან ამის შემდეგ ბაღათურიასთან სიახლოვეზე უარი განაცხადა და დაანონსებულ ბრიფინგზეც კი აღარ გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ რომან მარსაგიშვილი თავისი მერყევი პოზიციით ადრეც გამოირჩეოდა. დაახლოებით ორი წლის წინ, მარსაგისვილმა გიორგი ცაგარეიშვილთან ერთად, პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც განაცხადა, რომ „შეწყალების კომისიას“ ტოვებდა. თუმცა, ბრიფინგის დამთავრების შემდეგ, გაირკვა, რომ მარსაგიშვილი დაიბარეს და კომისიის წევრობაზე უარის თქმა გადააფიქრებინეს. ამის შემდეგ, მარსაგიშვილი რამდენიმე თვის მანძილზე ისევ ამ კომისიის წევრი იყო.
რაც შეეხება გია ცაგარეიშვილს, იგი საერთოდ გამორიცხავს, რომ რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანდეს.
დანარჩენები კი, როგორც ჩანს, ფრაქციის შესაქმნელად მზად არიან, თუკი, რა თქმა უნდა, 6 დეპუტატის შეგროვება მოხერხდება.
როგორც დეპუტატი პეტრე მამრაძე ამბობს, თუ ფრაქციის შექმნის იდეა გაჩნდება, მისი მხრიდან პრობლემა არ იქნება. მეტიც, მამრაძეს არც ფრაქციის თანამდებობები აინტერესებს და არც მისი თავმჯდომარის ვინაობა. მისთვის მთავარი, როგორც თავად ამბობს, „რეალური ოპოზიციური ფრაქციის შექმნაა“.
„თუ იქნება 5 კაცი, მე-6-ე აუცილებლად მე ვიქნები“, – აცხადებს მამრაძე.
ფარქცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი აცხადებს, რომ ახალი ფარქციის შექმნის თეორიული შანსი, ნამდვილად არსებობს თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
მისი თქმით, კომისიის შექმნის საკითხი მნიშვნელოვანი წყალგამყოფი იქნება არა მხოლოდ უმრავლესობასთან, არამედ ოპოზიციის დანარჩენ ნაწილთანაც.
იმ შემთხვევაში, თუ რომან მარსაგიშვილის „გადმობირებას“ დეპუტატთა ეს ჯგუფი კვლავ შეძლებს და შესაბამისად, ფრაქცია „ძლიერ საქართველოს“ ის დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად დატოვებს, ეს უკვე პარლამენტში არა თუ ახალი ფრაქციის შექმნის, არამედ ძველი, „ძლიერი საქართველოს“ და მეტიც, საპარლამენტო უმცირესობის დაშლის პერსპექტივასაც აჩენს. რა თქმა უნდა, თუკი ხელისუფლებამ თორთალაძეს ვინმე არ მოუძებნა, ფრაქცია რომ არ დაეშალოს, როგორც ეს 2009 წელს მოხდა, როდესაც გია ცაგარეიშვილმა მისი ფრაქცია დატოვა.
ჯონდი ბაღათურია კი ჯერჯერობით, მხოლოდ იმას აცხადებს, რომ „ვირტუალურ და თეორიულ შესაძლებლობებზე ლაპარაკი“ ახლა არ სურს.
მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნის ამის შანსი არსებობს, თუმცა, ეს ტექნიკურად რამდენად განხორციელდება, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.